ანა წითლიძე: ფოთში, ჩინურ კომპანიას, სადაც თქვენც მუშაობდით [პრემიერი], ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეს ვალდებულება შესრულებული არ არის
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ანა წითლიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.
რეზიუმე: ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2009 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადა 99 წლით განისაზღვრა. თიზ-ის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო. 2016 წელს არაბულმა ინვესტორმა „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა. „რაკიამ“ თიზ-ის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რისთვისაც პირგასამტეხლო დაეკისრა, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზ-ის საკონტროლო პაკეტი - 85%, სახელმწიფოს გადასცა.
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია China Energy Company Limited (CEFC)-თან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კომპანიას ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვის უფლება გადასცა. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კონგლომერატს CEFC-ს 24 589 000 ლარად გადაეცა. ამავე ხელშეკრულებით, კომპანიას 50 მლნ დოლარის ინვესტიცია, არაუგვიანეს 2020 წლის დეკემბრისა, უნდა განეხორციელებინა, ხოლო დამატებით 100 მლნ დოლარის ინვესტიცია - 2028 წლამდე.
ფოთის ინდუსტრიული ზონის 2019 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წლის და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფს და კომპანიას კაპიტალური ან სხვა სახის ვალდებულებები არ უფიქსირდებათ. სხვა კონკრეტული მითითება განხორციელებულ ინვესტიციაზე, დოკუმენტში არ გვხვდება. ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, 2020 წლის ბოლოს კომპანიას 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელებული ჰქონდა, თუ - არა.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს , რომ კომპანია China Energy Company Limited, უცხოურ პრესაზე დაყრდნობით, ფინანსურ მაქინაციებშია გარეული და მისი ქონება დაბლოკილია.
რაც შეეხება პრემიერის კავშირს აღნიშნულ კომპანიასთან, ირაკლი ღარიბაშვილი შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე 2018-2019 წლებში მუშაობდა. 2018 წლის ივლისიდან სწორედ აღნიშნულ კომპანიას გადაეცა China Energy Company Limited-ის წილის მართვის უფლება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ და მხოლოდ ანალიზით შემოვიფარგლებით.
ანალიზი
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტის სხდომაზე ფოთის ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „როგორც ცნობილია, ფოთში 2017 წელს შეიცვალა კომპანია და არაბების ნაცვლად მანდ არის ის ჩინური კომპანია, რომელშიც თქვენ მუშაობით, როცა პრემიერობიდან გადაგაყენეს. ვალდებულების მიხედვით, ამ კომპანიას 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, თუმცა ეს ვალდებულება შესრულებული არაა“.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები მოქმედებს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს ტერიტორიის ნაწილია განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის გარკვეული ვადით გამოიყოფა და მის ფარგლებში პირები სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს ექვემდებარებიან. ის შეიძლება ნებისმიერ ტერიტორიაზე შეიქმნას, რომლის ფართობი 10 ჰექტარს აღემატება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებები არ ვრცელდება.
თავისუფალი ინდუსტრიულ ზონა შეიძლება შეიქმნას მთავრობის ინიციატივით ან ფიზიკური ან იურიდიული პირის - ორგანიზატორის მოთხოვნით. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანგარიშსწორება ნებისმიერი ვალუტით ხორციელდება.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2009 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადა 99 წლით განისაზღვრა. ფოთის თიზ-ი ნავსადგურის ყოფილი ექსტენსიური განვითარების ზონის ტერიტორიაზე, 3000 ჰა-ზე არის შექმნილი. თიზ-ის ორგანიზატორი არაბული კომპანია „რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ იყო, რომელიც ასევე ფოთის პორტს ფლობდა, რომლის 80%-იანი წილი 2011 წელს გაასხვისა - კომპანია „APM Termnilas“-ს მიჰყიდა.
2016 წელს არაბულმა ინვესტორმა „რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა. ამის მიზეზად შეუსრულებელი ვალდებულებები დასახელდა. „რაკიამ“ თიზ-ის განვითარებისთვის ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რისთვისაც პირგასამტეხლო დაეკისრა, რომლის ჩამოწერის სანაცვლოდ ინვესტორმა თიზ-ის საკონტროლო პაკეტი - 85%, სახელმწიფოს გადასცა.
2017 წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანია China Energy Company Limited (CEFC)-თან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც კომპანიას ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვის უფლება გადასცა. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილი ჩინურ კონგლომერატს CEFC-ს 24 589 000 ლარად გადაეცა. თიზ-ის 15%-იან წილს რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანო ფლობს, 10% კი, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის.
2017 წელს, შპს „CEFC“ (ევრაზიული) და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული - კომპანიაში 75% წილის ნასყიდობის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების თანახმად, მშობელი კომპანია ან ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას საქართველოს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეწევა, ვალდებულია, სულ მცირე 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 2020 წლის დეკემბრამდე, დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია კი 2028 წლის დეკემბრის ჩათვლით განახორციელოს.
2018 წლის ივლისიდან CEFC-მა თავისი წილის მართვა Euro-Asian Management Group-ს გადასცა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილია.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 2019 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2019 წელს კომპანიის შემოსავალი 4 408 000 ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 21.4%-ით არის გაზრდილი (2018 წელს შემოსავალმა 3 467 000 ლარი შეადგინა).
მთლიანობაში, 2019 წლის განმავლობაში, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წმინდა მოგებამ 289 000 ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან (448 000 ლარი) შედარებით 35.5%-ით არის შემცირებული. აღნიშნულ წელს თავისუფალი ეკონომიკური ზონის აქტივების ჯამური მოცულობა 13 005 000 ლარი იყო.
რაც შეეხება კომპანიის საინვესტიციო ვალდებულების შესრულებას, როგორც აღვნიშნეთ, CEFC-ს 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია 2020 წლის დეკემბრამდე უნდა განეხორციელებინა. კომპანიის 2019 წლის აუდიტის ანგარიშგების დოკუმენტში მითითებულია, რომ 2019 წლის და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფს და კომპანიას კაპიტალური ან სხვა სახის ვალდებულებები არ უფიქსირდებათ. სხვა კონკრეტული მითითება განხორციელებულ ინვესტიციაზე, დოკუმენტში არ გვხვდება. ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი, არც სხვა ღია წყაროებში იძებნება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, 2020 წლის ბოლოს კომპანიას 50 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელებული ჰქონდა, თუ - არა. შესაბამისად, განცხადებას ვერდიქტით ვერ შევაფასებთ.
China Energy Company Limited (CEFC)
CEFC-ი ჩინეთში 2002 წელს დაფუძნდა და მისი ყოველწლიური შემოსავალი მილიარდობით დოლარს შეადგენდა. მხოლოდ 2014 წელს კომპანიამ 35 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. შემოსავალი ძირითადად ნავთობისა და გაზის ვაჭრობითა და ფინანსური მომსახურებით მიიღო, თუმცა ასევე სხვა სექტორებში მუშაობდა, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სატყეო მეურნეობა, სასტუმროების მართვა და სხვა.
2017 წელს კომპანიამ გამოაცხადა, რომ რუსული გიგანტური ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ 14%-ს 9 მილიარდ აშშ დოლარად ყიდულობდა.
ამის შემდეგ, კომპანია არაერთ სკანდალში გაეხვა. 2017 წლის ნოემბერში CEFC-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პატრიკ ჰო ნიუ-იორკში, მის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ქსელისა და კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს.
CNN-ის სტატიის მიხედვით, ჰო არ არის კომპანიის ერთადერთი ხელმძღვანელი რომელიც პატიმრობაში იმყოფება. კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბატონი იუ ჟიანმინგი ( რომელიც საქართველოშიც იმყოფებოდა) 2017 წელს გაუჩინარდა და მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ბატონი იუ გაუხმაურებელი მიზეზების გამო, გამოძიების ინტერესს წარმოადგენს და სავარაუდოდ, პატიმრობაშია.
CEFC-ის ირგვლივ შექმნილ სკანდალზე არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეაც“ წერდა. მათი ინფორმაციით, 2018 წლის 27 მარტს Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ „პრობლემებში მყოფი ჩინური კონგლომერატის“ მთელი ქონება დაბლოკილი, მისი თავმჯდომარე სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, ხოლო თავად კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში გადასვლის მოლოდინშია. 14 მარტს ნიუ იორკ თაიმსი კი იუწყებოდა რომ სახელმწიფოს კუთვნილმა ჩინურმა კონგლომერატმა, Citic-მა CEFC-ის საერთაშორისო ქონება გადაიბარა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის კანდიდატად მეორედ წარდგენისას განცხადებაც გაავრცელა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის CEFC-თან კავშირზე მიუთითებდა. ორგანიზაცია განცხადებაში ჩინური კომპანიის ფინანსურ პრობლემებზე აპელირებდა.
„საქართველო დღეს იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და მათ შორის, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ხაზი, სწორედ საქართველოში ჩინურ-რუსულ ინტერესებზე გადის. დღემდე კომპანია CEFC საკუთრებაში რჩება ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%. მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩინური კომპანია გაკოტრებულია, ვალდებულებები არ შეუსრულებია და კრედიტორების გასტუმრების პროცესში იმყოფება, დღემდე საქართველოს ხელისუფლებას საკუთრების დაბრუნების პროცესი არ დაუწყია. პრობლემა კი ყოველდღიურად იზრდება, ვინაიდან ფოთის სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფო ბანკის საკუთრება შეიძლება გახდეს, იმ ბანკის, რომლის წინაშეც უზარმაზარი დავალიანება აქვს ჩინურ კომპანიას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი და China Energy Company Limited (CEFC)
რაც შეეხება პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისა და China Energy Company Limited (CEFC) კავშირს, 2018 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი Euro-Asian Management Group-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ის კომპანიაა, რომელსაც ფოთის თიზ-ის წილის მართვის უფლება ჩინურმა კომპანიამ გადასცა.
ღარიბაშვილის 2019 და 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შპს ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობისას 2018 წელს მან ანაზღაურების სახით 169 926 ლარი მიიღო, 2019 წელს კი მისმა თანამდებობრივმა სარგომ - შვიდი თვის განმავლობაში - 240 776 ლარი შეადგინა.
განხილული მასალიდან გამომდინარე, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.