გიორგი ვოლსკი: რეზოლუციაში წერია, რომ ომი მოულოდნედად დაიწყოო
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის მანიპულირება
ანალიზი
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საუბრისას განაცხადა: „რეზოლუციაში წერია, რომ ომი მოულოდნელად დაიწყოო. ანუ წარმატებით განახორციელა რუსეთმა თავისი სტრატეგიული გეგმა, რომ არ სცოდნოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენ პრობლემა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ან ეს რეზოლუცია არის არაკომპეტენტური და საქართველოსთვის მტრული თავისი ამ ფორმულირებით, ან ის ადამიანები, ვინც ამას ხელი მოაწერა“.
სინამდვილეში, რეზოლუცია 1633-ში წერია, რომ ომის დაწყებას, მნიშვნელოვანი ესკალაცია, პროვოკაციები და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება, უძღოდა წინ. სიტყვა „მოულოდნელი“ შემდეგ კონტექსტშია ნახსენები: „ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც თანდართული პროვოკაციებითა და, შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე“.
ამავე მუხლში, რომელშიც სიტყვა მოულოდნელია ნახსენები, ასევე წერია, რომ ბოლო პერიოდში, სამშვიდობო ფორმატი არ მოქმედებდა და ის თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა. ამასთან, ასამბლეა წუხს, რომ „მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ“. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სიტყვა „მოულოდნელი“კონფლიქტის სრულმასშტაბიან ესკალაციას მიემართება და არ ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო-რუსეთს შორის არსებულ პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
რეზოლუციის ზუსტად ის მუხლი, რომელშიც პოლიტიკოსმა სიტყვა „მოულოდნელი“ ამოიკითხა, საუბრობს ზუსტად იმ კონტექსტზე, რომ წინამდებარე ესკალაციისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია ასამბლეისთვის მანამდეც ცნობილი იყო. შესაბამისად, ამ მუხლის იმგვარი ინტერპრეტირება, რომ თითქოს ის საქართველოს საზიანოდ არაკომპეტენტური ან/და მოღალატეობრივია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
მეოთხე პუნქტში რეზოლუცია სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ცალსახად რუსეთს ანიჭებს. ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების შესახებ, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, მოხსენიებულია როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა. ამრიგად, გაურკვეველია, აღნიშნული დოკუმენტის დისკრედიტება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში, რატომ შეიძლება შედიოდეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, განცხადებაში სიტყვა მოულოდნელი, როგორც ფაქტის აღმწერი სიტყვა, ნამდვილად არის ნახსენები, თუმცა მისი გამოყენებისას პოლიტიკოსი განზრახ ამახინჯებს კონტექსტს, რომელშიც ეს სიტყვა ასამბლეამ ახსენა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის მანიპულირება.
„ფაქტ-მეტრი“ რეზოლუცია 1633-ის შესახებ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციით წარსულშიც დაინტერესდა და მისი ანალიზი, უფრო ვრცლად, შეგიძლიათ ჩვენს სტატიაში იხილოთ.