აჭარაში ტურიზმის სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება. ამის შესახებ რეგიონის პირველმა პირმა სხდომაზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს მოუწოდა, რომ ტურისტული სეზონის მაქსიმალურად უსაფრთხოდ ჩასატარებელი ღონისძიებები განახორციელონ.

ბათუმსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში უცხოელი და ქართველი ტურისტები სეზონის გახსნამდე გამოჩნდნენ. სტუმრების მისაღებად კი სასტუმროების, კვებისა და სხვა ტურისტული ობიექტების თანამშრომლების უმეტესობას კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერაც არ გაუკეთებია. სეზონის უსაფრთხოდ ჩასატარებლად, ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა. მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი უკვე ხუთ პირს დაუდასტურდა, საიდანაც ორი საქართველოს მოქალაქეა. მართალია, ეპიდემიოლოგები გვამშვიდებენ, რომ მათი კონტაქტები მოკვლეულია, მაგრამ ყველას გვახსოვს, როგორ იფეთქა ვირუსმა ახალი ძალით სწორედ 2020 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ, ჯერ -აჭარაში და მერე მთელ საქართველოს გადაუარა. მაშინ ვეღარც კონტაქტებს იკვლევდნენ და კლინიკებში ადგილებიც აღარ იყო.

გამოსავალი ვაქცინაციაა. უკვე დადასტურდა, რომ „ასტრაზენეკა“ და „ფაიზერი“, მართალია, შემცირებული ეფექტიანობით, მაგრამ მაინც, კორონავირუსის ინდურ შტამზეც მოქმედებს. ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეკოვმა მედიასთან თვითონ განაცხადა. მისივე თქმით, გამორიცხული არაა, რომ ინდური შტამის წინააღმდეგ „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“ ეფექტური იყოს.

თუმცა თვითონ ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ჯერაც ვერ შემოიტანეს. ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, პირად საუბრებში, გვეუბნებიან, რომ მათ ვაქცინის გაკეთების სურვილი აქვთ, თუმცა ბათუმში ამას ვერ ახერხებენ. მთავრობამ კი ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ ტურისტულ სექტორში დასაქმებულების ორგანიზებულად აცრა მალე დაიწყებოდა.

თითქმის ერთი თვე გავიდა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ კონკრეტულად ვერ გვიპასუხა, როდის დაიწყება, ან რა დრო დასჭირდება ტურისტულ სექტორში დასაქმებულთა საჭირო რაოდენობის მობილიზებას და მათ ორგანიზებულად ვაქცინაციას. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე (1 ივნისი) აღნიშნული პროცესი ჯერ არ დაწყებულა. თუმცა თითოეულს შეუძლია, ინდივიდუალურად დარეგისტრირდეს. პრობლემა ისაა, რომ აჭარის რეგიონში ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ასაცრელად საკმარისი ვაქცინა ჯერ არ არის. როდის შემოვა, რეგიონის შესაბამისი სამინისტრო კონკრეტულად ვერც ამ კითხვაზე გვპასუხობს, თუმცა ამბობს, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

„მე გამიჭირდება ზუსტი ვადის დასახელება, ვინაიდან სრული კონტინგენტის შესახებ ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულებისას გახდება ცნობილი. თუმცა ეს პროცესს არ აბრკოლებს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირება და ვაქცინის მიღება, ჩვენ ველოდებით, რომ ზაფხულის სეზონზე ჩვენი ვაქცინაციის ტემპი გაორმაგებული იქნება და შედარებით უსაფრთხოდ შევხვდებით რესპირატორული ვირუსების გააქტიურების პერიოდს შემოდგომაზე,“ - გვიპასუხა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, კოვიდვირუსის მომდევნო ტალღასთან გასამკლავებლად, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 60%-ზე მეტი ვაქცინირებული უნდა იყოს. არსებული მდგომარეობით კი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა 143 970-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 3,86-ს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ამ მაჩვენებლის მისაღწევად თვე-ნახევარი დაგვჭირდა. პროცესს თან ახლდა ვაქცინის დეფიციტი. ამასთანავე, იყო შემთხვევები, როცა მსურველები სპეციალურ საიტზე რეგისტრირებას ვერ ახერხებდნენ.

ის, რომ ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, 28 მაისს აჭარაში გამართულ შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმაც დაადასტურა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს 43 000 დოზა 15 ივნისამდე შემოვა, ხოლო ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანაში Sinopharm-ის 500 000 დოზაც უნდა გვქონდეს. უფრო გვიან კი Pfizer-ს ელოდებიან. ეს ნიშნავს, რომ თუ ტურისტულ ობიექტებზე დასაქმებულების ორგანიზებული ვაქცინაცია ივნისში დაიწყება, ყველა მსურველის ორჯერ აცრა, სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის დასრულებამდე ვერ მოესწრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დოზა საკმარისი იქნება და მათ ლოდინი არ მოუწევთ. გამოდის, რომ ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის შესაბამისმა უწყებებმა ზრუნვა ცოტა დაგვიანებულად დაიწყეს. თუმცა არსებობს იმედიც, რომ მოსახლეობის ნაწილს კოვიდი უკვე გადატანილი აქვს, რასაც, ასევე, შესაძლოა დამცავი ეფექტი ჰქონდეს.

საკოორდინაციო საბჭო განიხილავდა, რომ ის ტურისტული ობიექტები, რომელთა თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინირებული იქნებოდა, რაიმე ტიპის აღნიშვნას მიიღებდა. ეს მათ სანდოობას გაზრდიდა და ტურისტებს მიიზიდავდა. ფაქტია, რომ ობიექტის მფლობელებსა და იქ დასაქმებულებს ამ აღნიშვნის ლოდინიც მოუწევთ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე შექმნა იურიდიულად რეგისტრირებული ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის რგისტრაციის ფორმა, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე განათავსა. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ტურისტული სექტორის 4 000-ზე მეტი წარმომადგენელია რეგისტრირებული. მათთვის სერვისი ორგანიზებულია და შეუძლიათ, გამოყოფილ სამედიცინო დაწესებულებას სიებით მიმართონ.

რაც შეეხება აჭარას, არსებული მდგომარეობით (1 ივნისი), აცრილი მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შორის, შესაძლოა, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც არიან, ასე გამოიყურება: ატრაზენეკა - 3 682, ფაიზერით - 3 414, სინოფარმით - 5 029, სინოვაკით - 1 305. აჭარის მასშტაბით, კოვიდვაქცინაცია ჩატარებული აქვს, ჯამში, 13 430 პირს, რაც რეგიონის მთლიანი მოსახლეობის 3,78%-ს შეადგენს. კოვიდვირუსით რეგიონში, თითქმის ყოველდღიურად, ასი ან მეტი ადამიანი ინფიცირდება. თუმცა გარდაცვალების შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციაზე რეგისტრაცია მსურველებს შეუძლიათ ელექტრონულად, booking.moh.gov.ge-ზე.