იტვირთება

სოციალურ ქსელში ვარლამ გოლეთიანის ყალბი ციტატები ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 6 ივნისს Facebook-ჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️“ ვარლამ გოლეთიანის გაყალბებული ციტატების შემცველი პ¬¬ოსტები გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 7 მაისის მონაცემებით, საერთო ჯამში, პოსტებს 6 ათასამდე რეაქცია, 4 ათასამდე გაზიარება და ათასზე მეტი კომენტარი აქვს.

სინამდვილეში, არცერთ ღია წყაროში ვარლამ გოლეთიანის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები არ იძებნება. „ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ვარლამ გოლეთიანს დაუკავშირდა. როგორც მან საუბარში აღნიშნა, დეზინფორმაცია მისი სახელით, სხვადასხვა განზრახვით, ხშირად ვრცელდება. ანალოგიური შემთხვევაა ჯგუფში „ჩვენ გვიყვარს საქართველო“ გამოქვეყნებული ციტატებიც, რომლებიც, გოლეთიანის თქმით, მას არ ეკუთვნის.

ყალბი ციტატა 1: მას შემდეგ, რაც ვარლამმა თურქების მიერ შეთავაზებულ ფულზე უარი თქვა და მათ ზურგი შეაქცია, შუა საუკუნეების გერმანელი ფილოსოფოსის, ფლოდა ირელტიჰის, ციტატა მოახსენა: „კაცი თუ თავის სამშობლოსთვის არაფერს გააკეთებს, კაცად აღარ ითვლება და თუ სამშობლოს გაყიდის, არც ადამიანად".

აღნიშნული ციტატა არათუ ვარლამ გოლეთიანს, არამედ არც შუა საუკუნეების გერმანელ ფილოსოფოსს, ფლოდა ირელტიჰის, უთქვამს. აღნიშნული სახელი და გვარით ფილოსოფოსი საერთოდ არ იძებნება. შესაბამისად, ციტატა, ისევე, როგორც პიროვნება, პოსტის ავტორის მიერაა გამოგონილი.

ყალბი ციტატა 2: „ყველას ვისაც აინტერესებს, თუ რატომ არ ვუთმობ ქართულ მიწას თურქებს, ერთი დიდი ბერძენი კაცის, დამისტოკლეს, სიტყვებს მოგახსენებთ და მეტს არაფერს ვიტყვი: „ყოველი ჰექტარი გაცემული მიწა უცხოტომელზე არის დაკარგული 5 წელი შენი ერის არსებობის.““

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატაც ყალბია. ის არც ვარლამ გოლეთიანს და არც ბერძენ დამისტოკლეს ეკუთვნის, რადგან თავად დამისტოკლეც არა რეალური, არამედ პოსტის ავტორის მიერ გამოგონილი პიროვნებაა.

ყალბი ციტატა 3: „ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ლგბტ აქციას უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ქართული მიწის დამცველ სახალხო მოძრაობას“.

ვარლამ გოლეთიანს მსგავსი განცხადება არსად გაუკეთებია და ის ყალბია. ყალბია პოსტის ავტორის - იოსე-თაღლაურ მაღალჭერიანი - Facebook-ანგარიშიც. მას საცხოვრებელ ადგილად სერბეთი, ბელგრადი აქვს მონიშნული, ხოლო პროფილზე უცხოელი Instagram-მოდელის, Manu bgartner-ის ფოტოები აქვს განთავსებული.

ჯგუფის შესახებ

Facebook-ჯგუფი „ჩვენ გვიყვარს საქართველო ❤️“ საჯარო ჯგუფია, რომელიც 2021 წლის 22 აპრილს შეიქმნა. მისი თავდაპირველი სახელი „ვარლამ გოლეთიანი - გმირი ქართველი“ იყო, რომელიც ამჟამინდელ დასახელებად ცოტა ხნის წინ გადაკეთდა.

ჯგუფში მეტწილად ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო პოსტები ქვეყნდება. გამოქვეყნებული პოსტების უმეტესობა თურქოფობიურ ნარატივებსა და ანტითურქულ დეზინფორმაციას შეიცავს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). Facebook-მომხმარებლები აღნიშნულ ჯგუფში ისეთ მასალებს აზიარებენ, რომლებიც ნამახვანჰესის აშენებას თურქეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებასა და მოხარკე ქვეყნად გახდომასთან აიგივებს. მათი ნაწილი ამტკიცებს, რომ თურქეთი ვითომდა ჰესებით აშენებით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს შუაგულში დამკვიდრებას და წიაღისეულის მითვისებას აპირებს, რაც მისი ექსპანსიონური მიზნების აშკარად გამოხატულებაა. გარკვეული Facebook-მომხმარებლები კი ირწმუნებიან, რომ „ლიბერასტული დასავლეთი“ რაც შეიძლება სწრაფად ცდილობს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, NATO-მ თურქეთის ჯარები საქართველოში განალაგოს. ამავე ჯგუფში გაზიარდა საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დატმა სერენ იაზგანის, ყალბი ციტატა, თითქოს მან თურქულ მედიასთან საუბრისას განაცხადა - „ან ნამა(ო)ხვანჰესი აშენდება... ან ქართველ ერს დავასრულებთ“. ჯგუფში გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი მტკიცების თანახმად, ერთ-ერთმა თურქმა მსახიობმა, ჰამით ალთინთოფმა, განაცხადა, რომ „თურქული ექსპანსია არ უნდა ვრცელდებოდეს რიონის ხეობაში“.

ამრიგად, მოცემული Facebook-ჯგუფი, ერთი მხრივ, რიონის ხეობის მხარდამჭერად და ჰესის მოწინააღმდეგედ პოზიციონირდება, თუმცა, მეორე მხრივ, მისი წევრები, ვარლამ გოლეთიანისთვის ყალბი ციტატების მიწერით, ცდილობენ აღნიშნულ პროტესტს ანტითურქული და ჰომოფობიური ხასიათი შესძინონ. ვარლამ გოლეთიანი და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ „ფაქტ-მეტრთან“ აღნიშნავს, რომ მოცემულ ჯგუფთან და მათგან გავრცელებულ ინფორმაციებთან კავშირი არა აქვთ.

ამ და სხვა საკითხებზე, რომლებითაც ანტიდასავლური დეზინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4) და „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ანგარიში „დეზინფომეტრი“.

დაარქივებული ბმულები:

1. ვარლამის მოქმედებით აფორიაქებული თურქი მომსყიდველები მივიდნენ მასთან და შესთავაზეს იმხელა თანხა ,რამხელათიც ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაშ თითის განძრევაც არ მოუწევდა

2. ყველას ვისაც აინტერესებს, თუ რატომ არ ვუთმობ ქართულ მიწას თურქებს

3. სამწუხარო რეალობა

4. ნუ შეატოვებთ ამ ქვეყანას მხოლოდ ამ ბიჭს, ჩამოდით გუმათში და დაგვიდექით გვერდზე, ქრისტიანობის ბედი აქ წყდება დღეს!

----------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი