21 აგვისტოს გადაცემა „ალტ-ინტერვიუს“ სტუმარმა თინა თოფურიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული მტკიცება გაავრცელა.

მტკიცება: Pfizer-სა და Moderna-ს თრომბოემბოლიის ეფექტი აღმოაჩნდათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ Pfizer-სა და Moderna-ს თრომბოემბოლიის ეფექტი აღმოაჩნდათ, სიმართლეს არ შეესაბამება. დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დამზადებულ ვაქცინებს თრომბოემბოლია გამოეწვიოს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) ი-რნმ ვაქცინებით აცრილ ადამიანებსა და თრომბის განვითარების რისკის დასადგენად კვლევა ჩაატარა.EMA-ს დასკვნით, თრომბის განვითარების სიხშირე ვაქცინირებულებში უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე არავაქცინირებულ პირებში. შესაბამისად, EMA-მ კონკრეტული მოკვლევით ი-რნმ ვაქცინებსა და თრომბებს შორის უშუალო კავშირი ვერ დაადგინა.

იმავე მოსაზრებას ამერიკის დაავადება კონტროლის და პრევენციის ცენტრიც (CDC) იზიარებს. მან 23 აპრილს განაცხადა, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებსა და თრომბებს შორის კავშირი - 210 მილიონზე მეტი ი-რნმ ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგაც კი, არ დადგენილა.

AAP FactCheck-თან საუბარში, ქვინსლენდის უნივერსიტეტის (University of Queensland) ბიოფარმატევტიის პროფესორმა, ტრენტ მურნომ, ივნისში გამოქვეყნებული კვლევა გაიხსენა, რომლის მიზანი შოტლანდიაში 2.53 მილიონი ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ თრომბის განვითარების სიხშირეზე დაკვირვება იყო. Pfizer-ის ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის კავშირი, არც ამ კვლევამ დაადასტურა.

მტკიცება: ვაქცინებს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიენიჭათ, რადგან ისინი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლეოდნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, რომ ვაქცინებს გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია იმიტომ მიენიჭათ, რომ ისინი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აკმაყოფილებენ, მცდარია.

დღეისთვის არსებულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს (გარდა Pfizer-ისა, რომელსაც 2021 წლის 23 აგვისტოს, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ სრული ავტორიზაცია მიენიჭა), გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვთ მინიჭებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინები უსაფრთხო არ არის. გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ეს არის მექანიზმი, რომელსაც ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოები გადაუდებელ შემთხვევებში იყენებენ, მაგ. პანდემიის პირობებში, რომ ჯერ სრულად დაურეგისტრირებელი ვაქცინის ან სხვა სამკურნალო საშუალების ხელმისაწვდომობას ხელი შეუწყონ, რაც დაავადების სამკურნალოდ ან მისი გავრცელების შესაჩერებლად აუცილებელია. ამგვარი ავტორიზაცია მხოლოდ მაშინ გაიცემა, თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს და კონკრეტული პროდუქტი მარეგულირებლის სტანდარტულ მოთხოვნებს უსაფრთხოების და ეფექტურობის კუთხით აკმაყოფილებს.

მტკიცება: CDC-მ, FDA-მ და EMA-მ აღიარეს, რომ აცრა არ წყვეტს ჯაჭვს, რადგან აცრილი ადამიანი ისეთივე გადამტანია, მის სხეულში ვირუსი ისევე არის წარმოდგენილი, როგორც აუცრელ ადამიანში

ვერდიქტი: მანიპულაცია

სავარაუდოდ, თინათინ თოფურია საუბრისას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) კვლევაზე საუბრობს, რომელიც 30 ივლისს გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც აშშ-ში დომინანტია, უფრო სწრაფად ვრცელდება და სრულად ვაქცინირებული ადამიანები, დელტა ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევაში, ვირუსის გამავრცელებლები ხდებიან. აქამდე მეცნიერებისთვის ცხადი არ იყო, ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი საკმარისი ხარისხით არსებობდა, თუ - არა იმისათვის, რომ ის სხვასაც გადასდებოდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, დელტა ვირუსის შემთხვევაში, იმ ვაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ვირუსით მაინც ინფიცირდებიან, ვირუსის დონე ხახის ცხვირის ნაწილში იმდენივეა, როგორიც ეს არავაქცინირებული ადამიანების შემთხვევაშია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფაუჩი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობას მუდმივად უსვამს ხაზს, რამდენადაც CDC-ის კორონავირუსით ვაქცინირებულ ადამიანთა მხოლოდ მცირე პროცენტული რაოდენობა ინფიცირდება.

ახალი კორონავირუსის თავდაპირველი შტამი პრაქტიკულად აღარ არსებობს. ის თანდათან ვირუსის ისეთმა ვარიანტებმა ჩაანაცვლა, რომლებიც ერთი ორგანიზმიდან მეორეზე უფრო სწრაფად გადადის. ახლა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დომინანტი შტამი SARS-CoV-2-ის „დელტა“ ვარიანტი გახდა. აშშ-ში დაფიქსირებული შემთხვევების 80 პროცენტი სწორედ „დელტაზე“ მოდის, დიდ ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი 99 პროცენტია. მიუხედავად იმისა, რომ ახალ შტამებზე კოვიდვაქცინების ეფექტიანობა შედარებით შემცირებულია, დაავადების მძიმე გართულების, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, რაც შესაბამისი კვლევებით დასტურდება. ამასთანავე, ვაქცინირებულ ადამიანში - როგორც სხვა, ისე დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები ბევრად იშვიათია, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანში. ამის ნათელი მაგალითია, განსხვავება, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში არსებულ ვითარებებს შორის ფიქსირდება. „დელტა“ ვარიანტმა ორივე ქვეყანაში ეპიდემიის აფეთქება გამოიწვია. თუმცა ბრიტანეთში, სადაც, ამერიკასთან შედარებით, მოსახლეობის გაცილებით მაღალი პროცენტია აცრილი, ბევრად ნაკლებ ადამიანს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

მტკიცება: ისრაელის პრემიერი გამოდის და ამბობს, დელტა შტამია და ვერ ვაჩერებთო

ვერდიქტი: მანიპულირება

ისრაელის მონაცემებით მანიპულირება სისტემატურად ხდება. ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ფაიზერის ვაქცინის სიმპტომური კოვიდისგან დაცვის მაჩვენებელი 40.5%-მდე შემცირდა, თუმცა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მაჩვენებელი 88%, ხოლო დაავადების კრიტიკული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან დაცვის მაჩვენებელი 91%-ზე მეტია.

ისრაელის მაგალითზე რომ განვიხილოთ, ინფიცირების შემთხვევები იზრდება, თუმცა კრიტიკული შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, რაც სწორედ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის დამსახურებაა. 23 აგვისტოს მონაცემებით, ისრაელში კორონავირუისის 72 687 აქტიური შემთხვევაა, მათგან მხოლოდ 0.9% (664 შემთხვევაა) კრიტიკული. სიკვდილიანობის მაჩვენებელს რაც შეეხება, გასული 1 კვირაში სიკვდილიანობის საშუალო დღიურმა მაჩვენებელმა ისრაელში 24 შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქტიური შემთხვევების რაოდენობა ისრაელზე უფრო ნაკლებია (56 779 შემთხვევა), სიკვდილიანობის საშუალო დღიური მაჩვენებელი 56-ია.

მტკიცება: რობერტ მელოუნი ვაქცინებთან დაკავშირებულ ADE ფენომენზე საუბრობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მოლეკულური ბიოლოგი რობერტ მელოუნი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგიის (antibody-dependent enhancement (ADE) კავშირზე საუბრობს. ანტისხეულებზე გაძლიერებული იმუნური პასუხის პათოლოგია არის მექანიზმი, რომლის დროსაც ადამიანის სხეულში არსებული ანტისხეულები ვირუსით გამოწვეულ ინფექციას არ ბლოკავს, არამედ ზრდის უჯრედების დაინფიცირების უნარს, რაც უფრო მძიმე დაავადებებს იწვევს.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ვაქცინებზე მუშაობისას გაძლიერებული იმუნური სისტემის პათოლოგიაზე (ADE) ნამდვილად განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ. თუმცა კორონავირუსის კლინიკური კვლევებისა და მისი გამოყენებაში ჩაშვების შემდეგ, ვაქცინების მიერ ამ პათოლოგიის გამოწვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სხვა დეზინფორმაციულ მტკიცებებს, რომლებიც გადაცემაში გაჟღერდა შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიებში:

• ვაქცინები არის ექსპერიმენტული, Moderna-ს კვლევები 2022, ხოლო Pfizer-ის 2023 წელს დასრულდება (ბმული 1, ბმული 2)

ვაქცინები არ არის გამოცდილი უშვილობაზე

ვაქცინირებული ადამიანისგან გადადებული ვირუსი უფრო აგრესიულია

ვაქცინაციის შემდეგ ქალებს 3 თვე კონტრაცეპტივების გამოყენების რეკომენდაციას აძლევენ

ვაქცინის ნივთიერებები გადიან ჰემატოენცეფალურ ბარიერში, კვეთენ ჯებირს სისხლში ხვდებიან და სისხლის ნაკადით გადადიან ნებისმიერ ორგანოში

ბავშვებისთვის კორონავირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს

-------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.