ტელეკომპანია „ობიექტივში“ ანტივაქსერული და დეზინფორმაციული გზავნილები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

10 ივლისს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში გასული გადაცემის - „განათლების რეფორმების კვალდაკვალ“ ჩანაწერი გავრცელდა. მანანა ნიკოლაიშვილის საავტორო გადაცემაში სტუმრად გიორგი ლილუაშვილი იყო მიწვეული. ლილუაშვილი გადაცემაში სამხედრო ექიმისა და იურისტის სტატუსით იყო წარდგენილი. მან გადაცემაში მორიგი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული მტკიცებები გააჟღერა. თავად გადაცემის წამყვანმა კი პანდემიასა და ვაქცინაციის პროცესს მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე „მაფიოზურ-კლანური პროცესები“ უწოდა. როგორც გადაცემის წამყვანის, ისე სტუმრის მხრიდან გაჟღერებული ანტივაქსერული, დეზინფორმაციული მოწოდებები ვაქცინაციის პროცესის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

მტკიცება: აუცრელი ადამიანი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს, აუცრელი ადამიანები არანაირ პრობლემას არ წარმოადგენენ, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც უფრო მაღალია საზოგადოებაში აუცრელ ადამიანთა ხვედრითი წილი, მით უფრო მეტი შანსი არსებობს ვირუსის გავრცელების, ახალი ვარიანტების წარმოქმნის და შესაბამისად, პანდემიის დასრულება უფრო რთულად მიღწევადი ხდება. ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების განყოფილების პროფესორმა, უილიამ შაფნერმა CNN-თან განაცხადა: „არავაქცინირებული ადამიანები ვირუსის ახალი ვარიანტების პოტენციური ქარხნები, მწარმოებლები არიან“. შაფნერის თქმით, რაც უფრო მეტი არავაქცინირებული ადამიანია, ვირუსის გამრავლების შანსი მით უფრო მეტია. იმისთვის, რომ ვირუსის ახალი ვარიანტები წარმოიქმნას, ვირუსმა რეპლიკაცია უნდა განიცადოს. ყველა არავაქცინირებული ადამიანი კი ვირუსის რეპლიკაციის პოტენციური ხელშემწყობია.

ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ზოგიერთმა ვაქცინამ საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აჩვენა, ვაქცინები ინდივიდს დაინფიცირებისგან 100%-ით მაინც არ იცავს. შესაბამისად, არსებობს ძალიან მცირე შანსი იმისა, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაინც დაავადდეს კორონავირუსით. ასე, რომ აუცრელი ადამიანები, რომლებიც ბუნებრივია, დაინფიცირების მაღალი რისკის წინაშე დგანან, საფრთხეს წარმოადგენენ არა მხოლოდ სხვა აუცრელებისთვის, არამედ ვაქცინირებულებისთვისაც.

სწორედ ამიტომ, პანდემიის შეჩერების ერთადერთი რეალური გზა მასობრივი ვაქცინაციაა. მოსახლეობის ვაქცინაცია ინფექციის გადადების ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელია. ზოგადად, პანდემიასთან გასამკლავებლად „ჯოგურ იმუნიტეტად“ ცნობილი „პოპულაციური იმუნიტეტია“ საჭირო. მსგავსი იმუნიტეტი მასობრივი იმუნიზაციით ან ინფექციის გადატანით გამომუშავდება. თუმცა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (ჯანმო) ვაქცინაციით გამომუშავებულ პოპულაციურ იმუნიტეტს უჭერს მხარს, რადგან ამ დროს მასობრივი სიკვდილიანობა თავიდან იქნება აცილებული.

ჰარვარდის იმუნოლოგთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი უფრო ინფექციური ვარიანტები დაფიქსირდა, პანდემიის დასრულებისთვის ამჟამად არსებული ვაქცინები მათ წინააღმდეგ საკმარისად ეფექტურად ითვლება.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა გალიტ ალტერმა განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ ვაქცინების ეფექტურობა 95%-დან 70%-მდე დაეცემა, ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების შესაძლებლობა მაინც რჩება, რასაც პანდემიის დასრულება შეუძლია. ალტერის თანახმად, ვაქცინებით გამომუშავებულ იმუნიტეტს შეუძლია, პოპულაციაში ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეამციროს. ადრეული კვლევები ცხადყოფს, რომ მაღალი ეფექტურობის მაჩვენებლის მქონე ვაქცინების შემთხვევაში პოპულაციური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მსოფლიო მოსახლეობის 50%-60% უნდა იყოს ვაქცინირებული. ვაქცინის ეფექტურობის 70%-მდე შემცირების შემთხვევაში კი, ჯოგური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, მსოფლიო მოსახლეობის 75% მაინც უნდა აიცრას, რაც არც ისე მარტივი, მაგრამ მიღწევადია. მასობრივი ვაქცინაციით გამომუშავებული პოპულაციური იმუნიტეტი კი პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზაა.

მტკიცება: აცრილები დაინფიცირებულები არიან და ავრცელებენ ვირუსს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მტკიცება, თითქოს აცრილი ადამიანები დაინფიცირებულები არიან და ვირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს, სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგადად ვაქცინებს და მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მოქმედების იმგვარი მექანიზმი აქვთ, რომ მიმღები ორგანიზმის დაინფიცირება არ ხდება. ი-რნმ ვაქცინების შემთხვევაში (ფაიზერი და მოდერნა), აღნიშნული ვაქცინები ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს და ისინი რნმ ტექნოლოგიაზე არის დამზადებული. ი-რნმ-ის საშუალებით ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება და ორგანიზმი თავად იწყებს წვეტოვანი ცილების ხელოვნურად წარმოებას. როდესაც ორგანიზმში ხელოვნურად წარმოქმნილი წვეტოვანი ცილები გარკვეულ რაოდენობას მიაღწევს, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედები ამ წვეტოვანი ცილების გასანეიტრალებლად ანტისხეულებს ასინთეზებს, რის შედეგადაც ყალიბდება იმუნიტეტი ვირუსის მიმართ. მელბურნის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის უფროსმა მკვლევარმა, ადამ ვიტლიმ, განაცხადა, რომ ვაქცინები მხოლოდ სპაიკ ცილებს აკოდირებენ. სპაიკ ცილებს კი ორგანიზში ვირუსის ფორმირება არ შეუძლიათ. შესაბამისად, მტკიცება, რომ ვაქცინით ორგანიზმის დაინფიცირება და ამ ინფექციის სხვა ადამიანებზე გადაცემა ხდება, მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია.

რაც შეეხება სინოფარმის ვაქცინას, ის ტრადიციული ვაქცინების ანუ ინაქტივირებული ვირუსით დამზადებული ვაქცინების რიცხვს განეკუთვნება. სინოფარმის ვაქცინის მუშაობის პრინციპი ასეთია: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის ასწავლის იმუნურ სისტემას, გამოიმუშაოს ანტისხეულები SARS-CoV-2-ის ვირუსის წინააღმდეგ. ანტისხეულები მიემაგრებიან ვირუსის ცილებს, კერძოდ ე.წ. spike ცილას, რომლითაც ვირუსის ზედაპირია დაფარული.

ვაქცინის შესაქმნელად, მეცნიერებმა კორონავირუსის ჩინეთის კლინიკების პაციენტებისაგან 3 ნიმუში აიღეს და ერთ-ერთი შეარჩიეს, რომელიც მაიმუნის თირკმლის უჯრედებში ყველაზე სწრაფად მრავლდებოდა. ვირუსის შერჩევის და გამრავლების შემდეგ მოხდა ვირუსის ინაქტივაცია ქიმიური ნივთიერებით. ინაქტივირებულ კორონავირუსს გამრავლება აღარ შეუძლია, თუმცა მისი ცილები, მათ შორის ე.წ. spike ცილა უცვლელი დარჩა. მკვლევრებმა ინაქტივირებული ვირუსები შეურიეს მცირე რაოდენობით ალუმინშემცველ ნაერთს - ადიუვანტს, რომელიც იმუნიტეტის სტიმულირებას იწვევს, რათა იმუნური პასუხი გააძლიეროს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების წარმოებაში ინაქტივირებული ვირუსები, საუკუნეზე მეტია, რაც გამოიყენება (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

მტკიცება: ვაქცინა არის ექსპერიმენტული, ადამიანებზე ახლა გადის ექსპერიმენტს, ახლა გადის ცდებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კოვიდვაქცინები, რომლებიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის - საქართველოშიც, გამოიყენება (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის დამტკიცებული და გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია აქვს მინიჭებული. ავტორიზებული ვაქცინა ნიშნავს, რომ მან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ყველა ფაზა წარმატებით გაიარა. მართალია, COVID-19-ის ვაქცინები ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე, შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

საკუთრივ კვლევის პრეკლინიკური ფაზა ნამდვილად ექსპერიმენტულია. პრეკლინიკურ ფაზაში კოვიდვაქცინების გამოცდა ცხოველებზე მოხდა და ამ დროს განისაზღვრა, იმუნური რეაქციის გამოსაწვევად, რომელი ანტიგენი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მას შემდეგ, რაც ვაქცინამ იმუნური რეაქცია აღძრა, მისი კლინიკური შემოწმება დაიწყეს.

კლინიკური კვლევები თავის მხრივ, სამი ფაზისგან შედგება და სამივე ფაზის დროს ვაქცინის გამოცდა მოხალისეობრივი გზით შერჩეულ ცდის პირებზე ხდება. კოვიდვაქცინებმა კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარეს, რის საფუძველზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების (EMA, FDA) მიერ, ავტორიზაცია მიენიჭათ. თუმცა ვაქცინის გამოყენებაში ჩაშვებისთანავე, ვაქცინის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად, მუდმივი მონიტორინგის წარმოებაა საჭირო.

მტკიცება: ვაქცინა მოძველებულია, იმიტომ, რომ მუტაცია განიცადა ვირუსმა და შესაბამისად...ეს ვაქცინა არ მოქმედებს უკვე მუტირებულ ვირუსზე

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვირუსები დროთა განმავლობაში ნამდვილად განიცდის მუტაციას. მათ შორის, COVID-19-ის ვირუსმაც, რამდენიმე სახის მუტაცია უკვე განიცადა და დღეს კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტიდან ცნობილია: ბრიტანული ვარიანტი (B.1.1.7), სამხრეთ აფრიკული ვარიანტი (B.1.351), ინდური ვარიანტი (B.1.617), ბრაზილიური ვარიანტი (P1). თუმცა მტკიცება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მოძველებულია და აღნიშნული ვარიანტების მიმართ უმოქმედოა, სიმართლეს არ შეესაბამება.

20 მაისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ავტორიზებული ვაქცინები ეფექტიანია კორონავირუსის ყველა ცნობილი ვარიანტის, მათ შორის, ინდურის წინააღმდეგ“. კვლევების თანახმად, ფაიზერის ვაქცინა ბრიტანულ შტამზე 89.5%-ით, ხოლო სამხრეთ აფრიკულ შტამზე - 75%-ით ეფექტიანია. ამასთან ერთად, კვლევებით დადასტურდა, რომ ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გავრცელებად ინდურ ვარიანტზე ოქსფორდ/ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები მუშაობს. ინდური ვარიანტის წინააღმდეგ ფაიზერი - 88%-ით, ხოლო ოქსფორდ/ასტრაზენეკა - 60%-ია ეფექტიანი აღმოჩნდა. 14 ივნისს Public Health England-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების შემთხვევაში ასტრაზენეკას ვაქცინა ორი დოზის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 92%-ით ამცირებს, ხოლო ფაიზერი 96%-ით. ვაქცინები დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც კი იცავს ორგანიზმს ძლიერი გართულებებისგან. რაც შეეხება სინოფარმს, ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე სინოფარმის ეფექტიანობის ან არაეფექტიანობის განსაზღვრისთვის დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო. თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინას გარკვეული გამანეიტრალებელი ეფექტი ექნება სხვა შტამების წინააღმდეგ.

მტკიცება: ამერიკაში უკვე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი „ნიურნბერგი 2“-ით შეფასებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული მტკიცებები სწორედ „ნიურნბერგის პროცესს“ ეხება. დეზინფორმატორთა მტკიცებით აღნიშნული პროცესი დოქტორმა რაინერ ფიულმიხმა იურისტებთან და ექიმებთან ერთად წამოიწყო და ისინი ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა (WHO) და დავოსის ჯგუფს ადამიანთა მიმართ მძიმე, გენოციდის დონის დანაშაულის ჩადენაში უჩივიან. სინამდვილეში, მიმდინარე წლის ივლისში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ან რომელიმე სხვა სასამართლოს მიერ WHO-ს, CDC-ისა და დავოსის ჯგუფის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ჩატარების შესახებ ცნობები არც ღია წყაროებში და არც სისხლის საერთაშორისო სასამართლოს ვებ-გვერდზე არ იძებნება. მეტიც, კორონავირუსის ვაქცინაციასა და ნიურნბერგის კოდექსს შორის კავშირი შეუსაბამოა.

ექსპერტების აზრით, ნიურნბერგის პროცესსა და კორონავირუსის ვაქცინის კვლევებს შორის კავშირის ძებნა არარელევანტურია. პენსილვანიის უნივერსიტეტის ბიოეთიკის პროფესორი, ჯონათან მორენოს განცხადებით, ნიურბერგის კოდექსი ადამიანებზე ექსპერიმენტების ჩატარებას ეხება და არა ვაქცინაციას. ჯორჯ ანნასის, ბოსტონის უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის სამართლის, ეთიკისა და ადამიანთა უფლებების ცენტრის“ დირექტორის განცხადებით, ნიურნბერგის კოდექსის შემუშავება მიზნად ისახავდა, რომ ის რაც ნაცისტებმა ჩაიდინეს, აღარასდროს განმეორდეს. ანნასის განცხადებით, ვაქცინის დისკრედიტაციის მიზნით, აღნიშნული კოდექსის არასწორი ინტერპრეტირება არ შეიძლება. ნიურნბერგის კოდექსი დატესტილ და ავტორიზებულ ვაქცინებს საერთოდ არ ეხება.

ნიურნბერგის კოდექსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

ამასთანავე, ვიდეოში გაჟღერდა, რომ თითქოს ვაქცინაცია სკოლის და ბაგა-ბაღის მასწავლებლებისთვის, ლექტორებისთვის და მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება და არავაქცინირებულებს სამსახურიდან გაშვება ემუქრებათ. დღეს არსებული მონაცემებისა და განცხადებების გათვალისწინებით, არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში ვაქცინა სავალდებულო იქნება.

რეალურად, პანდემიური რისკებიდან გამომდინარე, აუცილებელია მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი რაოდენობის აცრა და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი მოწოდებებიც ჟღერდება, რაც მისასალმებელია. თუმცა ეს მოწოდება არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინაცია სავალდებულოა. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აცრა ნებაყოფლობითია და არც რაიმე სახის სანქცია მოქმედებს არავაქცინირებულთა წინააღმდეგ.

ამირან გამყრელიძემ 15 ივნისს მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა: „ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“. ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის დაზუსტებით კი, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ფაქტ-მეტრი“ იმის დასაზუსტებლად, გულისხმობდა, თუ - არა გამყრელიძის განცხადება იმას, რომ სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების ვაქცინაცია სავალდებულო იქნება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებებმა ჩვენთან განმარტეს, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და შესაბამისად, სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების და მასწავლებლების ვაქცინაცია იძულებითი და სავალდებულო არ იქნება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი