ირაკლი ღარიბაშვილი: მათ [ლგბტქ+ ადამიანებს] არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და მე მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილი განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა), სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
საქართველოში მცხორები ლგბტქ+ ადამიანები კვლავ არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია საზოგადოებაში მათ წინააღმდეგ ფესვგადგმული სტიგმითა და გავრცელებული სტერეოტიპებით, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომებით.
სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სხვადასხვა სიძულვილის ჯგუფის რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებებით სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით.
ანალიზი
5 ივლისს, „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილი თუ დაანონსებული ძალადობრივი ქმედებებისა და ხელისუფლების პრაქტიკული უმოქმედობის გამო, ორგანიზატორებმა ღონისძიება ვეღარ ჩაატარეს.
ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ძალადობის გააქტიურებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეწონილი არაა.
„ჩვენს მოსახლეობას არავისთან არა აქვს არავითარი პრობლემა, არც ამ ადამიანებთან. ყოველდღე ეს ადამიანები, უმცირესობების წარმომადგენლები, მუშაობენ და ცხოვრობენ აბსოლუტურად ნორმალურ ვითარებასა და რეჟიმში. მათ არავითარი საფრთხე არ ექმნებათ ჩვენს ქვეყანაში. არც ერთი ფაქტი არ არსებობს აღნიშნული დისკრიმინაციის და მე მინდა ვთქვა, რომ თუ ცალკეული შემთხვევა დაფიქსირებულა ოდესმე, ამის განზოგადება, რა თქმა უნდა არ შეიძლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
ბოლო წლებში საქართველოს კანონმდებლობამ სექსუალური უმცირესობების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით, სერიოზული გამოწვევები დღემდე რჩება. კერძოდ, ლგბტ+ ადამიანები ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი. ასევე, ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი უფლებების, ჯანდაცვისა და სოციალურ სერვისებთან წვდომისა და განათლების უფლების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით.
ვინაიდან ლგბტ+ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები სისტემური და მრავლისმომცველია, ხოლო სტატიის ფორმატში მათი სრუფლასოვნად განხილვა შეუძლებელია, გთავაზობთ ბოლო წლებში არსებული ძირითადი პრობლემების მოკლე მიმოხილვას, რომელთა გადაჭრაც დღემდე ვერ ხერხდება.
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები
სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის (სოგი) გამო სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ერთიანი და სრულყოფილი სტატისტიკა, რომელიც გასულ წლებში არსებულ სურათს დაგვანახებს, არ არსებობს.
2020 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა [1]მემორანდუმს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ. თუმცა ამ დროისთვის საქსტატის ვებგვერდზე, ჯერჯერობით, მხოლოდ 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბრის მონაცემებია გამოქვეყნებული. [2]
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში შსს-მ გამოძიება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით 246 საქმეზე დაიწყო. აქედან 7 შემთხვევაში დისკრიმინაციის ნიშანს გენდერული იდენტობა, ხოლო 6 შემთხვევაში - სექსუალური ორიენტაცია წარმოადგენდა. საანგარიშო პერიოდში გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის 3 პირი იქნა მსჯავრდებული, ხოლო სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის - 6 პირი.
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები პროკურატურის ვებგვერდზეცაა განთავსებული, თუმცა არასრულყოფილად.
გრაფიკი 1. წლების მიხედვით, სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი საქმეების რაოდენობა საქართველოს პროკურატურის მონაცემებით
წყარო: საქართველოს პროკურატურა
გრაფიკი 2. წლების მიხედვით, სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლები
წყარო: საქართველოს პროკურატურა
როგორც გრაფიკებზე ჩანს, სისხლისსამართლებრივი საქმეების რაოდენობა და დევნის დაწყების მაჩვენებელი სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე, წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, ბუნდოვანია, აღნიშნულს განაპირობებს მიმართვიანობის ზრდა, თუ რეალურად გახშირდა დანაშაულებრივი ქმედებები.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის „სამართალდამცავთა პოზიტიური ვალდებულებები დაუცველი ჯგუფების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ“ თანახმად, 2019-2020 წლებში სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესწავლისას, ყველაზე მაღალი მიმართვიანობა ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისგან დაფიქსირდა. ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ლგბტ+ ადამიანების მიმართ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ნაწილი უკავშირდებოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს. ასევე, ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს.
თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შემთხვევათა ნაწილი პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მომდინარე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ეხებოდა. ანგარიშში, რიგ შემთხვევებში, პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზეცაა საუბარი.
ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაღალი მიმართვიანობის პარალელურად, სამართალდამცველთა მხრიდან დანაშაულებრივ შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება, კვლავ პრობლემად რჩება.
შეკრებისა და გამოხატვის უფლება
ლგბტ+ თემისთვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზება, ასევე, დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისის მოვლენები [3] და მას შემდეგ, თითქმის, ყოველ წელს „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებული პრობლემები.
