იტვირთება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გადაწყვიტა, სამედიცინო ხელთათამანები პირდაპირი წესით შეისყიდოს. მიმდინარე წლის 31 მაისს სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ნიკა ცხვრაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორს მიმართა წერილით, რომელშიც ის შესყიდვას გადაუდებელი აუცილებლობით ასაბუთებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით ოფიციალურად დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამო, აგრეთვე „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართვლოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების შესაბამისად, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჭიროა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომუშავე თანამშრომლებისთვის არასტერილური ლატექსის ხელთათმანების შესყიდვა.

წერილიდან ვიგებთ, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON210000069) გამარჯვებული კომპანია შპს „ემ აი დის" საქონლის მიწოდების ვადად 2021 წლის 13 მაისიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღე განესაზღვრა. თუმცა, როცა ხელთათმანების ვადაზე ადრე მიწოდების საკითხი დადგა, მან შემსყიდველს შეატყობინა, რომ შესყიდვის ობიექტს სახელშეკრულებო ვადაზე ადრე ვერ მიაწოდებდა.

შემსყიდველი აღნიშნავს, რომ სამსახურის საწყობში არასტერილური ლატექსის ხელთათმანების მარაგი ამოიწურა, ხოლო ახლის მიწოდება 7-8 კვირაზე ადრე ვერ მოხერხდება, რაც საფრთხეს შეუქმნის სამსახურის თანამშრომელთა, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. სწორედ ამ მიზეზით ითხოვა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დირექტორისგან, რომ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა მიეცა.

საუბარია 44 800 ლარის ღირებულების 30 000 წყვილი M ზომისა და 50 000 წყვილი L ზომის ხელთათმანის შესყიდვაზე, რაზეც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელისგან თანხმობა მიიღო, ვინაიდან კონსოლიდირებულ ტენდერში (CON210000268) გამარჯვებული ამ ეტაპზე საქონლის ვადაზე ადრე მიწოდებას ვერ ახორციელებს. კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია გადაუდებელი ვითარება, პენიტენციური სამსახური პასუხობს, რომ მისთვის კომპანიის მიერ საქონლის მიწოდების ვადა 28 მაისს, მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გახდა ცნობილი.

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულება კი 185 385 ლარს შეადგენს. ამ ფასად უწყებამ 130 350 M ზომისა და 146 150 L ზომის ხელთათმანი შეისყიდა. შპს „ემ აი დი“ ვალდებულია, რომ შემსყიდველს საქონელი 2021 წლის 30 სექტემბრამდე ჩათვლით პერიოდში მიაწოდოს. აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიმწოდებელს, ავანსის სახით, 111 231 ლარი უკვე გადაუხადა.

მიმდინარე წლის 3 ივნისს უწყებამ შპს „დენსტალ დენტთან“ 44 800-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. შესყიდვა გამარტივებული წესით (CMR210074127) განხორციელდა და ხარჯი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 4 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, შპს „დენტსტალ დენტმა“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 30 000 წყვილი M ზომისა და 50 000 L ზომის ლატექსის არასტერილური სამედიცინო ხელთათმანი უკვე მაიწოდა.


მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი