იტვირთება

ანა დოლიძე: 8-9 წლის შემდეგ [ქართული ოცნების მმართველობისას], საგარეო ვალი არის მშპ-ს ნახევარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

2012 წელს, სახელმწიფო საგარეო ვალი [1] 7.2 მლრდ ლარს უტოლდებოდა. ნომინალური მაჩვენებელი, 2020 წლისთვის 3.4-ჯერ, 24.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ანა დოლიძე, ვალის დინამიკის ანალიზისას ფარდობით მაჩვენებელს იყენებს, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მართებული მიდგომაა. 2020 წელს, საგარეო ვალი, პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, მშპ-ს 50%-ს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით, 23.5 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

განცხადების კონტექსტი, ცალსახად მთავრობის კრიტიკას წარმოადგენს. თუმცა, მასში არ იკითხება ფაქტი, რომ 2020 წელს როგორც მთლიანი, ასევე სახელმწიფო საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას უკავშირდება, რომელმაც უპრეცენდენტო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. უშუალოდ 2020 წლამდე, სახელმწიფო საგარეო ვალი მშპ-ს 33.4%-ს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით 6.9 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენდა. 2020 წლისთვის, ვალის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. სუვერენული ვალის ზრდა მსოფლიო მასშტაბის პრობლემას წარმოადგენს.

ასევე, 2012-2020 წლებში გასათვალისწინებელი ასპექტი ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. საგარეო ვალის ლარში გამოსახულ მოცულობაზე კურსის მერყეობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. ამავდროულად, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს.

ანალიზი:

პოლიტიკური პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, ვალთან დაკავშირებით განაცხადა: „რა მოიტანა გახარიას პრემიერობამ და არა პრემიერობამ, 8-9 წლის განმავლობაში იყო უმაღლესი დონის ჩინოვნიკი მთავრობაში და რას ჰგავს ჩვენი ეკონომიკა დღეს, საგარეო ვალი არის მშპ-ს ნახევარი“. ანა დოლიძე, აღნიშნულ განცხადებაში გიორგი გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას აფასებდა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ეგიდით, სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობის ეკონომიკურ შედეგებს.

სახელმწიფო ვალი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ინტერესი განსაკუთრებით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში გაიზარდა. სახელმწიფო ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება.

2012 წელს, სახელმწიფო საგარეო ვალი 7.2 მლრდ ლარს შეადგენდა. ნომინალური მაჩვენებელი, 2020 წლისთვის 3.4-ჯერ, 24.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ანა დოლიძე, ვალის დინამიკის ანალიზისას ფარდობით მაჩვენებელს აანალიზებს, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით, მართებული მიდგომაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი, რაც ხშირად პოლიტიკოსებს სათვალავს მიღმა რჩებათ. 2020 წელს, საგარეო ვალი, პოლიტიკოსის განცხადების შესაბამისად, მშპ-ს 50%-ს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით, 23.5 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2020 წლებში (მლნ ლარი, მშპ-ს %)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკოსის მიერ დასახელებული მაჩვენებელი რეალობას შეესაბამება და ანალიზისთვის, ფარდობითი მაჩვენებელია გამოყენებული, ხაზი უნდა გაესვას ფაქტს, რომ განცხადების კონტექსტი, ცალსახად მთავრობის კრიტიკას წარმოადგენს. განცხადებაში ხაზი არ არის გასმული, რომ 2020 წელს როგორც მთლიანი, ასევე საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას უკავშირდება, რომელმაც უპრეცენდენტო ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. უშუალოდ 2020 წლამდე, საგარეო ვალი მშპ-ს 33.4%-ს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით 6.9 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენდა. 2020 წლისთვის, ვალის მაჩვენებლების მკვეთრი ზრდის თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი ნამდვილად არ ყოფილა. კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი სტანდარტული მექანიზმი, რასაც ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა იყენებდა, საბიუჯეტო რესურსებით ეკონომიკის წახალისება და გაზრდილი სოციალური პრობლემების დაბალანსება იყო. სამთავრობო რეაგირების ფისკალური ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტზე ორი მიმართულებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა თუ ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გასაწევი ხარჯები იზრდება; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადები დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით შედის. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში ვალის მკვეთრი მატების საკითხი დგება.

ასევე, ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. გრაფიკ 2-ზე, წარმოდგენილია საგარეო სახელმწიფო ვალი, გამოსახული როგორც ლარში, ასევე დოლარში, ვალუტის კურსით გამოწვეული მერყეობის საილუსტრაციოდ. მეორე მხრივ, 2014 წლის შემდეგ, ლარის კურსის მკვეთრ გაუფასურებაში მთავრობას პასუხისმგებლობა შეიძლება, მხოლოდ ნაწილობრივ დაეკისროს (აღნიშნულთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

გრაფიკი 2: სახელმწიფო საგარეო ვალი, გამოსახული ლარში და დოლარში, 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1] არ მოიცავს ე.წ ისტორიულ ვალდებულებებს. მთავრობის ვალისგან განსხვავებით, მოიცავს ეროვნული ბანკის ვალს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი