ზვიად გოგიაშვილი ტელეკომპანია „ილიონის“ ეთერში COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

20 ივნისს ტელეკომპანია „ილიონის“ ეთერის სტუმარმა ზვიად გოგიაშვილმა კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის შემცველი მტკიცებები გააჟღერა. გოგიაშვილი ფაქტების დამახინჯებულად წარმოჩენით კოვიდვაქცინებისადმი საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას უწყობს ხელს. ვიდეოს Facebook-ზე 43 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

მტკიცება #1: ბელგიელმა იმუნოლოგმა გერტ ვანდენ ბოშემ იწინასწარმეტყველა და ჩაწერა ვიდეომიმართვა, რომ ეპიდემიის პირობებში, როდესაც ვირუსული ტვირთი ისედაც ძალიან მაღალია, კიდევ დამატებით ვაქცინის გაკეთება გამოიწვევდა ახალი ვირუსული შტამების აფეთქებას

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გერტ ვანდენ ბოში ბელგიელი მეცნიერი/ვეტერინარია, რომელმაც 2021 წლის 6 მარტს მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებასა და ექსპერტებს ღია წერილით მიმართა. წერილში ბოში ამტკიცებს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაანადგურებს. ბოში მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტური აღმოჩნდება. ბოშის მტკიცებით, სიტუაციას ის გარემოებაც გაამწვავებს, რომ უკვე აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, ვირუსის ახალ სახეობებთან გამკლავება ნაკლებად შეეძლებათ.

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას, ახალი მუტაციების გამოწვევას და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

ამასთან ერთად, ბელგიელი ვეტერინარის მტკიცება, რომ COVID-19-ის ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიანტებს გამოიწვევს, მცდარია. მათ მიერ ვირუსის გადატანის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით მტკიცებულება არსებობს.

ასევე, უნდა ითქვას, რომ COVID-19-ის ვაქცინები, ბოშის მტკიცების საწინააღმდეგოდ, უსაფრთხოა და ვაქცინაციის შედეგად „ახალგაზრდების გენოციდზე“ ან მოსახლეობის დიდი ნაწილის სიცოცხლის მოსპობაზე მტკიცებები რეალურ საფუძველს მოკლებულია.

ვაქცინირებულ ადამიანებთან დაკავშირებით დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

მტკიცება #2: დღემდე არავის არ უთქვამს, რომ რაიმე პანდემია შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით დამარცხდეს, ეს არის აბსოლუტური ტყუილი

ვერდიქტი: მეტწილად მცდარი

ვაქცინაცია მედიცინის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვაქცინაციის საშუალებით, ყოველწლიურად, 2-3 მილიონი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხერხდება. გლობალურად ვაქცინაციის მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში, დამატებით 1.5 მილიონი ადამიანი გადარჩებოდა. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ვაქცინები უკვე ხელმისაწვდომი გახდა, გაჩნდა კითხვა, აღნიშნული ვაქცინები პანდემიას დაასრულებდა, თუ - არა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შეჩერების ერთადერთი რეალური გზა მასობრივი ვაქცინაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი, ის ინფექციის გადადების ჯაჭვის გასაწყვეტად აუცილებელია. ზოგადად, პანდემიასთან გასამკლავებლად „ჯოგურ იმუნიტეტად“ ცნობილი „პოპულაციური იმუნიტეტია“ საჭირო. მსგავსი იმუნიტეტი მასობრივი იმუნიზაციით ან ინფექციის გადატანით გამომუშავდება. თუმცა „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“ (ჯანმო) ვაქცინაციით გამომუშავებულ პოპულაციურ იმუნიტეტს უჭერს მხარს, რადგან ამ დროს მასობრივი სიკვდილიანობა თავიდან იქნება აცილებული

ჰარვარდის იმუნოლოგთა განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი უფრო ინფექციური ვარიანტები დაფიქსირდა, პანდემიის დასრულებისთვის ამჟამად არსებული ვაქცინები საკმარისად ეფექტურად ითვლება.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა გალიტ ალტერმა განაცხადა, რომ მაშინაც კი, თუ ვაქცინების ეფექტურობა 95%-დან 70%-მდე დაეცემა, ვაქცინაციით პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების შესაძლებლობა მაინც რჩება, რასაც პანდემიის დასრულება შეუძლია. ალტერის თანახმად, ვაქცინებით გამომუშავებულ იმუნიტეტს შეუძლია, პოპულაციაში ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეამციროს. ადრეული კვლევები ცხადყოფს, რომ მაღალი ეფექტურობის მაჩვენებლის მქონე ვაქცინების შემთხვევაში პოპულაციური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მსოფლიო მოსახლეობის 50%-60% უნდა იყოს ვაქცინირებული. ვაქცინის ეფექტურობის 70%-მდე შემცირების შემთხვევაში კი, ჯოგური იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად, მსოფლიო მოსახლეობის 75% მაინც უნდა აიცრას, რაც არც ისე მარტივი, მაგრამ მიღწევადია. მასობრივი ვაქცინაციით გამომუშავებული პოპულაციური იმუნიტეტი კი პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზაა.