გარდა იმისა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით იგრძნობა ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ლგბტ+ თემის წინააღმდეგ, რომელთა წამქეზებლადაც ხშირად მართლმადიდებელი სასულიერო პირები გვევლინებიან, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ასეთი ჯგუფებიდან წამოსული საფრთხის აღსაკვეთად სახელმწიფო, ძირითადად, უმოქმედოა ან არასათანადოდ მოქმედებს. მაგალითად, 2019 წელს, გიორგი გახარიას შს მინისტრობის პერიოდში, სამინისტრომ უარი განაცხადა ღირსების მარშის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
ხელისუფლებამ გულგრილობა გამოიჩინა მიმდინარე წლის 5 ივლისს ჩასატარებელ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოფობიური ჯგუფები წინასწარ აანონსებდნენ მარშის ჩაშლას, ძალადობრივი ქმედებების აღსაკვეთად სახელმწიფომ ქმედითი ზომები არ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა 5 ივლისს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს, დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები, თავს დაესხნენ ან/და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სულ მცირე, 50 ჟურნალისტს.
ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია სხვადასხვა სფეროში
ლგბტ+ პირებისთვის შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია წლებია ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად რამდენიმე საკანონმდებლო აქტის და ეროვნული სამოქმედო გეგმისა, რომლებითაც ლგბტ+ ადამიანთა უფლებების დაცვის საფუძველი შეიქმნა, ზემოაღნიშნული ცვლილებები, მათი არაეფექტიანი განხორციელების გამო, რეალურ ცხოვრებაში არ აისახა.
ლგბტ+ ჯგუფის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს კარგად წარმოაჩენს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (ყოფილი EMC) ერთ-ერთი უახლესი კვლევა „ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში“. აღნიშნული კვლევის თანახმად, კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 93.1%-მა აღნიშნა, რომ „ლგბტქ ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“. გარდა ამისა, გამოკითხულთა 28.8%-მა აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის (კვლევის ჩატარების დროისთვის) განმავლობაში სამუშაო ადგილზე სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ან ასოციაციური დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა. ამავე პერიოდის განმავლობაში, კვლევის თანახმად, 36.9%-მა სამუშაო ადგილი საკუთარი ნებით დატოვა, 9.2%-მა კი - საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ.
ლგბტ+ პირები ბარიერებს აწყდებიან განათლების სფეროშიც. ლგბტ+ პირების ბულინგი და არატოლერანტული გარემო სკოლებში წლებია პრობლემას წარმოადგენს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“კვლევის თანახმად, რესპონდენტების (N=292) 32.2%-თვის, ზოგადი განათლების მიღების ბარიერია ჰომოფობიური დისკრიმინაცია პედაგოგების ან/და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ხოლო 41.9%-თვის კლასელების/სკოლელების მხრიდან მომდინარე ჰომო- ფობიური ბულინგი (იხ. „თანასწორობის მოძრაობის“ კვლევა აღნიშნულ თემაზე) .
ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს წვდომა ჯანდაცვის ადეკვატურ ხარისხზე. 2015 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, რომელიც გაეროს დამოუკიდებელ ექსპერტს წარედგინა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა 39% ჰომოსექსუალობას დაავადებად მიიჩნევდა.
პრობლემურია ლგბტ+ პირების ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის საკითხიც, რამდენადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად ამჟღავნებენ ასეთი პირების დაავადებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, ხშირია ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ფაქტები.
უსახლკარობის პრობლემა და დისკრიმინაცია საბინაო სფეროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ 2020 წლის კვლევის თანახმად, კვლევისთვის გამოკითხულთა 44.8%-მა მიუთითა, რომ უსახლკარობის გამოცდილება კავშირში იყო მათ იდენტობასთან. ასევე, რესპონდენტთა 41.9%-მა უსახლკარობის მიზეზად ოჯახის წევრების მხრიდან იდენტობის გამო ძალადობა დაასახელა.
საბინაო სფეროში ლგბტ+ პირების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბარია სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშშიც. ანგარიშის თანახმად, რიგ შემთხვევებში, კერძო პირები საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე უარს ამბობდნენ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე ლგბტ+ თემის წარმომადგენელი იყო.
დასკვნა
დასკვნისთვის, კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებებისა (ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა), სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით, რეალურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.
საქართველოში მცხოვრები ლგბტქ+ ადამიანე¬ი კვლავ არაერთ სისტემურ პრობლემას აწყდებიან, რაც, ერთი მხრივ, განპირობებულია საზოგადოებაში მათ წინააღმდეგ ფესვგადგმული სტიგმითა და გავრცელებული სტერეოტიპებით, ხოლო მეორე მხრივ, არსებულ პრობლემებზე სახელმწიფოს ზედაპირული მიდგომებით.
სამწუხაროდ, ლგბტ+ ადამიანები დღემდე ვერ ახერხებენ უფლებების სრულფასოვნად რეალიზებას და სიძულვილის ჯგუფების რაოდენობისა და გავლენის ზრდის გამო, კვლავ ხდებიან ძალადობის, ზეწოლისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი განიცდიან დაბრკოლებებს შრომითი, ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა უფლებების სრულფასოვანი სარგებლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, პრემიერის განცხადება, რომ ამგვარი დისკრიმინაცია არ არსებობს და ცალკეული შემთხვევების განზოგადება არ შეიძლება, არის ტყუილი.