იტვირთება

ანტივაქსერული და ყალბი გზავნილები თინა თოფურიას საავტორო გადაცემაში

სოციალურ ქსელში ანტივაქსერი თინა თოფურიას საავტორო გადაცემის „მეცნიერთა კლუბი“ ჩანაწერი ვრცელდება. გადაცემაში წამყვანმა და მისმა სტუმარმა დავით თორდიამ არაერთი ანტივაქსერული და დეზინფორმაციული გზავნილები გააჟღერეს.

მტკიცება: ბილ გეითსის ცოცხალი ინტერვიუ არსებობს, რომელიც ამბობდა 9 მილიარდია დედამიწაზე და 7 მილიარდი უნდა გაწყდესო. და მოგვიწოდებენ ამ კაცის გამოშვებული ვაქცინა გავიკეთოთ.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

დავით თორდიას მტკიცება, რომ ბილ გეითსის მიზანი მოსახლეობის შემცირებაა და ამის მიღწევას ვაქცინებით ცდილობს, არის დეზინფორმაცია.

„მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 2011 წელს TED კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ნულოვან დონემდე დაყვანის გეგმაზე ისაუბრა. ბილ გეითსი განმარტავს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეს სამყაროში რა ძირითადი ფაქტორები განსაზღვრავს, მათ შორისაა, მოსახლეობის რაოდენობა. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მან აღნიშნა: „დღეს მსოფლიო მოსახლეობა შეადგენს 6.8 მილიარდს. ეს რაოდენობა მოიმატებს 9 მილიარდამდე. თუ ჩვენ გავაძლიერებთ მუშაობას ახალი ვაქცინების შემუშავებისა და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების კუთხით, ჩვენ მოსახლეობის ზრდის ტემპს 10-15 პროცენტით შევამცირებთ“. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ბილ გეითსი მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელებაზე და არა მოსახლეობის შემცირებაზე საუბრობს. ამასთან, ბილ გეითსი საჭირო ვაქცინების დროულად გამოგონების აუცილებლობას უსვამს ხაზს, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა სიკვდილიანობას შეამცირებს, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის ზრდის ტემპს შეანელებს. როგორც ცნობილია, განვითარებად ქვეყნებში მრავალშვილიანობა დიდი რაოდენობის მუშახელის საჭიროებით და განუვითარებელი ჯანდაცვის პირობებით აიხსნება.

მტკიცება: საქართველოში სიკვდილიანობა წინა წელთან შედარებით 0.3%-ით ნაკლები იყო. ამ დროს ერთადერთი არგუმენტი აქვთ, რომ პანდემია ხალხს ხოცავს.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

თინა თოფურიას მტკიცება, რომ პანდემიის პერიოდში ქვეყანაში გარდაცვლილთა ჯამური რიცხოვნობა არათუ გაიზარდა, არამდე შემცირდა, არის ყალბი ამბავი.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 8.3%-ით [3,878 ერთეულით] გაიზარდა. გასულ წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა, 2017-2018 წლების მაჩვენებელსაც მკვეთრად აღემატება (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2020 წელს გარდაცვლილთა ყოველთვიურ სტატისტიკას თუ გავაანალიზებთ, ნათლად ჩანს, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა და ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ნოემბერ-დეკემბერში დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდთან თანხვედრაშია. 2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარდაცვლილთა რიცხოვნობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, 4 717-ით აღემატება. ოქტომბერ-დეკემბერში COVID-19-ით გარდაცვალების 2 466 შემთხვევა აღირიცხა. ამ პერიოდში COVID-19-ით გარდაცვალება შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე რეგისტრირებული მონაცემები.

---------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი