„ევროპულმა საქართველომ“ გორში მერობის კანდიდატად ადგილობრივი ოფისის თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრი, ეთერ ჯალაღანია დაასახელა. ჯალაღანია 2010-2014 წლებში შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო. უფრო ადრე კი 2008-2010წლებში ამავე უწყებაში ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტად მუშაობდა.

მერობის კანდიდატთან ერთად, ევროპული საქართველოს სიის ათეულიც ცნობილია, რომელიც როგორც ჯალაღანია ამბობს, ადგილზე შეადგინეს. სიაში ჯალაღანიას 2 შვილიცაა. ვახტანგ მარწყვიშვილი პირველ ნომრად, თამარ მარწყვიშვილი კი სიაში მე-8 ნომერია. თუმცა პარტიამ ის შინდისის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ჯალაღანია ამბობს, რომ ოჯახური კავშირი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია და ორივე შვილი სიაში საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, პარტიის ადგილობრივი ოფისის გადაწყვეტილებით მოხვდა.

რატომ გადაწყვიტა მერობისთვის ბრძოლა, როგორ ხვდებიან ქალ კანდიდატს გორელი ამომრჩევლები და რა შანსები აქვს გორში მისივე თქმით კონკურენტუნარიან გარემოში გამარჯვებისთვის, ამ და სხვა საკითხებზე „ფაქტ-მეტრის“ შეკითხვებს „ევროპული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატმა, ეთერ ჯალაღანიამ უპასუხა:

პირველ რიგში, გვითხარით, რატომ გადაწყვიტეთ კენჭისყრა, რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი რომ ამ არჩევნებში იყოთ გორის მერობის კანდიდატი?

ალბათ იმიტომ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, რომ ქალი არა მხოლოდ სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს ან ბებია იყოს, არამედ იმიტომ, რომ ქალები ვართ ძლიერები და შეგვიძლია იმის გაკეთება, რასაც მიზნად დავისახავთ. მეორე იმიტომ, რომ გორს ჯერ არ ჰყოლია ქალი მერი, ყველა თანამდებობა კაცებს უკავიათ, შემსრულებელი ქალია, არადა შეგვიძლია ჩვენ პირიქით გავაკეთოთ. ქალები ძალიან ბევრ სამუშაოს ვასრულებთ, ვართ კარგი მენეჯერები, ვინახავთ ოჯახებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის მერია იქნება ეს თუ საკრებულო, უფრო ობიექტურები ვიქნებით ქალები ვიდრე მამაკაცები.

ნდობა როგორია მოსახლეობის მხრიდან ქალი კანდიდატის მხრიდან, ამომრჩევლებისგან რა იგრძნობა შეხვედრების დროს?

ამ მხრივ მოსახლეობისგან მოდის კარგი აურა. რომ მივდივარ და ვეუბნები, რომ მე ვარ გორის მერის კანდიდატი თავიდან არის ხოლმე გაოცებული თვალები. პოლიტიკურად რთულ სიტუაციაში, რომ ქალმა გადაწყვიტა კენჭი იყაროს ამის გამო ძალიან ბევრ გაკვირვებული სახეს ვხედავ ხოლმე და მერე უკვე როცა ვუხსნი, რომ მითუმეტეს არ ვარ „ოცნებიდან“ და მათ მსგავსად მეც მაქვს ცვლილებების სურვილი ქვეყანაში და ამიტომ მინდა გავხდე მერი, მერე მათ მხრიდან პირიქით იგრძნობა რომ ქალის ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ამას პირადადაც მეუბნებიან და აღნიშნავენ ამ სიტუაციაში ჩემ გაბედულ ნაბიჯს. ემიგრანტ ქალებზე დგას დღეს საქართველო და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ქალები რომ არ იყვნენ უფრო რთული ვითარება გვექნებოდა, საქართველო გადაარჩინეს ემიგრანტმა ქალებმა.

ქალბატონო ეთერ, რა პრობლემებს ხედავთ გორში, რასაც საწყის ეტაპზე გადაჭრით თუ გახდებით მერი. თუ იყო რაიმე ისეთი საკითხები, რომლის მოსაგვარებლადაც გადაწყვიტეთ გებრძოლათ მერობისთვის?

იცით, რომ ვიყავი ემიგრაციაში. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ვნახე. პატარა სოფლებიც კი, რასაც ვხედავდი და ვათვალიერებდი იყო მოწესრიგებული, გამწვანებული, გალამაზებული. გული მტკიოდა იმაზე, რომ საქართველო ასეთი ლამაზი ქვეყანა ვართ და არ ვართ მოვლილები. გორში არაფერი არ ინახება, პირიქით ყველაფერი ფუჭდება. ერთი და იგივე საქმისთვის თანხებს ათჯერ ხარჯავენ და მაინც ვერ გვარდება პრობლემა. არ ხდება ისე, რომ გაკეთდეს ერთხელ და ხარისხიანად და ის დანაზოგი თანხა მოხმარდეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას და ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას.

ამჟამინდელი გორის მერი ფიქრობთ, რომ მუნიციპალიტეტის საჭიროებებს ვერ ხედავს ან მათ მოგვარებას თავს ვერ ართმევს? ზოგადად როგორ შეაფასებთ მის მუშაობას?

ამჟამინდელი მერის მუშაობა ნამდვილად არ მომწონს, რადგან ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება ვერ შეძლო და ჩაუვარდა. ამის გამო დასჯილი მე ვერავინ ვერ ვნახე.

რომელ პროექტებს გულისხმობთ თუ შეგიძლიათ, რომ დააკონკრეტოთ?

მაგალითად ავიღოთ ატენის ხეობა, სადაც არც წყალია, არც გაზია, არ გზა არ არის. არადა რამდენჯერ გაკეთდა ერთი და იგივე პროექტი ამ სოფლისთვის. ავიღოთ ქვახვრელის საბავშვო ბაღი, რომელიც უნდა გაკეთებულიყო, სკვერი ასევე რომელიც დღემდე არ არის გაკეთებული. ორი კონტრაქტორი შეიცვალა ერთმანეთს აბრალებდნენ და რეალურად, საქმე არ გაკეთებულა, მაშინ როდესაც აქ გაურკვეველი რაოდენობის თანხა დაიხარჯა. მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ სკვერი მოკლე ხანში ექნებოდათ, მაგრამ ამ დრომდე მიგდებულია ეს ადგილი.

თუ თქვენ გახდით გორის მერი, რას შეცლით აღმასრულებელი ორგანოს მუშაობაში?

მე თუ გავხდი გორის მერი ვპირდები ყველას, რომ არ იქნება ნეპოტიზმი, გაბერილია შტატები, ვერავის ვერაფერს ვერ ეუბნებიან იმიტომ, რომ ერთმანეთის ნათესავები არიან, 41-ის შემომხაზველია, ბევრი ხალხის მომყვანია და ა.შ. ამაზე არ უნდა იდგეს არც მერია და არც სახელმწიფო, არამედ უნდა იდგეს გამოცდილ კადრებზე. პირველ რიგში სწორედ გამოცდილ კადრებს მოვიძიებ თუ გავიმარჯვე და ყველა იმ ადამიანთან დავიწყებდი მუშაობას, ვისაც ჩვენი ქალაქის ბედი აწუხებს და ნამდვილად ექნება სათანადო კვალიფიკაცია ამა თუ იმ პოზიციაზე მუშაობისთვის. თვითმმართველობა გორში დამოუკიდებელი საერთოდ არ არის და ერთმანეთზე არიან აწყობილები. კარგად არიან შეთავსებულები და ზუსტად ამაზე მტკივა გული.

პარტიულ სიაზე მინდა გკითხოთ, სიის ათეულის შემადგენლობა უკვე გაასაჯაროვეთ და ვიდრე მათ შესახებ ვისაუბრებთ, მაინტერესებს ამ პროცესში ცენტრალურ ოფისს რა როლი ჰქონდა.

რა თქმა უნდა ჯერ ადგილზე მოვიწვიეთ კრება. ჩვენს აქტივისტებთან ერთად განვიხილეთ თითოეული კანდიდატურა და ისე მოხდა შეთანხმება. სწორედ ამ პროცესის შემდეგ მათი სახელები და გვარები ვინც სიაშია გადავეცით თბილისს, ჩვენს ცენტრალურ ოფისს. ასეთ საკითხებში თბილისი არ ერევა. ანუ ჩვენმა რეგიონულმა ოფისმა გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ საკრებულოს წევრობის კანდიდატები.

ქალბატონო ეთერ, თქვენ ხართ ევროპული საქართველოს გორის ოფისის თავმჯდომარე, ხართ მერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი არის თქვენი შვილი, ვახტანგ მარწყვიშვილი. ასევე კიდევ ერთი შვილი, თამარ მარწყვიშვილი ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დაასახელეთ კანდიდატად და ასევე არის სიის ათეულშიც, აქედან გამომდინარე ვისმენთ ხშირად თქვენი ოპონენტების კრიტიკას რომ პარტიის საქმიანობაში გორის ოფისში ძირითადად ოჯახის წევრები გყავთ ჩართული რას უპასუხებთ მათ ასეთ შეფასებას?

კი ბატონო გიდასტურებთ რომ ჩემი შვილი ვახტანგ მარწყვიშვილი სპეციალურად ჩავსვი პირველ ნომრად, რადგან ბავშვი, რომელიც იყო წასული საფრანგეთში, ისწავლა და ჩამოვიდა იმის გამო, რომ ეს ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოახმაროს და თავის თანატოლებს გაუზიაროს ის თავის გამოცდილება. ამით მე მინდა ყველა ემიგრანტს დავანახო, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ, რომ თურმე აქაც შეიძლება რაღაცის კეთება და აუცილებელი არ არის, რომ ვირაც გყავდეს. აქვე განვმარტავ, რომ სიის პირველი ნომერი რადგან არის, ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ჩემი შვილია. ვინც მას გაესაუბრება,ამაში მაშინვე დარწმუნდება. არის უაზროდ განათლებული, ნაკითხი ადამიანია. მე და ვახტანგი სულ ვკამათობთ სახლშიც, გარეთ, რადგან არის საკითხები რაზეც სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. რატომაც არა, როცა ასეთი კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდები არიან უნდა მივცეთ გზა, რადგან მომავალში ბევრი გააკეთონ საკუთარი ქალაქისთვის.

მეორე შვილი, თამარ მარწყვიშვილი, რომელიც 6 თვის წინ დაბრუნდა ემიგრაციიდან, აქტიურად ჩაება პარტიულ საქმიანობაში, ის იქნება შინდისის მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩემი მამამთილი იყო შინდისიდან. მისი დედაც იქიდან იყო და რატომღაც თამარმა ეს ოლქი აირჩია. შეეძლო ქალაქშიც ეყარა კენჭი, მაგრამ შინდისი აირჩია, თვითონ მარსელში ცხოვრობდა, მას ვერ დაამსგავსებს, მაგრამ სურს, რომ შინდისის გავითარებაში შეიტანოს საკუთარი წვლილი. მჯერა, რომ ბევრს იბრძოლებს იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებმა გოგონებმა და ქალებმა თავი კომფორტულად იგძნონ.

იყო მოლოდინი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გორში ერთ კანდიდატზე შეთანხმდებოდა, რატომ ვერ იქნა კონსენსუსი ამ საკითხზე მიღწეული თქვენი ინფორმაციით?

რამდენადაც ვიცი მიდიოდა კონსულტაციები, მაგრამ ვერ მოხდა შეთანხმება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რატომღაც მათ ეს არ ისურვეს და ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა ცალკე დაესახელებინა კანდიდატები, ჩემი არჩევანიც ეს იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ უნდა ებრძოლა ცალკეულ კანდიდატებთან ერთად. დანარჩენი უკვე ხალხის გადასაწყვეტია.

ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტებად. ვიცით, რომ მმართველი გუნდიდან კენჭს იყრის, ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი, გახარიას გუნდიდან ყოფილი ძალოვანი კოტე ანანიაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გორის ყოფილი გამგებელი, ვასილ მახარაშვილი რა შანსები გაქვთ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში?

ყველა კონკურენტუნარიანია და ყველას მივიჩნევ ოპონენტად. საბოლოოდ არავინ არ ვიცით, ამომრჩეველი კაბინაში რომ შევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვის შემოხაზავს, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გორს ყველა ღირსეული კანდიდატი ჰყავს და ყველაზე კონკურენტუნარიანი გარემო გორშია.

გახარიას გუნდის ცალკე პარტიად ჩამოყალიბებაზე რას ფიქრობთ? გორში ხოჯევანიშვილის კავშირებიდან გამომდინარე საჯარო მოხელეებმა ა(ა)იპ-ებში დასაქმებულმა პირებმა დატოვეს თანამდებობები და ღიად განაცხადეს ახალ გუნდში გაერთიანების შესახებ, არსებობს მოსაზრება, რომ „ოცნების“ ამომრჩევლის ხმებს წაიღებს ეს პარტია, მთელი ეს პროცესი თქვენთვის რისი მანიშნებელია?

მეც ვეთანხმები გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ეს პარტია არის „ოცნება 2“ . მე მხოლოდ მაშინ აღვიქვამ გიორგი გახარიას გუნდს ოპოზიციად, როდესაც ის გამოვა და იტყვის ღიად გავრილოვის ღამეს რა მოხდა. რეალურად სცენარი შემდეგია. „ქართული ოცნება“ იშლებოდა.რასაც თავად ბატონი ბიძინა ივანიშვილიც დიდი ხნის წინ მიხვდა. შიდა კლანური დაპირისპირება დაინახა, ბოლომდე რომ არ დაქცეულიყო მისი პარტია ამ დაპირისპირებების შედეგად, მოიგონა „გახარიას გუნდი“. ყველასთვის ნათელია, რომ თანდათან ამ ახალ პარტიას უერთდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებიც.

თუ გახდით გორის მერი მოგიწევთ მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ურთიერთობა, როგორ წარმოგიდგენიათ ეს?

სიმართლე გითხრათ ძალიან რთულად წარმომიდგენია. რომ არ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ის ვერ გახდებოდა მაჟორიტარი. ასახელებენ რაღაც კვლევებს გახარიასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მისი რეიტინგი გაიზარდა, მაგრამ ჩემ გარშემო მყოფებთან, ჩემთან მაგალითად არავინ არ მოსულა და აზრი არ უკითხავს. ამიტომ ასეთი გუნდის წარმომადგენლებთან მე პირადად ვერ მექნება ეფექტური ურთიერთობა.

დასასრულს, რომ შევაჯამოთ, რა ბარიერების გადალახვა მოუწევს გორის ახალ მერს ადგილზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე და საზოგადოების რა მოთხოვნებს უნდა უპასუხოს ახლად არჩეულმა მერმა?

თვითონ სიტყვა გვეუბნება „არჩეული მერი“. ის უნდა გამოვიდეს ქუჩაში, კარდაკარ უნდა იაროს და ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე უნდა ესაუბროს. არა ისე, რომ მიღების საათი არ აქვს ამ წუთში ჩვენს ქალაქის მერს და უკან აბრუნებდეს მოსახლეობას. უშუალო კონტაქტია აუცილებელი. ძალიან ბევრი ფეხით უნდა იაროს, იმისთვის რომ ქუჩაში არსებული პრობლემები უკეთესად დაინახოს. მე ამ ყველაფრისთვის მზად ვარ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი