კახა კალაძე: [თბილისში მოძრავი] 680 ათასი ავტომობილიდან 80-85% არის 20 წელს ზემოთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“-ს დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს დედაქალაქში 574 069 ავტომობილი იყო რეგისტრირებული. რაც შეეხება ავტოპარკის ასაკობრივ შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე დედაქალაქის ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება მოცემული არ არის. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, მთლიანად საქარველოში არსებული მანქანების 50.8% 20 წელზე მეტი წლისაა, 34% - 11-20 წლის.

ამ მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არსებული მანქანების 85% მოძველებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოპარკის მესამედი დედაქალაქზე მოდის, ლოგიკურია, გვევარაუდა, რომ დედაქალაქის ავტომობილების უმრავლესობაც 10 წელზე მეტი წლისაა. თუმცა, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით გავარკვიეთ, რომ დასახელებულ მონაცემებში ის ავტომობილებიც ფიქსირდება, რომლებიც რეალურად საქართველოში (მათ შორის დედაქალაქში) აღარ გადაადგილდებიან (სიძველის გამო ექსპლუატაციიდან გამოსულია და გაჩერებული ან ნაწილებად არის დაშლილი), მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალურად რეგისტრაციიდან მოხსნილნი არ არიან, ამ სტატისტიკაში ისევ ფიგურირებენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს ავტომობილების ასაკობრივი შეფასება რეალურ სურათს აცდენილია. უფრო მეტი წარმოდგენა, ავტოპარკის ასაკობრივ შემადგენლობაზე, შეიძლებოდა, ტექდათვალიერების მონაცემებს მოეცა, თუმცა, აქაც ერთიანი ბაზის არარსებობის გამო, მონაცემების ერთად თავმოყრა არ ხდება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კახა კალაძის განცხადების კონტექსტი ავტოპარკის მოძველებულობასთან დაკავშირებით - სწორია, თუმცა დასახელებული მაჩვენებლები რეალობას არ შეესაბამება. შესაბამისად, განცხადება ნახევრად სიმართლედ ფასდება. აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ ქალაქის მერი არის გადაწყვეტილების მიმღები მნიშვნელოვანი პირი სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვისა და გატარების ნაწილში, შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საკუთარ განცხადებებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვალიდურ ინფორმაციას ეყრდნობოდეს.

ანალიზი

თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ სტუმრობისას, დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „ავტომობილებს ძალიან დიდი როლი აქვს ეკოლოგიური მიმართულებით. ის 680 ათასი ავტომობილი, რომელიც თბილისში გადაადგილდება, 80-85% არის 20 წლის ზემოთ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით“. (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 1608 038 ავტომობილია რეგისტრირებული. ამ სატრანსპორტო საშუალებების 35.7%, 574 069 მანქანა, თბილისში რეგისტრირებულ პირებზეა გაფორმებული.

თბილისის ავტოპარკის რაოდენობა, ისევე როგორც მთლიანი ავტოპარკის, ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს დედაქალაქში 515 397 (მთლიანი ავტოპარკის 35%) ავტომობილი იყო რეგისტრირებული, 2019 წელს - 552 858 (36.1%),ხოლო 2020 წელს, როგორც აღვნიშნეთ - 574 069 (35.7%). შესაბამისად, 2019 წელს დედაქალაქში ავტომობილების რიცხვის ზრდამ 7.3% შეადგინა, იგივე მონაცემი 2020 წელს 3.7% იყო. ამავე წლებში საქართველოს ავტოპარკი 4% და 5%-ით გაიზარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკა, შესაძლოა, თბილისში არსებული მანქანების ზუსტ რაოდენობას არ ასახავდეს. მონაცემი მფლობელის იურიდიულ მისამართზე დაყრდნობით არის გამოთვლილი, შესაბამისად, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ პუნქტში გაფორმებული ავტომობილი სხვა ქალაქში დადის. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ თბილისში უფრო მეტი ავტომობილი მოძრაობდეს, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული.

რაც შეეხება ავტოპარკის ასაკობრივ შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე დედაქალაქის ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება გამოყოფილი არ არის. მთლიანი ავტოპარკის 2020 წლის მონაცემები კი შემდეგნაირია:

გრაფიკი1: ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება

წყარო: შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი

როგორც მონაცემებიდან ჩანს, მთლიანად საქარველოში არსებული მანქანების 50.8% 20 წელზე მეტი წლისაა, 34% - 11-20 წლის. შესაბამისად, ავტოპარკის 85%-ის წლოვანება 10 წელს აღემატება.

როგორც აღვნიშნეთ, დედაქალაქის ავტოპარკის ასაკობრივი შეფასება ცალკე არ არის, მაგრამ მთლიანი ავტოპარკის მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში არსებული მანქანების 85% მოძველებულია. იმის გათვალისწინებით, რომ ავტოპარკის მესამედი დედაქალაქზე მოდის, ლოგიკურია, ვივარაუდოთ, რომ დედაქალაქის ავტომობილების უმრავლესობაც 10 წელზე მეტი წლისაა. თუმცა, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით გავარკვიეთ, რომ დასახლებულ მონაცემებში ის ავტომობილებიც ფიქსირდება, რომლებიც რეალურად, საქართველოში (მათ შორის დედაქალაქში) აღარ გადაადგილდებიან (სიძველის გამო ექსპლუატაციიდან გამოსულია და გაჩერებული ან ნაწილებად არის დაშლილი), მაგრამ იმის გამო, რომ ოფიციალურად რეგისტრაციიდან მოხსნილნი არ არიან, ამ სტატისტიკაში ისევ ფიგურირებენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს ავტომობილების ასაკობრივი შეფასება რეალურ სურათს აცდენილია.

მოძველებულ ავტოპარკზე საუბრისას, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, რომელის საქართველოში 2018 წლიდან განახლდა.

უფრო მეტი წარმოდგენა, ავტოპარკის ასაკობრივ შემადგენლობაზე, შეიძლებოდა, ტექდათვალიერების მონაცემებს მოეცა, თუმცა,როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, ერთიანი ბაზის არარსებობის გამო, მონაცემების ერთად თავმოყრა არ ხდება. მათივე განმარტებით, ტექდათვალიერება გარკვეული ხარვეზებით და შეფერხებით მიმდინარეობს. „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მიმართვიანობა დაბალია და მძღოლები ტექდათვალიერებას თავს არიდებენ, ასევე ერთიანი ბაზის არ არსებობის გამო, ხშირია შემთხვევა, რომ ავტომობილი ერთ ცენტრში ვერ გაივლის ინსპექტირებას, მაგრამ იმავე დღეს სხვაგან იგივე ავტომობილი შესაბამის საბუთს იღებს. დაბალი მიმართვიანობის მთავარი მიზეზი ე.წ ჭკვიანი კამერების გაუმართავი მუშაობაა, მათი ნაწილი გათიშული, ნაწილი გაუმართავ ავტომობილს ვერ აფიქსირებს. პრობლემაა დაჯარიმების პროცესი, ტექნიკურად მოუწესრიგებელი ავტომობილის გამო მძღოლები იშვიათად ჯარიმდებიან.

საკითხზე საუბრისას ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ტრანსპორტია (ისევე, როგორც სამრეწველო საწარმოები, ენერგეტიკული ობიექტები, სოფლის მეურნეობა და სხვა). სატრანსპორტო საშუალებები დიდი რაოდენობით დამაბინძურებელს წარმოშობენ, როგორიცაა მეტალისა და ჭვარტლის მყარი ნაწილაკები, ნახშირწყალბადები, აზოტის ოქსიდები და ნახშირჟანგი, გოგირდის ოქსიდი და ა.შ. დასახელებული ნივთიერებების გარკვეული რაოდენობა ჰაერში სწორედ ავტომობილების საწვავის წვის შედეგად (განსაკუთრებით დიზელის) წარმოქმნილი გამონაბოლქვიდან ხვდება.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ შსს-ს ოფიციალურ მონაცმზე დაყრდნობით, ავტოპარკის ასაკობრივ შემადგენლობაზე ზუსტ წარმოდგენას ვერ შევიქმნით. გარდა ამისა, გარემოსთვის ზიანის მომტანი მოძველებული - ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები არიან. ამიტომ, ეკოლოგიაზე საუბრისას, მერის მხრიდან, უფრო მართებული ავტომობილების ასაკთან ერთად, ტექდათვალიერების ხარვეზებზე აპელირებაც იქნებოდა.

რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ვერდიქტი იყო მეტწილად სიმართლე. მოგვიანებით, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, სტატიაში რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილება შევიტანეთ, რამაც ვერდიქტის შეცვლა განაპირობა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი