ლაშა ხუციშვილი: სახელმწიფო ვალის ზრდა, ამ მასშტაბით მოხდა დაახლოებით ყველგან, თუ გადახედავთ სხვა ქვეყნებს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი
რეზიუმე:
პანდემიის გამო, სახელმწიფო ვალის ზრდის თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა. მეორე მხრივ, საინტერესოა, თუ რამდენად შეესაბამება მინისტრის განცხადება სიმართლეს და ვალის მსგავსი მასშტაბით ზრდა სხვა ქვეყნებშიც თუ მოხდა.
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ვალი 50%-ით გაიზარდა, მშპ-ს 40.4%-დან 60.6%-მდე. აღნიშნული ზრდით საქართველო 190 ქვეყნიდან მეათე ადგილს იკავებს. საქართველოს მთავრობის ვალი, მსოფლიოს საშუალო ზრდის მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა. საქართველოს მთავრობის ვალი ყველაზე მეტად უშუალოდ მეზობელ ქვეყნებთან შედარებითაც გაიზარდა და მეზობელი ქვეყნების მთავრობის ვალის გასაშუალოებულ ზრდას ორჯერ აღემატებოდა.
ანალიზი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვალთან დაკავშირებით განაცხადა: „სახელმწიფო ვალის ზრდა, ამ მასშტაბით მოხდა დაახლოებით ყველგან, თუ გადახედავთ სხვა ქვეყნებს“.
სახელმწიფო ვალის მასშტაბური ზრდა, 2020-2021 წლის ერთ-ერთ მწვავე, აქტუალურ საკითხს წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს. კერძოდ, ვალის ნომინალური მაჩვენებელი, 2021 წლის მაისის მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით - 11.5 მლრდ ლარით არის გაზრდილი, ხოლო მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებელი, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით - 20.6 პროცენტული პუნქტით.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2021 (ივნისი) ჩათვლით.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქსტატი, ავტორის გამოთვლები
პანდემიური კონტექსტიდან გამომდინარე, ვალის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი სტანდარტული მექანიზმი, რასაც ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა იყენებდა, საბიუჯეტო რესურსებით ეკონომიკის წახალისება და გაზრდილი სოციალური პრობლემების დაბალანსება იყო. სამთავრობო რეაგირების ფისკალური ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტზე ორი მიმართულებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა თუ ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გასაწევი ხარჯები იზრდება; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადები დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით შედის. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში ვალის მკვეთრი მატების საკითხი დგება. მეორეს მხრივ, საინტერესოა, თუ რამდენად შეესაბამება მინისტრის განცხადება სიმართლეს და მართლაც, საქართველოს მსგავსი მასშტაბით ზრდა სხვა ქვეყნებშიც თუ მოხდა.
ანალიზისთვის, მოსახერხებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების ბაზა, რომელიც ბოლოს 2021 წლის აპრილში განახლდა. რადგან ყველა ქვეყნის შემთხვევაში, ვალის მონაცემების დაზუსტება არ მომხდარა, სტატისტიკაში 2019 წლიდან საპროგნოზო მაჩვენებლებია წარმოდგენილი. თუმცა, გამოქვეყნების პერიოდიდან გამომდინარე, მონაცემები რეალობასთან უმეტესწილად შესაბამისობაშია. შედარებისთვის, რელევანტურია მშპ-თან ფარდობის მაჩვენებლების პროცენტული ცვლილებების შედარება, თუმცა, ბუნებრივია ნომინალური მაჩვენებლის პროცენტული ზრდაც განხილულ ფარდობით მონაცემებთან დაახლოებული იქნება. 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საქართველოს მთავრობის ვალი 50%-ით გაიზარდა, მშპ-ს 40.4%-დან 60.6%-მდე. აღნიშნული ზრდით საქართველო 190 ქვეყნიდან მეათე ადგილს იკავებს. აღნიშნული 190 ქვეყნიდან, მთავრობის ვალის ცვლილების საშუალო მაჩვენებელი 18.6%-ს შეადგენდა, მაგრამ 20 ქვეყნის შემთხვევაში, ვალის ფარდობითი მაჩვენებლის კლება დაფიქსირდა. უშუალოდ ქვეყნებიდან, რომლების შემთხვევაშიც ვალის მაჩვენებელი გაიზარდა, მთავრობის ვალის საშუალო ზრდა 21.6%-ს შეადგენდა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ვალი, დანარჩენი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტად გაიზარდა.
ყველაზე მეტად, მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი ესტონეთის შემთხვევაში, 119 %-ით გაიზარდა. მაგრამ, მსგავსი მასშტაბის ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ესტონეთის ფარდობითი მაჩვენებელი მცირე იყო და მშპ-ს მხოლოდ 8.4%-ს შეადგენდა, რაც 18.5%-მდე გაიზარდა. ქვეყნებს შორის, სადაც 2019 წელს მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 30%-დან 50%-მდე მერყეობდა, საქართველოს ვალის აღების მაჩვენებლით მაინც „ლიდერობს“ და ასეთი 65 ქვეყნიდან, მეოთხე ადგილს ინარჩუნებს. ვალის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა უშუალოდ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორისაც. მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობა, მეზობელ ქვეყნებში და საქართველოში წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1: მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებლები 2019-2020* წლებში.
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი