სოციალურ ქსელში ლგბტ თემთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Facebook-მომხმარებლის Natia Colussi-ის მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს, LGBTQ+ თემთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული სახის გზავნილი გავრცელდება. ვიდეოს ავტორი 38 წუთის განმავლობაში იმეორებს დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ LGBTQ+ საზოგადოების მთავარ მიზანს დომინირების მოპოვება წარმოადგენს და ორგანიზაცია რეალურად ხალხის „სიძულვილისა და დამონებისთვის“ შეიქმნა. დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებების გარდა, რომლებსაც „ფაქტ-მეტრი“ სტატიაში განიხილავს, Natia Colussi საუბრობს მრავალ ისეთ კონსპირაციულ თეორიაზე, როგორიცაა: მაგალითად, „პარიზის კონვენციითა“ და გლობალური დათბობის საკითხით ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა.
ამასთან ერთად, ავტორი აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან უკვე „ჩაშვებულია“ „ტოტალიტარული რეჟიმის“ დამყარების გეგმა, რომელიც მოიაზრებს, მაგალითად, ხორცის აკრძალვას და ა.შ. ხაზგასასმელია, რომ ყველა დეზინფორმაციულ მტკიცებას და ვიდეოში ნახსენებ მანიპულაციური ნარატივის ლეგიტიმაციას Natia Colussi მისი წლების წინ ღირსების რამდენიმე მარშში მონაწილეობის გამოცდილებით ცდილობს და ქმნის ისეთ ნარატივს, თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა, რომელიც ცდილობს დომინიზაცია გაუკეთოს ხალხს“. აღსანიშნავია, რომ მის მიერ LGBTQ+ თემის მიმართ ღია სიძულვილის პარალელურად, მის Facebook-კედელზე იძებნება LGBTQ+ თემის მხარდამჭერი ფოტო მასალები, რაც ვიდეოს ავტორის შეხედულებებს ბუნდოვანს ხდის.
მტკიცება: ისეთ ქვეყნებში, სადაც LGBTQ + საზოგადოებას („ხალხს რომელიც Coming out-ს აკეთებს“) 100% მხარდაჭერა აქვს, ყველაზე მაღალი სუიციდის მაჩვენებელია
ვერდიქტი: მანიპულირება
სავარაუდოდ, ვიდეოს ავტორი ევროკავშირის თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებს გულისხმობს, სადაც LGBTQ + საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტადაა დაცული. 2018 წელს, ამერიკის სამედიცინო საზოგადოების ყოველთვიური ჟურნალი, JAMA Pediatrics-ის მიერ 35 სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად, რომელიც 2.4 მილიონ ჰეტეროსექსუალ მოზარდს და 113,468 LGBTQ+ წარმომადგენელს მოიცავდა, დადგინდა, რომ LGBTQ+ ახალგაზრდებს 3,5-ჯერ მეტჯერ აქვთ სუიციდის მცდელობა, ვიდრე მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებს.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკასა თუ ავსტრალიაში, საზოგადოების ღიაობის ბევრად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, არის გარკვეული ფაქტორები, რაც LGBTQ+ მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს. LGBTQ+ მოზარდები უფრო ხშირად განიცდიან ოჯახის წევრებისგან უარყოფას ან მხარდაჭერის არარსებობას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი თანატოლები. უსახლკარო ახალგაზრდების სრული 40% LGBTQ+ თინეიჯერია, რომლებიც სახლიდან გამოაგდეს ან რომლებმაც სახლი დატოვეს ოჯახის წევრებთან სექსუალური ორიენტაციის გამო ნეგატიური დამოკიდებულების შედეგად.
ამასთან ერთად, LGBTQ+ თინეიჯერებისთვის ხშირია გარიყულობის ან გაუცხოების გრძნობა, რომელსაც ხშირად მოზარდობის ასაკში განიცდიან. უფრო მეტიც, სტიგმა და ძალადობის მუქარა თანატოლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უფრო ძლიერად აისახება. CDC-ის დაქვემდებარებაში მოქმედი „ახალგაზრდობის რისკის ქცევის შემსწავლელი“ (YRBSS) ჯგუფის მიერ ჩატარებული მასობრივი კვლევის შედეგად, 2019 წელს აშშ-ში ჩატარებული 107,000 მოზარდის გამოკითხვის მონაცემთა ანალიზის შედეგები თვალნათლივ წარმოაჩენს იმ არასახარბიელო რეალობას, რომელში ცხოვრებაც LGBTQ+ მოზარდებს უწევთ. ტრანსგენდერი ახალგაზრდების 29%-ს დამუქრებიან ან სკოლის ტერიტორიაზე იარაღით დაშავებულან. ჰეტეროსექსუალი მოზარდების შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი 7%-ია. ტრანსგენდერი ახალგაზრდების 43% სკოლის ტერიტორიაზე ბულინგის მსხვერპლი გამხდარა. ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდების შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი 18%-ა.
საერთო ჯამში, გაურკვეველია რის დამტკიცებას ან გამართლებას ცდილობს ვიდეოს ავტორი დასავლურ საზოგადოებებში არსებული LGBTQ+ საზოგადოების მაღალი სუიციდის მაჩვენებლების წარმოჩენით, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდები და მოზარდები, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კვლავ აწყდებიან უამრავ ბარიერს არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ საზოგადოების მხრიდანაც. შესაბამისად, დასავლეთის სახელმწიფოებში სუიციდის მაღალი მაჩვენებლის სტატიტიკა მანიპულაციურადაა გამოყენებული. ამასთან, შედარებით ჩაკეტილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არაა, ამგვარი კვლევები არც ტარდება და, შესაბამისად, არ არსებობს შესადარებელი მონაცემებიც, თუ რა ვითარებაა ნაკლებად ღია საზოგადოებებში. კონტექსტის გარეშე, ღია საზოგადოებებშიც კი ამგვარი მაღალი სუიციდის მაჩვენებლის არსებობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ LGBTQ თემის წარმომადგენლებს უამრავ პრობლემასთან შეჯახება უწევთ და, ხშირად, სამწუხაროდ, მათთან გამკლავებას ვერ ახერხებენ.
მტკიცება: სტატისტიკის თანახმად, ისეთ კლასებში, სადაც სექსუალურ განათლება ისწავლება, მინიმუმ 5 გოგო „თრანზიშენს“ აკეთებს და სქესს იცვლის
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ინფორმაციის მოძიების შედეგად, დგინდება, რომ არ არსებობს რომელიმე ვალიდური კვლევა, რომელიც დაადასტურებს ვიდეოს ავტორის მიერ გავრცელებულ მტკიცებაში მოყვანილ მონაცემს, რომ თითქოს იმ კლასებში, რომლებშიც სექსუალური განათლება ისწავლება, თითო კლასში მინიმუმ 5 გოგო სქესს იცვლის. სავარაუდოა, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია ავტორმა სექსუალური განათლების დისკრედიტაციის მიზნით შეთხზა.
რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლებში სექსუალური განათლება
სკოლებში სექსუალური განათლების შესახებ მრავალი მანიპულაციური ინფორმაცია არსებობს, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს სკოლებში სექსუალურ განათლების მიღების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უჩენს. რეალურად, სტატისტიკა ადასტურებს იმ დადებით შედეგებს, რაც სკოლაში სექსუალური განათლების მიღებას მოყვება.
ამერიკის პედიატრთა სამედიცინო ჟურნალში 2016 წელს გამოქვეყნებული წლობის განმავლობაში მიმდინარე ფართო კლინიკური კვლევის თანახმად დადგინდა, რომ მოსწავლეები, რომლებიც სექსუალურ განათლებას სკოლებში იღებენ, ნაჩვენებია, რომ პირველად სქესობრივი კავშირი აქვთ ბევრად გვიან, ვიდრე მათ, რომლებიც სექსუალურ განათლებას სკოლებში არ იღებენ. სექსუალური განათლება არ უბიძგებს თინეიჯერებს სექსუალურ კონტაქტში შესვლისკენ, ეს პირიქით ხდება. სექსუალური განათლება მოიცავს ჯანმრთელობის, სექსუალობის, უსაფრთხოების, გენდერული ნორმების, იდენტობის, პატივისცემის, თვითგამოხატვის საკითხების ფართო სპექტრს.
სექსუალური განათლება მოიცავს ინფორმაციას ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილების შესახებ, ასევე ეხმარება მოზარდებს საკუთარი სხეულების მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. უფრო მეტიც, აღნიშნული გაკვეთილები თინეიჯერებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ან დახვეწონ ისეთი ძირითადი უნარებით, როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, მოლაპარაკება, კრიტიკული აზროვნება, ლიდერობა და კომუნიკაციის უნარი. აქედან გამომდინარე, სექსუალური განათლების კარგად შედგენილი პროგრამა იძლევა საშუალებას, მოზარდებს ჰქონდეთ უკეთესი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა თუ ცხოვრებაში ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამასთან, სექსუალური განათლება მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, რათა შეძლონ სექსუალური შევიწროებისგან ან ძალადობისგან თავის დაცვა, განურჩევლად მათი სქესისა. მოზარდებმა უნდა იცოდნენ როდის და როგორ უნდა თქვან „არა“ არასასურველ და არასათანადო შეხებაზე.
მტკიცება: Affirmation კანონის თანახმად, თუ მოზარდი გოგო მივა ფსიქოლოგთან და ეტყვის, რომ ის ბიჭად გრძნობს თავს, ფსიქოლოგს არ აქვს უფლება, რომ არ დაეთანხმოს. ის უნდა დაეთანხმოს და დაუმტკიცოს, რომ ის მართლაც ბიჭია.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
რეალურად, ვიდეოს ავტორი სრულიად განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევს Affirmation ტექნიკის გამოყენებას ფსიქოლოგიაში და არასწორი ინტერპრეტაციით ცდილობს აღნიშნული ტექნიკის უარყოფით, მადისკრედიტირებელ კონტექსტში წარმოჩენას. სინამდვილეში, Affirmation (დამოწმების) თერაპია გულისხმობს, საკუთარი თავის მიმართ უარყოფითი, არაჯანსაღი დამოკიდებულებების მიტოვებისა და თვითშეფასების ამაღლებისკენ, საკუთარი თავის მიღებისკენ მიმართულ თერაპიას.
Affirmation (დამოწმების) თერაპია უგულებელყოფს მოსაზრებას, რომ ნებისმიერი სექსუალობა, იქნება ეს ჰომო თუ ჰეტეროსექსუალობა, თავისთავად წარმოადგენს პრობლემას. ამის ნაცვლად, ადამიანებს ეხმარება საკუთარი თავისა და იდენტობის ისეთ მიღებაში, როგორებიც არიან. აღნიშნული თერაპია ასევე ისეთი ფსიქიკური დაავადებების გამოჯანმრთელების ძირითადი კომპონენტია, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა ან სხეულის დისმორფული აშლილობა, რაც გამოწვეულია ინდივიდში თვითშეფასების არარსებობით. LGBTQ+ საზოგადოებაში აღნიშნული თერაპია ეხმარება ინდივიდებს გაიაზრონ და მიიღონ საკუთარი აზრები, გრძნობები და სურვილები, როგორც ბუნებრივი და საღი.
აქედან გამომდინარე, Natia Collusi-ის მტკიცება, თითქოს ფსიქოლოგს უფლება არ აქვს „ბიოლოგიურად გოგოს“ უთხრას, რომ ის გოგოა, ფაქტების სრულ დამახინჯებას და თერაპიის არასწორ აღწერას წარმოდგენს. თერაპიის მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა, შეიცვალონ ნეგატიური წარმოდგენები საკუთარი თავის მიმართ, იმისდამიუხედავად, თუ რა სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მქონეები არიან. სწორედ ამ მიზანსაა მორგებული თუნდაც თერაპიის ძირითად ეტაპზე გამოყენებული ისეთი ფრაზები, როგორიცაა:
o მე ვარ სიყვარულისა და მიღების ღირსი.
o ჩემი იდენტობა მართებულია.
o მე მაქვს უფლება მივიღო ჩემთვის სწორი გადაწყვეტილებები.
o მე ვაფასებ იმას ვინც ვარ.
დეზინფორმაცია: საქართველოში, თუ LGBTQ+ პრაიდს არ ჩაატარებს, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო არავინ შეეხება - „დროშა რომ არ აფრიალოთ, არავინ გამოგეკიდებათ“
ვერდიქტი: ტყუილი
LGBTQ+ თემის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, „დროშის ფრიალის გარეშე“ არიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი. აღნიშნული თემა ფართო ანალიზს და წლების განმავლობაში არსებული სტატისტიკის შეჯამებას მოითხოვს, თუმცა ბოლო წლის სახალხო დამცველის ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, თუ რამდენად არაჯანსაღ და დაუცველ გარემოში უწევს ცხოვრება საქართველოში LGBTQ+ თემს. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ყველაზე ხშირად სიძულვილის მოტივი იკვეთება გენდერის/სქესის ნიშნისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით. მათ შორის, 2020 წელს ყველაზე მაღალი მომართვიანობა იყო ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილ საქმეებზე (25 საქმე, მათ შორის 5 შემთხვევა ეხებოდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მომდინარე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს). „ლგბტ+ ადამიანების მიმართ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ნაწილი შეეხებოდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებს. ასევე, ლგბტ+ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებს. განმცხადებლები ასევე მიუთითებენ, რომ რიგ შემთხვევებში, პირები სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ადგილზე პოლიციის მისვლის შემდგომაც განაგრძობდნენ, რასაც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
ამასთანავე, მიუხედავად გონივრული ვადის გასვლისა, რიგ საქმეებზე დაზარალებულად არ უცნიათ კონკრეტულ ინციდენტში მონაწილე პირები, რაც მათ უზღუდავთ წვდომას სისხლის სამართლის საქმის მასალებზე. სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეებიდან ასევე იკვეთება ძალადობის ფაქტები არასრულწლოვანი ლგბტ+ თემის წევრების მიმართ, რომლებსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ, ასევე გამოიკვეთა ლგბტ+ ადამიანების ოჯახის წევრებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილია სხვადასხვა პირის მიერ და სხვადასხვა გარემოებაში, მათ შორის: რესტორნის მომსახურე პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის მხრიდან, მეზობლების მხრიდან, ახლობლების მხრიდან, ოჯახის წევრების მხრიდან, ბინის გამქირავებლის მხრიდან, პოლიციის განყოფილების თანამშრომლებისა და უფროსის მხრიდან, საპატრულო ეკიპაჟის მხრიდან, გადაცემაში მონაწილეობის გამო, საყურის გამო, კლუბის რიგში, მეტროში და სხვ.“ ,- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიშში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევის“ შედეგების თანახმად, რომელშიც საქართველოში 320 ლგბტ თემის წარმომადგენლის რაოდენობრივი კვლევის შედეგები დამუშავდა, აჩვენებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ძალადობა გამოკითხულთა 52%-ს ერთხელ მაინც განუცდია, ძალადობის გამოცდილება ყველაზე მაღალია გეი (65.5%) და ტრანსგენდერ (61.8%) რესპონდენტებში. კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტების 48%-ს გამოუცდია ფსიქოლოგიური ძალადობა ბოლო 2 წლის განმავლობაში, 29%-ს კი – მძიმე ფიზიკური ძალადობა (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ცემა, ძალადობის სხვა ფორმები). „კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების 32.2%-თვის, ზოგადი განათლების მიღების ბარიერია ჰომოფობიური დისკრიმინაცია პედაგოგების ან/და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, ხოლო 41.9%-თვის კლასელების/სკოლელების მხრიდან მომდინარე სიძულვილით მოტივირებული ბულინგი. კვლევა აჩვენებს, რომ რესპონდენტების 43.1%-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, რასაც რესპონდენტთა 37.1% აკავშირებს უშუალოდ მათ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ სტიგმასთან, დისკრიმინაციულ პრაქტიკასა და სტრესთან“.
გარდა ამისა, მრავლად შეიძლება იმ ინდივიდუალური სამწუხარო შემთხვევების ჩამოთვლა, როცა სხვადასხვა ჯგუფისა თუ ინდივიდის მიერ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის გამო შევიწროება ან სიცოცხლის მოსპობა მოხდა. აქედან გამომდინარე, თავისთავად ყალბია ინფორმაცია, თითქოს LGBTQ+ თემი, „ღირსების მარშის“ გამართვის გარეშე, არ განიცდის შევიწროებას სექსუალური ორიენტაციის გამო.
------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.