მტკიცება #3: ვირუსთან ორგანიზმის შეჯახება, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხის იმუნიტეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ნებისმიერი ვაქცინა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

როგორც კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ, ისე ვაქცინაციის შემდეგ, გამომუშავდება იმუნიტეტი, რომელიც პირს დაინფიცირებისგან იცავს. თუმცა რამდენ ხანს ძლებს იმუნიტეტი (როგორც ბუნებრივი გზით, ისე ვაქცინაციის შემდეგ გამომუშავებული) ამასთან დაკავშირებით ჯერ ზუსტი ცნობები არ არსებობს და უფრო მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო. შესაბამისად, იმის დაზუსტებით თქმა, რომ ბუნებრივი გზით გამომუშავებული იმუნიტეტი გაცილებით უფრო მაღალი ხარისხისაა ვიდრე ვაქცინით, ჯერჯერობით შეუძლებელია.

არსებობს კონკრეტული დაავადებები, რომელთა გადატანის შემდეგ უფრო ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავება ხდება, ვიდრე ვაქცინაციით. მაგალითად, ბოსტონის საყოველთაო ჯანდაცვის კომისიის თანახმად, წითელათი ან ყბაყურათი ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავს ადამიანს ხელახლა დაინფიცირებისგან, მაშინ, როცა მათი საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ მაინც არსებობს რისკი დაინფიცირების. თუმცა, ბუნებრივია, ვაქცინაცია ამ ვირუსების გავრცელებას ზღუდავს და ამცირებს.

თუ ახალი კორონავირუსი ამ ოჯახის ვირუსების, მაგალითად ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) მსგავსია, მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინფიცირების შედეგად გამომუშავებულმა იმუნიტეტმა პირი ხელახლა ინფიცირებისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე დაიცვას. თუმცა, კვლევებით გარკვეული პოზიტიური მიგნებები გამოიკვეთა.

თებერვალში გამოქვეყნებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პირებმა, რომელებმაც კორონავირუსი გადაიტანეს „მნიშვნელოვანი იმუნური მეხსიერება“ შეიძინეს, რამაც ზოგ შემთხვევაში 6, ზოგ შემთხვევაში კი 8 თვე იმოქმედა. ივნისში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, 1,359 ამერიკელი ჯანდაცვის თანამშრომელი, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს და არ იყვნენ ვაქცინირებული, 5 თვის განმავლობაში ხელახლა აღარ დაინფიცირებულან.

მეცნიერები დანამდვილებით ჯერ ვერაფერს ამბობენ, თუმცა ზოგიერთმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც COVID-19 მძიმე ფორმებში ჰქონდათ, უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია გამოუმუშავდათ, ვიდრე მათ, ვინც დაავადება მსუბუქი ფორმით გადაიტანეს. ექიმ ბილ ჰენაგეს თანახმად, მათ, ვინც ვირუსი მარტივ ფორმებში გადაიტანეს, სავარაუდოდ, იმუნიტეტი არც ისე დიდი ხნის მანძილზე დაიცავს რეინფიცირებისგან, თუმცა „ასეთი ადამიანები ვაქცინისგან უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ, ვიდრე დანარჩენები“

ბუნებრივი გზით გამომუშავებული იმუნიტეტის ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა რაოდენობის ვირუსით დაინფიცირდა პირი და როგორ ფორმებში მიმდინარეობდა დაავადება. ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის შემთხვევაში ეს განსხვავებები არ გვხვდება, რადგან ვაქცინაციის დროს ყველა პაციენტი შესაბამისი ვაქცინის ერთი და იგივე დოზით იცრება. ამასთან ერთად, ვაქცინა არ იწვევს ორგანიზმის ინფიცირებას და ისეთ გართულებებს, რისი გადატანაც პაციენტს ინფიცირების დროს უწევს. მართალია, ექსპერტებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, თუ რამდენი ხანი მუშაობს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი, თუმცა ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვირუსის გადატანის შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი.

მტკიცება #4: 4 თვის განმავლობაში აშშ-ში სხვადასხვა სახის ვაქცინით გარდაცვლილია საშუალოდ დღეში 30 ადამიანი...როგორ შეიძლება ეს ვაქცინები ვინმემ ჩათვალოს უსაფრთხოდ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მოცემული მტკიცება პირველად ტელეკომპანია Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კრალსონმა 5 მაისს გააჟღერა. მისი თქმით: „2020 წლის დეკემბრიდან გასულ თვემდე შუალედში აშშ-ში კოვიდვაქცინის მიღების შემდეგ სულ 3 362 ადამიანი გარდაიცვალა, ეს საშუალოდ დღეში 30 ადამიანი გამოდის“. მისი თქმით, გარდაცვლილთა რეალური რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე მოცემული მაჩვენებელი და ცხადია, რომ ის, რაც ახლა ხდება, არ არის ნორმალური. კარლსონის განცხადებით, აღნიშნული რიცხვი VAERS-ის მონაცემთა ბაზიდანაა მოპოვებული.

VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) ვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემაა. პლატფორმა ღია წყაროს მიეკუთვნება და აქ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება გასაჯაროებამდე არ ხდება. VAERS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ „მხოლოდ VAERS-ის ანგარიშები არ არის საკმარისი იმის დასადგენად, გამოიწვია, თუ - არა კონკრეტულმა ვაქცინამ გვერდითი მოვლენა ან რაიმე სახის გართულება, რადგან მონაცემები შეიძლება იყოს არასრული, არაზუსტი ან გადაუმოწმებელი“. ვაქცინაციის შემდეგ სიკვდილი მაინცდამაინც არ გულისხმობს ვაქცინის გამო სიკვდილს. ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინების სასწავლო ცენტრის დირექტორის პოლ ოფიტის თანახმად, ნებისმიერ პირს შეუძლია VAERS-ის სისტემაში ანგარიშის წარდგენა. „მე ჩემს შვილს შემიძლია გავუკეთო ვაქცინა, შემდეგ დავწერო ერთგვერდიანი ანგარიში, სადაც ვიტყვი, რომ ის „ჰალკად“ გადაიქცა და ეს ანგარიში ავტვირთო VAERS-ის სისტემაში“. თუმცა ოფიტმა აქვე განაცხადა, რომ სისტემა მეცნიერებს ჰიპოთეზების გენერირებაში ეხმარება. მაგალითად ვაქცინა „ჯონსონი და ჯონსონის“ შემთხვევაში, VAERS-ის სისტემაში დაფიქსირდა ვაქცინაციის შემდეგ სისხლის კოლტების წარმოქმნის შესახებ ინფორმაცია, რამაც ექსპერტებს ვაქცინის გამოყენებისგან დროებით თავის შეკავებისკენ უბიძგა.

რაც შეეხება აშშ-ის შემთხვევას, CDC-მ VAERS-ის სისტემაში არსებული 2020 წლის 14 დეკემბრიდან 3 მაისის ჩათვლით არსებული გარდაცვალებასთან დაკავშირებული ყველა ანგარიში გააანალიზა. სააგენტომ გარდაცვალების მოწმობების, აუტოფსიის შედეგების და სამედიცინო ჩანაწერების ძირეულად მიმოხილვის შემდეგ განაცხადა, რომ კავშირი პირების გარდაცვალებასა და კორონავირუსის ვაქცინას შორის არ დადგინდა.

5 მაისის მონაცემებით, დაახლოებით 150 მილიონი ამერიკელი კორონავირუსის ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით მაინც იყო ვაქცინირებული. მათი უმეტესობა ხანდაზმულები და მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ. ექიმი ვილიამ მოსის განცხადებით, „როდესაც კორონავირუსის ვაქცინით ხანდაზმულებს ცრიან, ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილთა მაჩვენებელი შეიძლება იყოს მაღალი, რადგან ხანდაზმული ვაქცინის გაკეთების გარეშეც, რაიმე მიზეზით შეიძლება გარდაცვლილიყო“.

შესაბამისად, მტკიცება, რომ ამერიკაში 4 თვის განმავლობაში სხვადასხვა სახის ვაქცინით საშუალოდ დღეში 30 ადამიანია გარდაცვლილი, ყალბი ამბავია.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.