დეზინფორმაცია: ი-რნმ ვაქცინები „მაგნიტურ პროტეინებს“ შეიცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში კოვოდსაწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. Facebook-გვერდის „სამყარო სამყაროს“ მიერ 8, 9 და 10 ივნისს გავრცელებული პოსტების თანახმად, ვაქცინები გენეტიკურად შექმნილ, სინთეზურ, დისტანციური მოქმედების მაგნიტურ „ანტენა პროტეინს“ შეიცავს, რომელსაც ესპანეთში „გასაიდუმლოებულ ნანონაწილაკებად“ მოიხსენიებენ. ეს პროტეინი ვაქცინაციის შემდეგ სისხლში გადადის და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. დეზინფორმატორთა მტკიცებით, სწორედ ამიტომ ხდება საგნების სხეულის სხვადასხვა ადგილზე მიკვრა. ყალბი ამბების გამავრცელებლები ცრუ მტკიცებებს ვაქცინის შენახვის პირობებთან დაკავშირებითაც ავრცელებენ. პოსტის თანახმად, ვაქცინის ნულს ქვემოთ ტემპერატურაზე შენახვის დროს მისი მაგნიტური თვისებები ჩერდება, მაგნიტური თვისებების გამოვლენა ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე იწყება. Facebook-მომხმარებლები აქტიურად აქვეყნებენ ვიდეოებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეკრობა ადამიანის სხეულს მეტალის საგნები ვაქცინაციის ადგილას. დეზინფორმატორთა მტკიცებით, ეს ყველაფერი ვაქცინის ი-რნმ ტექნოლოგიას უკავშირდება.

რას წარმოადგენს ვაქცინაში შემავალი ი-რნმ?

COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი მექანიზმით დამზადებული ვაქცინები Moderna და Pfizer ი-რნმ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ი-რნმ ანუ ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავა წარმოადგენს მოლეკულას, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაში შედის და ლიპიდურ ნანონაწილაკებშია მოქცეული. ლიპიდური ნანონაწილაკები ორგანიზმში ბუნებრივად არსებული ცხიმებისგან (მაგ. ქოლესტერინი) ან მცენარეული ცხიმებისგან (მაგ. მარგარინი) შედგება. ისინი ი-რნმ-ს დაზიანებისგან იცავს. ამასთან ერთად, გარკვეულწილად „ცხიმიან“ გარსს წარმოქმნის, რაც უჯრედებში ი-რნმ-ის მარტივად შეღწევას უწყობს ხელს. Pfizer-ის ვაქცინა გარდა ზემოაღნიშნული ელემენტებისა, მარილებს და საქაროზას შეიცავს, ხოლო Moderna ყველა ზემოჩამოთვლილ ინგრედიენტთან ერთად ძმარმჟავას და მჟავის სტაბილიზატორებსაც შეიცავს. კოვისაწინააღმდეგო ვაქცინების შემადგენლობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ, გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიას.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, მათ შორის ი-რნმ ვაქცინები მკლავის ზედა კუნთში კეთდება. ვაქცინაციის შემდეგ ი-რნმ ადამიანის იმუნურ უჯრედებში აღმოჩნდება. იმუნური უჯრედები, ი-რნმ-ით მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, წვეტოვანი ცილების ხელოვნურად დამზადებას იწყებენ. მას შემდეგ, რაც ორგანიზმში წვეტოვანი ცილების გარკვეული რაოდენობა სინთეზირდება, უჯრედები ი-რნმ-ს შლიან და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება. ვაქცინაციის შემდეგ წარმოქმნილი წვეტოვანი ცილები ორგანიზმისთვის უცხო სხეულია. ამას ადამიანის იმუნური სისტემა აცნობიერებს და იწყებს მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას და ამ წვეტოვანი ცილების განეიტრალებას. შესაბამისად, ორგანიზმი ვაქცინაში შემავალი ი-რნმ-ის ხარჯზე სწავლობს, თუ მომავალში COVID-19-ის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს.

მტკიცება, რომ ი-რნმ ვაქცინაციის შემდეგ სისხლში გადადის და მთელ ორგანიზმში ვრცელდება, ყალბი ამბავია. აღნიშნული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ აქამდეც გადაამოწმა და დადგინდა, რომ ვაქცინაციის შემდეგ ვაქცინის უმეტესი ნაწილი ინექციის ადგილის გარშემო კონცენტრირდება, თუმცა შესაძლოა, მისი მცირე რაოდენობა სისხლშიც მოხვდეს. ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება: „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“.

კემბრიჯის უნივერსიტეტის თანახმად, ი-რნმ ვაქცინების სარგებელი:

• ეფექტურობა: ადრეული კლინიკური კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები მყარ იმუნიტეტს წარმოქმნის.

უსაფრთხოება: რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ვირუსის ფრაგმენტებს არ შეიცავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინის ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა მის დაინფიცირებას არ იწვევს. ამასთან ერთად, რნმ მიმღები ორგანიზმის უჯრედის დნმ-თან არ ინტეგრირდება (არ ცვლის ადამიანის უჯრედის დნმ-ს). მას შემდეგ, რაც ორგანიზმი რნმ-ის საპასუხოდ ცილას ან ცილის ნაწილს წარმოქმნის, რნმ-ის მოლეკულა იშლება და ორგანიზმი მისგან თავისუფლდება.

წარმოება: რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები ლაბორატორიულად უფრო სწრაფად იწარმოება, რაც პანდემიასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაციული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ეკრობათ ადამიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მეტალის ნივთები „ვაქცინის მიღების შემდეგ“. თუმცა, არც ერთ ფოტოსა თუ ვიდეოში ამ ფაქტის დამადასტურებელი რეალური მტკიცებულება არ ჩანს. ი-რნმ ტექნელოგიით დამზადებული ვაქცინები, ისევე როგორც სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, მეტალურ ან მაგნიტურ ელემენტებს არ შეიცავს. აღნიშნულ საკითხს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) გამოეხმაურა. CDC-ის თანახმად, „COVID-19-ის ვაქცინები არ შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, რომლებსაც ინექციის ადგილას ელექტრომაგნიტური ველის წარმოქმნა შეუძლია. COVID-19-ის ვაქცინები თავისუფალია ყველანაირი სახის ლითონისგან: რკინისგან, ნიკელისგან, კობალტისგან, ლითიუმისგან... ამასთან ერთად, COVID-19 ვაქცინის სტანდარტული დოზა ერთ მილილიტრზე ნაკლებია, შესაბამისად, ვაქცინა რაიმე მსგავსს რომც შეიცავდეს, დოზის სიმცირე ვერანაირ მაგნიტურ მიზიდულობას ვერ გაოიწვევდა“.

რატომ არის საჭირო კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე შენახვა?

ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები Pfizer და Moderna საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. ამის მიზეზი ვაქცინებში შემავალი ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავაა (ი-რნმ). ი-რნმ - თავის მხრივ, საკმაოდ მყიფე და არამდგრადია, ის სტანდარტულ, რეგულარულ ტემპეტარუტაზე სწრაფად და მარტივად იშლება. მეცნიერებმა გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ ი-რნმ-ს შედარებით მეტი სტაბილურობა შესძინეს. პირველ რიგში, შეცვალეს ი-რნმ-ის ნუკლეოზიდები - ი-რნმ-ის „საშენი ბლოკები“, შემდეგ კი ი-რნმ მოათავსეს ლიპიდურ ნანონაწილაკებში და Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებში წარმატებით დააინტეგრირეს. თუმცა იმისთვის, რომ ვაქცინებში ი-რნმ სტაბილური სახით შენაჩუნედეს და მოლეკულის დეგრადაცია არ მოხდეს, ამ სამუშაოებთან ერთად, საჭიროა ვაქცინების ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაზე შენახვა. Moderna-ს შემთხვევში ეს ტემპერატურა არის (-20°C), ხოლო Pfizer-ის შემთხვევაში - (-70°C), რაც ბევრად უფრო დაბალი ტემპერატურაა, ვიდრე სტანდარტულ საყინულეში გვხვდება.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5429 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი