იტვირთება

სოციალურ ქსელში კანადის დამწვარ ეკლესიებსა და დაკავებულ პასტორზე მანიპულაცია ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

რეზიუმე:

Facebook-მომხმარებელმა, Natia Colussi-მ, სოციალურ ქსელში მანიპულაციური შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში კანადაში დამწვარი ეკლესიებისა და პასტორის დაკავების ამსახველი ფოტოებია მოცემული, რაც ეკლესიების წინააღმდეგ მიზანმიმართულ შეტევად და ლიბერალური წესრიგის დამკვიდრების მცდელობადაა მოხსენიებული და აღნიშნული ფაქტების რეალური კონტექსტი უგულებელყოფილია.

სინამდვილეში, კანადაში რამდენიმე ეკლესია მას შემდეგ დაიწვა, რაც ყოფილ სკოლა-პანსიონებში ათასობით უსახელო საფლავი იპოვეს. პანსიონები კათოლიკურ ეკლესიას ექვემდებარებოდა და მასში ძალადობის არაერთი ფაქტია დადასტურებული. რაც შეეხება კანადელ პასტორს, ტიმ სტივენი მას შემდეგ დააკავეს, რაც კოვიდპანდემიის პირობებში განსაზღვრულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს რეგულარულად არღვევდა. შესაბამისად, ეკლესიების დაწვისა და პასტორის დაკავების ერთმანეთთან დაკავშირება და მათი ლიბერალური წესრიგის მიზნებთან გაიგივება, კონტექსტის დამახინჯება და მანიპულაციაა.

ანალიზი:

2021 წლის 30 ივნისს Facebook-მომხმარებელმა - Natia Colussi - გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც კანადაში დამწვარი ეკლესიებისა და პასტორის დაკავების ამსახველი ფოტოები ახლავს თან. პოსტის თანახმად, შემთხვევები ერთმანეთთანაა დაკავშირებული - „კანადაშიც ესხმიან ეკლესიას თავს, ოღონდ იქ პირდაპირ ცეცხლს უკიდებენ... რომელმა პასტორმაც გაბედა და წირვა ჩაატარა, ეკლესიის გარეთ, აი, ეხლა, რამდენიმე დღის, წინ დაიჭირეს“. აღნიშნული შემთხვევები პოსტში „მწვანე ლიბერალიზმსა და ეკოლოგიურ ლიბერალიზმთანაა“ დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ქოლუსი პოსტის კომენტარებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეკლესიებზე მიზანმიმართულ შეტევად და სპეციალურად აგორებულ სკანდალად მოიხსენიებს - „არაფერი დაუმტკიცებიათ და გაყვირიან შესულ საჩივრებს“.

მსგავსი შინაარსის პოსტი 9 ივლისს სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელმა, ანა ჭანკოტაძემ, გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საქართველოშიც იმავეს მიღწევა უნდათ, რაც კანადაში ხდება:

ნათია ქოლუსის მიერ გამოქვეყნებული დამწვარი ეკლესიის ფოტოებიდან ერთზე 2014 წელს უკრაინული ეკლესიის ხანძარია გამოსახული, რომელიც, გამოძიების თანახმად, შემთხვევით გაჩნდა. დანარჩენი 3 ფოტო ნამდვილად 2021 წლის მოვლენებს ასახავს. 30 ივნისს კანადის ქალაქ მორინვილში საუკუნოვანი კათოლიკური ეკლესია სრულად დაიწვა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). ადგილობრივ პოლიციას ხანძრის გაჩენის მიზეზი და დამნაშავეები ჯერ არ დაუდგენია. თუმცა კანადაში ერთსა და იმავე პერიოდში ეკლესიების დაწვის 6 ფაქტი გამოვლინდა, რასაც ადგილობრივები კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული სკოლა-პანსიონების ტერიტორიაზე უსახელო საფლავების აღმოჩენას უკავშირებენ.

მე-19-მე-20 საუკუნეებში კანადაში სავალდებულო სკოლა-პანსიონები არსებობდა, რომელთაც მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ. სკოლა-პანსიონებში 150 ათასზე მეტი აბორიგენი ბავშვი იძულებით გაანაწილეს, რომლის მიზანიც კანადურ საზოგადოებაში მათი ასიმილაცია იყო. ბავშვებს თავიანთ მშობლიურ ენაზე საუბარი ეკრძალებოდათ და ქრისტიანულ რელიგიაზე იძულებით გადაჰყავდათ. აღნიშნულ დაწესებულებებში ხშირი იყო შიმშილი და დაავადებები, გადარჩენილები კი ფიზიკური და სექსუალური შევიწროების ფაქტებსაც აღწერდნენ. მოცემული სისტემური ძალადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია 2008 წელს შექმნილი სიმართლისა და შერიგების კომისიის ანგარიშშია მოცემული.

2021 წლის მაისსა და ივნისში სწორედ ერთ-ერთ ამგვარ სკოლა-პანსიონის ყოფილ დაწესებულებაში ათასამდე უსახელო საფლავი აღმოაჩინეს, რასაც მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა. სავარაუდოდ, ეკლესიების გადაწვა აღნიშნულს უკავშირდება. კანადის პრემიერმა სხვა ლიდერებთან ერთად, ეკლესიების დაწვის ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ მეტი გამოძიებაა საჭირო. ტრუდომ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია სიმართლის აღიარება: „სკოლა-პანსიონები იყო რეალობა, ტრაგედია, რაც, აქ, ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ“.

ამრიგად, კანადაში რამდენიმე ეკლესია ყოფილ სკოლა-პანსიონებში უსახელო საფლავების აღმოჩენის შემდეგ დაწვეს და ადგილობრივთა უმრავლესობა ხანძარს სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს. ნათია ქოლუსი კი აღნიშნულ კონტექსტს სრულად უგულებელყოფს და ეკლესიების დაწვას ე.წ. ლიბერალურ წესრიგთან კონსპირაციულად აკავშირებს.

მანიპულაცია კანადელი პასტორის, ტიმ სტივენის, დაკავების შესახებ

რაც შეეხება კანადელ პასტორს, ტიმ სტივენს, ის 15 მაისს დააკავეს, რადგან თვეების განმავლობაში, COVID-19-ის რეგულაციებს სისტემატურად არღვევდა და მრევლსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დარღვევისკენ მოუწოდებდა. როგორც ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, პასტორმა წესების შესახებ იცოდა, თუმცა წირვა მაინც ჩაატარა, სადაც რეგულაციებით განსაზღვრული დამსწრეთა რაოდენობა, სოციალური დისტანცირებისა და პირბადის ტარების წესები დაირღვა. პასტორი სტივენსი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებიც კოვიდრეგულაციების შეუსრულებლობის გამო დააკავეს. დაკავებები განსაკუთრებით იმ პირებს, ორგანიზაციებსა და ბიზნესებს შეეხო, რომლებიც რეგულაციებს განმეორებით არღვევდნენ. პასტორთან ერთად ანალოგიური მიზეზით 15 მაისს კანადის ერთ-ერთი ქალაქის, კალგარის, მერობის კანდიდატიც დააკავეს. ორივე მათგანი სასამართლოს გადაწყვეტილებით მალევე გაათავისუფლეს (პოლიციამ პასტორთან დაკავშირებით გამოაქვეყნა შესწორება, რომ წირვის გარეთ ჩატარება კანონიერი იყო, მაგრამ კოვიდრეგულაციები დაცული არ იყო), თუმცა პასტორი 1 თვის შემდეგ, 14 ივნისს, კოვიდრეგულაციების წესების განმეორებითი დარღვევის გამო კვლავ დააკავეს. ამჯერად მან საპატიმროში 2 კვირა და 4 დღე გაატარა. აღსანიშნავია, რომ პასტორი მანამდე ღია შეკრებების ორგანიზებისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო არაერთხელ იყო დაჯარიმებული.

ამრიგად, შემთხვევის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს პასტორს ზოგადად მსახურება ეკრძალებოდა და რადგანაც წირვის ჩატარება გაბედა, დააპატიმრეს, მისი დაკავების რეალური მიზეზის უგულებელყოფა და კონტექსტის დამახინჯებაა. კონსპირაციაა მისი დაკავების ეკლესიების დაწვასთან და ლიბერალური წესრიგის მიზნებთან დაკავშირებაც.

მანიპულაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე

რაც შეეხება პოსტის კომენტარებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ეკლესიებზე მიზანმიმართულ შეტევად და სპეციალურად აგორებულ სკანდალად მოხსენიებას, აღნიშნული მტკიცებაც მანიპულაციურია.

სინამდვილეში, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ეკლესიის წინააღდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი არ ყოფილა. მოვლენები სახალხო დამცველის აპარატისთვის ბავშვთა სახლის მონიტორინგში ხელის შეშლას მოჰყვა. 2021 წლის 16 აპრილს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ. 2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება, ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.

2021 წლის 19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დასახელდა.

ეფექტური მონიტორინგის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტი, 2018 წელსაც დაფიქსირდა, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა არ მისცეს და მათ პანსიონის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკსაც არ ჰქონია.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სხვადასხვა ანგარიშშია მოცემული. ამასთან, აღნიშნული ანგარიშები, თავის მხრივ, ბავშვთა სახლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების ვიზიტებსა და ბენეფიციარებთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. სწორედ, ანგარიშებში მოცემული ინფორმაცია და ძალადობის გამოვლენილი ფაქტები მეტყველებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის აუცილებლობაზე (ვრცლად პანსიონთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაეცანით „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

---------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი