იტვირთება

ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლიდან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კმ მაგისტრალური გზა. წინა ხელისუფლების დროს აშენდა მხოლოდ 68 კმ გზა

ვერდიქტი: პრემიერ-მინისტრის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან. 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტობანზე უფრო მეტი სიგრძის გზის მონაკვეთი აშენდა, ვიდრე წინა ხელისუფლების პირობებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ავტობანის 42 კილომეტრ გზაზე მშენებლობა 2012 წლამდე იყო დაწყებული, რამაც ავტობანის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ასევე, ავტობანის გზის რამდენიმე მონაკვეთის მშენებლობის ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, ყველაზე რთული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მონაკვეთი კი 6 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა. მთლიანად ავტობანის დასრულების ვადამაც გადაიწია და 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა:„2012 წლიდან დღემდე ჩვენ ავაშენეთ 151 კმ მაგისტრალური გზა. შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს 2007-2012 წლებში, აშენდა მხოლოდ 68 კმ გზა“. (ვიდეო)

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო და ის E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია. 2007 წლიდან (2006 წელი გათვალისწინებული არ არის, რადგან ამ წელს მაგისტრალის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. კერძოდ, თანხების მოძიება, კერძო ნაკვეთების მოსახლეობისგან გამოსყიდვის პროცესი) დღემდე მოძრაობა ავტობანის 266.5 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2007-2012 წლებში მოძრაობა ავტომაგისტრალის 68.15 კილომეტრზე, 2013 წლიდან დღემდე კი, 198 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მართლაც უფრო ნაკლები სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აშენდა, ვიდრე ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2018 წლებში ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე დასრულებული მონაკვეთების ნაწილის მშენებლობა 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, რამაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი. კერძოდ, 2012 წლამდე დაწყებული იყო სვენეთი-რუისის გზის (ლოტი II, III - 9.8 კმ), ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის ქუთაისის შემოვლითი გზის (17.5 კმ), ქობულეთის შემოვლითი გზის (12 კმ) მშენებლობა და ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე უკვე არსებული ორზოლიანი გზის 4-ზოლიანამდე გაფართოება (3 კმ). ამდენად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 42.3 კმ გზაზე მშენებლობა უკვე მიმდინარეობდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის სახელშეკრულებო ვადები შეიცვალა და გარკვეული დროით გადაიწია. კონკრეტულად, სამტრედია გრიგოლეთის გზის მონაკვეთის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ექვსი წლის მანძილზე მისი დასრულება ვერ მოხერხდა (იხილე: სტატია). შეიცვალა ავტომაგისტრალის მთლიანად დასრულების ვადაც, დაანონსებული 2020 წლის ნაცვლად 2024 წლამდე გახანგრძლივდა.

2016 წლის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ შესრულდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოფიციალური წყაროების მიხედვით, ავტომაგისტრალის დასრულების ვადამ 2024 წლამდე გადაიწია.

პრემიერი ავტობანზე დაგებული გზის სიგრძეს, „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, უზუსტოდ ასახელებს. პრემიერის ანგარიშზე მომუშავე ჯგუფს მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის სასარგებლო სტატისტიკური მონაცემები მაინც პრემიერს ზუსტად მიაწოდონ.

ავტობანის საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ წლების განმავლობაში მუშაობს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია 1, სტატია 2, სტატია 3.

იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც აღვნიშნეთ, „ქართული ოცნების“ პერიოდში დამთავრებული ავტობანის მონაკვეთების სიგრძეს პრემიერი უზუსტოდ ასახელებს და აგრეთვე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ავტობანის 42 კილომეტრზე მშენებლობა უკვე დაწყებული იყო, რამაც ავტობანის მშენებლობის ტემპის დაჩქარებას შეუწყო ხელი, პრემიერის განცხადებას ვაფასებთ, როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3306 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი