ლევან ანთაძე: „შეგიძლიათ, გახსნათ ის საიტი, რეგისტრაცია სადაც ხდება და ნახავთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში ფიზიკურად არ არის, არის მხოლოდ ქედაში, შუახევსა და ხულოში - დღევანდელი [17. 06. 2021 მდგომარეობით]. 12 მაისს შეწყდა სინოფარმზე რეგისტრაცია. შემდეგ წყვეტა იყო სინოვაკზე რეგისტრაციაში“...
ვერდიქტი: ლევან ანთაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია 2021 წლის 13 მარტს შემოიტანეს. 43 200 დოზა ვაქცინა თავდაპირველად მედპერსონალის ასაცრელად იყო გათვალისწინებული. ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. აჭარაში აცრის მსურველების ნაკლებობა შეინიშნებოდა. აპრილიდან პროცესში ჩართვის სურვილი მეტმა მოქალაქემ გამოთქვა. 4 მაისს ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა „სინოფარმი“, თუმცა თავისუფალი ადგილები სწრაფად შეივსო და 6 მაისს ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ვაქცინის დაჯავშნა შეუძლებელი გახდა.
12 მაისს „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეწყდა. იმ დროს აღნიშნული ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, პრობლემა მოქალაქეების მაღალი აქტიურობით იყო გამოწვეული.
28 მაისს ბათუმში უკვე ახალი ვაქცინით, „სინოვაკით“ აცრის პროცესი დაიწყო. თუმცა ვაქცინის საკმარისი დოზა ვერც ამჯერად შემოიტანეს. ამიტომ აჭარის რეგიონში თავისუფალი ადგილები მალევე დაიჯავშნა. 18 ივნისის მდგომარეობით, პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეუძლებელია და მსურველებს ლოდინი მოუწევთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსის, ნინო გუგუშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინები მილევადია. პირველი დოზით აცრა მხოლოდ „ასტრა ზენეკათი“ მიმდინარეობს ბათუმის ორ და ქობულეთის ამდენივე დაწესებულებაში. სხვა ვაქცინები ხელმისაწვდომი არაა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოს („ფაქტ-მეტრი“ მას პარასკევს ესაუბრა) ეცოდინებათ, რამდენად იქნება ხელმისაწვდომი „სინოვაკი“ და ამის შემდეგ, ახალი ჯავშნები გამოცხადდება.
ანალიზი: აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძემ განაცხადა: „შეგიძლიათ, გახსნათ ის საიტი, რეგისტრაცია სადაც ხდება და ნახავთ, რომ „სინოვაკის“ ვაქცინა ბათუმში, ხელვაჩაურში, ქობულეთში ფიზიკურად არ არის, არის მხოლოდ ქედაში, შუახევსა და ხულოში - დღევანდელი [17. 06. 2021 მდგომარეობით]. 12 მაისს შეწყდა სინოფარმზე რეგისტრაცია. შემდეგ წყვეტა იყო სინოვაკზე რეგისტრაციაში“...
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოში 43 200 დოზა ვაქცინა მიმდინარე წლის 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო. პირველ ეტაპზე AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად იყო განკუთვნილი. 30 მარტს ხელმისაწვდომი გახდა Pfizer-იც. მედიკოსების ნაწილი აცრის გაკეთების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ვაქცინაზე დიდი მოთხოვნა არ შეინიშნებოდა. ამიტომ სპეციალურად შექმნილ საიტზე მოქალაქეებს ელექტრონული რეგისტრაციის გავლა და ვაქცინის დაჯავშნა შეუფერხებლად შეეძლოთ. „ფაქტ-მეტრმა“ ამის შესახებ უკვე დაწერა.
მოგვიანებით, უკვე აპრილის მეორე ნახევრიდან, აცრის გაკეთების მსურველთა რაოდენობამ მოიმატა და ორივე ზემოხსენებული ვაქცინის დაჯავშნა გართულდა. მაგალითად, 30 აპრილს ბათუმში რეგისტრაცია შეუძლებელი იყო. მით უფრო, მას შემდეგ, რაც 30 მარტს გამოცხადდა, რომ სამედიცინო პერსონალის გარდა, აღნიშნული ვაქცინით აცრას 65 წელს ზემოთ ასაკის მქონე პირებიც შეძლებდნენ. ცოტა ხნის შემდეგ კი გადაწყდა, რომ „ასტრაზენეკა“ ხელმისაწვდომი იქნებოდა 55 წელს გადაცილებული პირებისთვისაც, ხოლო 11 მაისს ასაკმა 45 წლამდე დაიწია.
მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სწორედ „ასტრა ზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთება სურდა, მაგრამ მთავრობამ საკმარისი რაოდენობის ვაქცინა ვერ შემოიტანა, რადგან, როგორც თვითონ განმარტა, ფიზიკურად არ იყო ხელმისაწვდომი.
ამიტომ აჭარაში ვაქცინის მსურველთა დიდი ნაწილი „სინოფარმზე“ დარეგისტრირდა. აღნიშნული ვაქცინით აცრის პროცესი 4 მაისს დაიწყო. პირველ დოზაზე რეგისტრაციაში პრობლემა უკვე 6 მაისს გაჩნდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. იმ დროისთვის ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ვაქცინის თავისუფალი დოზები უკვე აღარ იყო. მსურველები ქედაში, შუახევსა და ხულოში, ასევე საქართველოს სხვა პატარა მუნიციპალიტეტებში არსებულ დოზებზე რეგისტრირდებოდნენ, რადგან იქ ვაქცინაზე დაბალი მოთხოვნა იყო.
12 მაისს „სინოფარმზე“ რეგისტრაცია შეწყდა და უკვე მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. აღმოჩნდა, რომ მოქალაქეთა ნაწილმა უპრობლემოდ ვაქცინის მეორე დოზის დაჯავშნაც ვერ მოახერხა. შეფერხება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ცენტრმა განმარტა, რომ პრობლემა მოქალაქეების მაღალი აქტიურობით იყო გამოწვეული.
28 მაისს ბათუმში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო. ვინაიდან როგორც ცენტრალურმა, ისე რეგიონის მთავრობამ ტურისტული სეზონის უსაფრთხო გახსნა დააანონსა, გადაწყდა, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ორგანიზებულად აიცრებოდნენ. თუმცა ივნისის დასაწყისში ვაქცინის საკმარისი დოზა აჭარაში არ იყო და პროცესი ვერ დაიწყო (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
16 ივნისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება, როგორც თბილისში, ასევე - რეგიონებში, ივლისის თვიდან იგეგმება, იმ დოზების ხარჯზე, რომელთა მიღებასაც ქვეყანა ელოდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე არსებული დოზები ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესაბამისი არ არის. მისივე თქმით, საჭირო გახდება ვაქცინაციის ადგილების შექმნა და ბრიგადების დამატება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, არსებული მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, 200-მდე ბრიგადა მოქმედებს და ამდენივე უნდა დაემატოს, განსაკუთრებით - რეგიონებში, რათა მოსახლეობის საკმარისი რაოდენობა მოიცვას.
18 ივნისის მდგომარეობით კი რეგიონში ვაქცინის თავისუფალი დოზები ამოწურულია და პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეუძლებელია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსმა ნინო გუგუშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ განმარტა, რომ ამ ეტაპზე ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინის დოზები მილევადია და პირველი დოზებიდან, მხოლოდ „ასტრა ზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს ბათუმის ორ და ქობულეთის ამდენივე დაწესებულებაში. ჩვენ ნინო გუგუშვილს პარასკევს ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ამ კვირის ბოლოს ეცოდინება, რამდენად იქნება ხელმისაწვდომი სინოვაკი, რის შემდეგაც ახალი ჯავშნები გამოცხადდება.
ინფორმაციისთვის, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, 18 ივნისის მდგომარეობით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 22 718 მოქალაქეს გაუკეთდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ, საქსტატის მონაცემებით, აჭარაში 354 900 ადამიანი ცხოვრობს, გამოდის, რომ ვაქცინირებულთა წილი რეგიონის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 6,4%-ს შეადგენს.