ხატია დეკანოიძე: ერთხელ არ გიხსენებიათ ბატონო მინისტრო, რომ მაგალითად, ერთ სულზე შემოსავალი დოლარში საქართველოში იგივეა, რაც 2013 წელს იყო, ანუ პრაქტიკულად უკან მივდივართ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ხატია დეკანოიძის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს
რეზიუმე:
ხშირად, პოლიტიკოსები სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემების დინამიკაზე მსჯელობისას, დოლარში გადაყვანილ მონაცემებს იყენებენ, რაც ,ძირითად შემთხვევებში, მანიპულაციურ მიდგომას წარმოადგენს. დინამიკის განსახილველად, ეკონომიკურად მართებული მიდგომაა რეალური მაჩვენებლების გამოყენება, რაც ინფლაციას გამორიცხავს, რადგან მოსახლეობის ხარჯები ძირითადად ლარშია გამოსახული და ინფლაცია, თავის მხრივ, ლარის კურსის გაუფასურების ეფექტსაც მოიცავს. მოცემულ შემთხვევაშიც, სავარაუდოა, პოლიტიკოსი მშპ-ს დოლარში გამოსახულ მაჩვენებლებს გულისხმობდეს, რაც მანიპულაციური მიდგომაა. თუმცა 2020 წლისთვის, მოსახლეობის/შინამეურნეობების რეალური შემოსავლები [არა მშპ ერთ სულზე], 2013 წელთან შედარებით, მართლაც შემცირებულია. შესაბამისად, პოლიტიკოსის განცხადების ნაწილი, რომელიც მოიცავს მითითებას შემოსავლების კლებაზე, სიმართლეს შეესაბამება. 2020 წლისთვის, აღნიშნული კლება 2013 წელთან შედარებით, გარკვეულწილად კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან იყო დაკავშირებული.
შინამეურნეობების შემოსავლების რეალური მაჩვენებლები, 2012-2020 წლებშიც, მუდმივი ზრდის ტენდენციით არ ხასიათდებოდა, რადგანაც რიგ შემთხვევებში, ინფლაციის ზრდა შემოსავლების ზრდას აჭარბებდა. თავისთავად, ის ფაქტი, რომ 2020 წლის კრიზისის შედეგად, მოსახლეობის შემოსავლების დონე 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი იყო, შემოსავლების ზრდის დაბალ და არადამაკმაყოფილებელ ზოგად ტენდენციაზე მიუთითებს, რაც სიღარიბის აღმოფხვრის მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ერთი მხრივ, პოლიტიკოსი შემოსავლების დოლარში დათვლის მანიპულაციურ მიდგომას იყენებს და სავარაუდოდ, ერთ სულზე გადაანგარიშებულ მშპ-ს გულისხმობს. მეორე მხრივ, აქცენტს „შემოსავლებზე“ აკეთებს, რომლის შემცირების შესახებ მტკიცებაც - უშუალოდ შინამეურნეობების მიერ მიღებული რეალური შემოსავლების ნაწილში, რეალობას შეესაბამება და კონტექსტი სწორია. შესაბამისად, განცხადების შინაარსს „ფაქტ-მეტრის“ არცერთი ვერდიქტი არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ და მხოლოდ ანალიზით შემოვიფარგლებით.
ანალიზი:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ, პარლამენტში, ფინანსთა მინისტრს შემდეგი განცხადებით მიმართა: „ერთხელ არ გიხსენებიათ ბატონო მინისტრო, რომ მაგალითად, ერთ სულზე შემოსავალი დოლარში საქართველოში იგივეა, რაც 2013 წელს იყო, ანუ პრაქტიკულად უკან მივდივართ“.
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ეკონომიკური მონაცემების დინამიკაზე მსჯელობისას, ხშირად, პოლიტიკოსები დოლარში გადაყვანილ მონაცემებს იყენებენ, რაც ძირითადად შემთხვევებში მანიპულაციურ მიდგომას წარმოადგენს. ზოგადად, ლარის ეროვნული ვალუტის კურსის შემცირებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები აქვს. მათ შორის, იმატებს სესხის მომსახურების წნეხი იმ პირთათვის, ვისაც შემოსავლი ლარში, ხოლო ვალდებულები უცხოურ ვალუტაში აქვს, აძვირებს იმპორტის ნაწილს, მოგზაურობას უცხოეთში და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლების დინამიკის განხილვისას, დოლარში კონვერტაცია მაინც არასწორია, ვინაიდან საქართველოში ანგარიშსწორების ერთეულს ლარი წარმოადგენს, მოსახლეობის ხარჯებიც ძირითადად ლარშია დენომინირებული. ამასთან, კურსის ცვლილებით გამოწვეულ ფასების დონის ზრდას ინფლაციის მაჩვენებელი საკუთარ თავში უკვე მოიცავს. შესაბამისად, რეალური სურათის/მონაცემის მისაღებად მაჩვენებლები დოლარში კი არ უნდა გაიზომოს, არამედ ინფლაციის მაჩვენებელზე უნდა დაკორექტირდეს.
ხშირად, ზემოთ აღნიშნულ კონტექსტში, პოლიტიკოსებს მშპ-ს სტატისტიკა მოყავთ. 2013 წელს, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 7691 ლარს შეადგენდა, დოლარში კი მაჩვენებელი 4623 აშშ დოლარს უტოლდებოდა. 2020 წლისთვის, ნომინალური მშპ ერთ სულზე 13 292 ლარს და 4 274 აშშ დოლარს გაუტოლდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მშპ-ს შემთხვევაში, უნდა განვიხილოთ რეალური მშპ, რომელიც 2020 წელს, 2013 წელთან შედარებით 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წელს, ზრდა 2013 წელთან შედარებით 27.6%-ს შეადგენდა.
უშუალოდ, შემოსავლებზე მსჯელობისას, განსახილველია შინამეურნეობების შემოსავლების სტატისტიკა, [1] რომელსაც საქართველოს სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს. მოსახლეობის ნომინალური და რეალური საშუალო თვიური შემოსავლების სტატისტიკა წარმოდგენილია ცხრილ 1-ში. 2013 წელს, მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 933 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1.2 მლრდ ლარს მიუახლოვდა. თუმცა, ინფლაციის გათვალისწინებით (2012 წლის ფასებში), 2020 წელს, 2013 წელთან შედარებით, შემოსავლების კლება დაფიქსირდა როგორც მოსახლეობის მთლიან საშუალო თვიურ შემოსავლებში, ისევე შინამეურნეობების საშუალო თვიურ შემოსავლებშიც და ერთ სულზე შემოსავლებშიც. შესაბამისად, პოლიტიკოსის განცხადების ნაწილი, სადაც ის შემოსავლების კლებაზე მიუთითებს, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა, 2020 წლისთვის, აღნიშნული კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან იყო დაკავშირებული და არა ლარის დოლართან მიმართებით გაუფასურებასთან.
ცხრილი 1: მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები 2012-2020 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შინამეურნეობების შემოსავლების რეალური მაჩვენებლები, 2012-2020 წლებში, მუდმივი ზრდის ტენდენციით არ ხასიათდებოდა, რადგანაც რიგ შემთხვევებში, ინფლაციის ზრდა შემოსავლების ზრდას აჭარბებდა. თავისთავად, ის ფაქტი, რომ 2020 წლის კრიზისის შედეგად, მოსახლეობის შემოსავლების დონე 2013 წლის მაჩვენებელზე დაბალი იყო, მიუთითებს შემოსავლების ზრდის დაბალ და არადამაკმაყოფილებელ ზოგად ტენდენციაზე, რაც სიღარიბის აღმოფხვრის მხრივ, ბუნებრივია, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
[1] შინამეურნეობის შემოსავლების სტატისტიკა მოიცავს ფულად (ხელფასი, საჩუქარი, ფულადი გზავნილები, პენსიები, შემოსავლები გაქირავებიდან და ა.შ) და არაფულად (ქონების გაყიდვა, ფულის სესხება, დანაზოგის გამოყენება) შემოსავლებს.