გიორგი ვაშაძე: 396 000 ლარი გადავიხადეთ თბილისი მყარი ნარჩენების პროექტის რეალიზებისთვის, პროექტი კი არ კეთდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 15 მილიონი ევრო გამოყო. პროექტის ბიუჯეტმა 2019-2020 წლებში ჯამში 47 მილიონი ლარი შეადგინა ( 2019 - 20 მლნ, 2020 - 27 მლნ), საიდანაც მხოლოდ 495 600 ლარი იქნა ათვისებული, რაც ბიუჯეტის 1.05%-ს შეადგენს. ხაზგასასმელია, რომ 2020 წელს პროექტის ფარგლებში თანხები არ დახარჯულა (ათვისება - 0). ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშიც აღიარებულია, რომ პროექტი შეფერხებით მიმდინარეობს და ამის მიზეზად მოუმზადებელი და ჩავარდნილი ტენდერები და ტექნიკური დეტალების არაოპტიმალური გადაწყვეტა სახელდება.
რაც შეეხება სესხის მომსახურებას, ამ მიზნით, 2019-2020 წლებში დედაქალაქის ბიუჯეტიდან 401 200 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტისთვის აღებულ ვალზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „EBRD-ის სესხია აღებული, რომლის ოდენობა 2019 და 2020 წლებში განისაზღვრა 20 და 27 მლნ ლარით, რომლის ათვისება 2019 წელს იყო 0.6 მლნ ლარი, 2020 წელს კი თანხის ათვისება არ მომხდარა, სესხის მომსახურებაზე კი აღნიშნულ წლებში 396 000 ლარი გადავიხადეთ. სესხი გვაქვს, ფული გადავიხადეთ, პროექტი არ კეთდება“.
თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შეთანხმება 2018 წლის 27 ნოემბერს შედგა. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროსა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით 15 მილიონი ევრო თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის განსახორციელებლად გამოიყო. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება და დედაქალაქის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიის პროექტის შემუშავება უნდა განხორციელდეს. კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება (დაახლოებით 80 ერთეული ახალი ნაგავმზიდი და 7 მექანიკური დამგველი მანქანის შეძენა), თბილისის მყარი ნარჩენების (ლილოს) ნაგავსაყრელზე ნაჟური წყლის (ლიჩეტის) სისტემის რეაბილიტაცია, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე ნარჩენების გადამტვირთი სადგურის რეაბილიტაცია და ნაგავზიდი მანქანების გადაიარაღება იგეგმებოდა.
აღნიშნული ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტმა 2019 წლის 19 მარტს მოახდინა.
თბილისის ბიუჯეტის 2019, 2020 წლის შესრულების ანგარიშის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების იმავე პერიოდის შესრულების ანგარიშის მიხედვით, თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის (561306 EBRD) 2019 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იყო, საიდანაც წლიურმა ათვისებამ 495 600 ლარი შეადგინა. 2020 წელს პროექტის ბიუჯეტი 27 მლნ ლარი იყო, წლის ფაქტი კი 0 ლარი, ანუ 2020 წელს პროექტის ფარგლებში თანხა არ დახარჯულა. ჯამში, ორი წლის მანძილზე პროექტის ბიუჯეტის ათვისებამ 1.05% შეადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების შესრულების ანგარიშზე დართული განმარტების მიხედვით, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის პირველი კომპონენტის ფარგლებში (ავტოპარკის განახლება), 2020 წლის ივლისში საოპერაციო მანქანების და სპეცტექნიკის შესყიდვის მიზნით ტენდერი 2020 წლის ივლისში გამოცხადდა. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) წესების შესაბამისად, ტენდერის მეორე ეტაპზე მინიმუმ ორი პრეტენდენტი უნდა გადავიდეს, რაც ვერ მოხერხდა და ტენდერი გაუქმდა. თავიდან მოხდა სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერი 2021წლის მარტში გამოცხადდება.
იგივე განმარტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულების მეორე კომპონენტის (გადამტვირთავ სადგურზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები) ფარგლებში, EBRD-თან ტექნიკური სპეციპიკაციების დაზუსტება დასრულებულია. ბანკის წარმოდგენილი კომენტარებისა და რეკომენდაციების საფუძველზე სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდა. ტენდერი გამოცხადდება მარტის დასასრულში.
რაც შეეხება სასესხო ხელშეკრულების მესამე კომპონენტს (ნაჟური წყლების სიტემის მოწყობა), ამავე განმარტების მიხედვით, ხელახალი განხილვების შედეგად გამოვლინდა, რომ მიღებული საინჟინრო გადაწყვეტილება იყო არაოპტიმალური, რის საფუძველზეც „თბილსერვის ჯგუფმა“ კონსულტანტების მეშვეობით მოლაპარაკებები და ინფორმაციის მოძიება დაიწყო, რათა ნაჟური წყლის გამწმენდი ნაგებობის სამუშაოების დაწყების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. ამ ეტაპზე, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და EBRD-თან ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზის (Feasibility Study) ჩატარების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი ტენდერის გამოცხადების თარიღი.
როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის ორ კომპონენტზე ტენდერი 2021 წლის მარტის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდის მიხედვით, „თბილსერვის ჯგუფს“ მიმდინარე წელს სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე (შესყიდვების კატეგორია 34100000) ორი ტენდერი აქვს გამოცხადებული.მარტში გამოცხადებული ტენდერის (NAT210005005) შესყიდვის საგანი პიკაპის ტიპის ოთხი ერთეული ავტომობილი იყო. ტენდერში ერთი პრეტენდენტი - ამხანაგობა „კია მიცუბიში“ მონაწილეობდა, რომელთანაც საბოლოო ჯამში ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ღირებულებამ 1 708 757 ლარი შეადგინა.
მეორე ტენდერი (NAT210009415) მაისის თვეში გამოცხადდა. ტენდერის ფარგლებში 3 ერთეული ნაგავშემკრები შემოვლის დახურულძირიანი ავტომობილის შეძენა იგეგმება. ტენდერში შპს „ასპ-გრუპ“-მა გაიმარჯვა, რომლის საბოლოო შეთავაზება 396 900 ლარი იყო. ამჟამად ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.
რაც შეეხება გადამტვირთავ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარე წელს, ჯერჯერობით, „თბილსერვის ჯგუფს“ მსგავსი სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ გამოუცხადებია.
რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის ( EBRD-თან) აღნიშნული სესხის მომსახურებას, თბილისის ბიუჯეტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის მყარი ნარჩენების სესხის მომსახურებაზე 2019 წელს 144 000 ლარი, ხოლო 2020 წელს 257 200 ლარი დაიხარჯა, ჯამში, ორ წელიწადში სესხის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯმა 401 200 ლარი შეადგინა.
როგორც განხილული მასალიდან ირკვევა, თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის სესხის მომსახურებაზე ორ წელიწადში 401 200 ლარი დაიხარჯა. ამასთანავე, პროექტის ბიუჯეტის ორწლიანი ათვისება ძალიან დაბალი - 1.05%-ია. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშიც აღიარებულია, რომ პროექტი შეფერხებით მიმდინარეობს და ამის მიზეზად მოუმზადებელი და ჩავარდნილი ტენდერები და ტექნიკური დეტალების არაოპტიმალური გადაწყვეტა სახელდება. აქედან გამომდინარე, გიორგი ვაშაძის განცხადება არის სიმართლე.