იტვირთება

თეა გოდოლაძე: ბოლო წლებში აშენდა ლარსი ჰესი, რომელიც აღარ მუშაობს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა გოდოლაძის განცხადება არის მცდარი.

რეზიუმე: ლარსი ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ის კომპანია „ფერი“-მ ააშენა (დამკვეთი შპს „ენერგია“) და მშენებლობაში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ესკო-ს მონაცემის მიხედვით, ექსპლუატაციაში შესვლიდან, 2014 წლიდან, ლარსი ჰესი ელექტროენერგიას ყოველწლიურად გამოიმუშავებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის სამ თვეში - სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში და 2016 წლის ოთხ თვეში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ჰესს ელექტროენერგია არ გამოუმუშავებია. შესაბამისად, დასახელებულ წლებში ლარსი ჰესმა ყველაზე ცოტა ელექტროენერგია აწარმოა - 2014 წელს - 42 მლნ კვტ/სთ და 2016 წელს - 28.1 მლნ კვტ/სთ.

აღნიშნულის მიზეზი დასახელებულ წლებში დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქია იყო, სტიქიას უშუალოდ ჰესის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია, თუმცა 2014 წელს გადამცემი ხაზები დაზიანდა და მათ რეაბილიტაციამდე, ელექტროენერგიის გადაცემა ვერ ხორციელდებოდა. 2016 წელს კი სათავე ნაგებობა დაზიანდა, რომლის რეაბილიტაცია დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდა.

2017 წლიდან ჰესი წლიურად, ჯამში, სტაბილურად 70-80 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ელექტროენერგიის გამომუშავება ყოველთვიურად ხდება, რაც იმის დასტურია, რომ ჰესი გაჩერებული არ არის და მუშაობს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ესკო-ს ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაშვებული ელექტროენერგიის ინფორმაციის მიხედვით, ივნისის მონაცემებით, ლარსი ჰესის გრაფაში ნულია მითითებული, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ 1-6 ივნისის „მონაცემები არ მოდის“. სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული შენიშვნა იმის დასტურია, რომ ესკო-მდე ინფორმაციის მიწოდება გვიანდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასახელებულ დროის პერიოდში ლარსი ჰესს ელექტროენერგია არ გამოუმუშავებია.

ანალიზი

„რუსთავი 2“-ის ეთერში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ნამახვან ჰესთან დაკავშირებით გამართულ დებატებში, ჰესებზე საუბრისას განაცხადა: „ბოლო წლებში აშენდა ლარსი ჰესი, რომელიც აღარ მუშაობს“.

ლარსი ჰესი საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თერგზე მდებარეობს. დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის ტიპი, რომელიც ფუნქციონირებს მცირე კაშხლით ან მის გარეშე. მდინარის ბუნებრივი ჩამონადენის ნაწილი ელექტროენერგიის საწარმოებლად ტურბინებს მილის ან არხის მეშვეობით მიეწოდება) დადგმული სიმძლავრე (დადგმული სიმძლავრე აგრეგატების ნომინალური სიმძლავრის ჯამია და აჩვენებს, რა მაქსიმალური დატვირთვის პირობებში შეუძლია მუშაობა ობიექტს) 19.5 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

ჰესისათვის საჭირო წყლის ხარჯი მდინარის მარჯვენა ნაპირზე მოწყობილი გვერდითი წყალმიმღები ნაგებობის მეშვეობით არის მიღებული. წყალმიმღებიდან მიღებული წყლის ხარჯი, გაივლის გადამყვან უბანს, პერიოდული გარეცხვის ორკამერიან სალექარს და 2,9 მ დიამეტრისა და 1160 მ სიგრძის ფოლადის სადაწნეო მილსადენის მეშვეობით, ჰიდროელექტროსადგურის ტურბინა-გენერატორების შენობაში განთავსებულ სამ აგრეგატს მიეწოდება. ჰიდროელექტროსადგურის მართვა ავტომატურ რეჟიმშია გათვალისწინებული.

ლარსი ჰესის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. ის კომპანია „ფერი“-მ ააშენა (დამკვეთი შპს „ენერგია“) და მშენებლობაში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

2021 წელს იანვარ-აპრილში ლარსი ჰესის გამომუშავებამ 13.89 მლნ კვტ/სთ შეადგინა. ასევე აღსანიშნავია, რომ ლარსი ჰესი სეზონური ჰესია, მისი გამომუშავება პიკს მაის-ივნის-ივლის-აგვისტოს განმავლობაში აღწევს. 2014 წლიდან ლარსი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ბალანსი შემდეგნაირია:

ცხრილი 1: ლარსიჰესის გამომუშავება 2014-2020 წლებში (მლნ კვტ/სთ)

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

როგორც მონაცემებიდან ჩანს, ექსპლუატაციაში შესვლიდან დღემდე, ლარსი ჰესი ელექტროენერგიას ყოველწლიურად გამოიმუშავებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის სამ თვეში - სექტემბერ, ოქტომბერ, ნოემბერში და 2016 წლის ოთხ თვეში - ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ჰესს ელექტროენერგია არ გამოუმუშავებია. შესაბამისად, დასახელებულ წლებში ლარსი ჰესმა ყველაზე ცოტა ელექტროენერგია აწარმოა - 2014 წელს - 42 მლნ კვტ/სთ და 2016 წელს - 28.1 მლნ კვტ/სთ.

არის, თუ არა ლარსი ჰესი გაჩერებული, საკითხის დასაზუსტებლად კომპანია „ფერის“ აღმასრულებელ დირექტორ ლაშა იორდანაშვილს დავუკავშირდით. მისი განმარტებით, 2014 და 2016 წლებში დარიალის ხეობაში სტიქია მოხდა, რომელმაც მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია. მეწყერს უშუალოდ ჰესის ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია, თუმცა 2014 წელს სტიქიის შედეგად გადამცემი ხაზები დაზიანდა და ამით იყო განპირობებული, რომ 3 თვის განმავლობაში ჰესი ელექტროენერგიის გადაცემას ვერ ახორციელებდა, ხოლო 2016 წელს სტიქიის შედეგად სათავე ნაგებობა დაზიანდა და მის რეაბილიტაციას დაახლოებით სამი თვე დასჭირდა, რის შემდეგაც ჰესმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. მისივე ინფორმაციით, არც დღეს და არც წინა წლებში ჰესი გაჩერებული არ ყოფილა.

ესკო-ს მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლიდან ლარსი ჰესი წლიურად, საშუალოდ სტაბილურად 74.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ელექტროენერგიის გამომუშავება ყოველთვიურად ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ასევე ადასტურებს, რომ ჰესი გაჩერებული არ არის და მუშაობს.

მოგვიანებით, თეა გოდოლაძემ საკუთარ facebook-გვერდზე აღნიშნა, რომ ივნისის თვეში ლარსი ჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგია არის ნული. მართლაც, ესკო-ს ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაშვებულ ელექტროენერგიის მონაცემების მიხედვით, ივნისის ინფორმაციით, ლარსი ჰესის გრაფაში ნულია მითითებული, თუმცა იქვე განმარტებულია, რომ 1-6 ივნისის „მონაცამები არ მოდის“.

ჩვენ საკითხში გასარკვევად „ფერის“ წარმომადგენელს კვლავ დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარსი ჰესი დღიურად 300 000 მგვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, უბრალოდ, ესკოს-თან ზოგჯერ მონაცემები დაგვიანებით მიდის და გვიან აისახება.

„ფაქტ-მეტრი“ ასევე ესკო-ს დაუკავშირდა. ესკო-ს წარმომადგენლის განმარტებით, ესკო-ში ინფორმაცია ალფადან (კომპიუტერული პროგრამა, სადაც გენერაციის ობიექტებიდან შემოსული ინფორმაცია გროვდება) მიდის, არის შემთხვევები, რომ ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება გვიანდება, თუმცა თვიურ ბალანში ყოველდღიური ინფორმაცია სრულად აისახება. აქედან გამომდინარე, გრაფაში ნული არ ნიშნავს, რომ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგია არ გამოიმუშავა, მით უმეტეს, არის მითითება, რომ ინფორმაცია არ შემოვიდა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თეა გოდოლაძის განცხადება არის მცდარი.

აქვე გთავაზობთ, ელქტროენერგიის ბალანს 2014-2020 წლებში:

ცხრილი 2: ელექტროენერგიის ბალანსი 2014-2020 წლებში (მლნ კვტ/სთ) [1]

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო)

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველო საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარის ელექტროენერგიას ვერ გამოიმუშავებს, შესაბამისად, იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. გამონაკლისი არის 2020 წელი, როდესაც კოვიდპანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, ბუნებრივია ელექტროენერგიის მოხმარება და შესაბამისად, იმპორტიც შეამცირა.

[1] ცალკეული წლებისათვის იმპორტის მაჩვენებელი შესაძლებელია მოიცავდეს რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მისაწოდებლად საქართველოს ელექტროსისტემის მიერ გატარებულ მოცულობას.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3164 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი