დეზინფორმაცია: თურქეთის გავლენის სფერო 2050 წლისთვის

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულაცია

2021 წლის 9 თებერვალს, Facebook-გვერდზე „World Military3“ პოსტი გამოქვეყნდა შემდეგი აღწერით - „ამერიკულმა კერძო სადაზვერვო და ანალიტიკურმა კომპანია Stratfor-მა გამოაქვეყნა 2050 წლისთვის თურქეთის სავარაუდო გავლენის რუკა“. პოსტს თან რუკის ფოტო ახლავს. მოგვიანებით, რუკა სოციალურ ქსელში პირად პროფილებზეც გავრცელდა. აღნიშნული საკითხი გაზეთში - „საქართველო და მსოფლიო“ და „Alt-TV“-ის ეთერშიც მოხვდა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ შემთხვევაში ჰიპოთეტური რუკა ანტითურქული განწყობის შესაქმნელად, მანიპულაციურად არის გამოყენებული. ამასთანავე, რუკა თურქეთის სახელმწიფო პოზიციას არ გამოხატავს და ოფიციალურ ანკარასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ამ თემას პოსტით პარლამენტის ყოფილი წევრი დემურ გიორხელიძეც გამოეხმაურა. როგორც გიორხელიძე ამბობს, თურქულ კერძო ტელეარხზე „TGRT“ სიუჟეტი ნამდვილად გავიდა. სიუჟეტში აღნიშნული რუკა წარმოდგენილი იყო სათაურით: „თურქეთის გავლენის სფერო ჩრდილოვანი სადაზვერვო სააგენტოდან CIA“. დემურ გიორხელიძე საკუთარ პოსტში წერს, რომ „რუკა სულ ახალია“, თუმცა სინამდვილეში, აღნიშნული რუკა 2009 წლიდან ვრცელდება. რუკას ვხვდებით 2009 წელს გამოქვეყნებულ YouTube-ვიდეოში, უფრო მოგვიანებით კი - 2014 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში. რაც შეეხება უშუალოდ „ჩრდილოვან სადაზვერვო სააგენტოს“, ამგვარად Stratfor-ი (ამერიკული გეოპოლიტიკური სადაზვერვო კვლევითი ცენტრი) ყოველკვირეულმა ამერიკულმა გაზეთმა „Barron’s“-მა მოიხსენია, რითაც კვლევითი ცენტრის სანდოობასა და ავტორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

სოციალურ სივრცეში „World Military3“-ის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაგალითად, აღნიშნული პოსტი ვიცე-პოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა საკუთარ Facebook-პროფილზე შემდეგი აღწერით გააზიარა- „იპოვეთ ამ რუქაზე საქართველო! თუ ვერ მიაგენით შეკითხვებით შორს ნუ წახვალთ, საკუთარი თავიდან დაიწყეთ. რაზე ხართ თანახმა და რაზე ხართ წამსვლელი სამშობლოსათვის?“. მისი პოსტი Tvalsazrizi.ge-მაც გამოაქვეყნა.

მას შემდეგ, რაც „World Military3“-ის პოსტმა Facebook-მომხმარებლებში დიდი მღელვარება გამოიწვია, „World Military3”-მ საკუთარი პოსტის კომენტარებშივე დაწერა, რომ პოსტში ასახული რუკა კერძო კომპანიის მიერაა შექმნილი და არაოფიციალურია, შესაბამისად, საზოგადოების მღელვარების საფუძველი არ არსებობს.

პირველად აღნიშნული რუკა Stratfor-ის დამფუძნებლის, ჯორჯ ფრიდმანის წიგნში „მომავალი ასი წელი: 21-ე საუკუნის პროგნოზი“ გამოქვეყნდა. რუკის თანახმად, თურქეთის მომავალი რეგიონალური გავლენა 2050 წლისთვის გავრცელდება ყირიმზე და რუსეთის მთელ სამხრეთ ნაწილზე, სამხრეთ კავკასიაზე, ახლო აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილზე (ირანისა და ისრაელის გარდა) და ცენტალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილებზე.

წყარო: THE NEXT 100 YEARS

წიგნის დასაწყისში ფრიდმანი აღნიშნავს, რომ მისი ამოცანაა ისტორიული წარსულის ანალიზით, გარკვეული კანონზომიერება დაადგინოს და აღნიშნულზე დაყრდნობით სავარაუდო მომავალი განჭვრიტოს. ფრიდმანი თავადვე აცხადებს, რომ მის წიგნში ბევრი დეტალი შეიძლება არასწორი იყოს და სამომავლოდ არც გამართლდეს. ჯორჯ ფრიდმანი საკუთარი წიგნით, ძირითადი გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური, დემოგრაფიული, კულტურული და სამხედრო ტენდენციების გამოვლენას და მათი ანალიზის საფუძველზე, სამომავლო მოვლენების პროგნოზირებას ცდილობს.

როგორც თურქული გამოცემა წერს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ „РИА Новости“ თურქულ ტელეარხზე გასული სიუჟეტი თურქეთიდან მომავალ საფრთხედ წარმოაჩინა. ასევე თურქული გამოცემის თანახმად, „РИА Новости“ კერძო ტელევიზიაში გასულ სიუჟეტს, სახელმწიფო ტელევიზიაში გასულ სიუჟეტად მოიხსენიებს, რითაც შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სიუჟეტი თურქეთის ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენს. როგორც თურქული გამოცემა წერს, „РИА Новости“-ს კერძო „TGRT“ და სახელმწიფო „TRT“ ტელევიზიები ერთმანეთში აერია. რუსულმა სააგენტომ აღნიშნული შეცდომა რამდენიმე საათის შემდეგ გამოასწორა, თუმცა რუკა რუსულ და თურქულ სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. აღსანიშნავია ისიც, რომ „РИА Новости“-ის Facebook-გვერდზე აღწერაში დღემდე მითითებულია, რომ რუკა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში აჩვენეს. „РИА Новости“-ზე დაყრდნობით, „TGRT“ სახელისუფლებო არხად სხვა რუსულ საინფორმაციო საშუალებებშიც (timeskz.kz, iz.ru, lenta.ru) მოიხსენიეს.

წყარო: Facebook- РИА Новости

„РИА Новости-მ“ მოგვიანებით სტატიაც გამოაქვეყნა, რომელშიც რუკასთან დაკავშირებით სხვადასხვა რუსი პოლიტიკოსისა და ექსპერტის კომენტარებს მიმოიხილავს. სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსანდრ შერინი, რუსეთს მოუწოდებს, რომ ამ პროგნოზებს სერიოზულად მოეკიდოს, რადგან ყარაბაღში წარმატებით ჩატარებულმა ოპერაციამ თურქეთს თვითდაჯერებულობა შემატა და საკუთარ სიძლიერეში კიდევ უფრო დაარწმუნა. ეს კი, შერინის აზრით, ოფიციალური მინიშნებაა იმისა, თუ როგორი იქნება თურქეთის მომავალი კურსი.

„Alt-TV“ თურქულ ტელეარხზე გასულ სიუჟეტს „ალტ-ინფოს ანალიტიკაში“ გამოეხმაურა და გადაცემის ამ ნაწილს „დიდი თურანის პროპაგანდა თურქულ მედიაში“ უწოდა. გადაცემაში გაჟღერებული მსჯელობის თანახმად, ამ გეგმის განხორციელება თავად დასავლეთს აწყობს, რათა თურქეთით ირანისა და რუსეთის დაბალანსება შეძლოს. გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, გიორგი ქარდავამ, თურქეთის ტელეარხზე გასული სიუჟეტი თურქეთის სახელისუფლებო ნარატივად მოიხსენია, რომელიც საზოგადოებას აცნობს, თუ როგორი იქნება 2050 წლისთვის თურქეთის გავლენის სფერო. მეორე წამყვანის, ზურა მახარაძის თქმით კი, იმისთვის, რომ თურქეთმა მისი გავლენის სფერო მსგავს ტერიტორიულ ფარგლებში გააფართოვოს, პირველ რიგში, საქართველოზე კონტროლი უნდა დაამყაროს. მისი თქმით, საქართველო დღევანდელი ლიბერალური პოლიტიკით ევროპის ნაწილი კი არა, ნეოოსმალური იმპერიის ნაწილი გახდება.

„საქართველო და მსოფლიო“ აღნიშნულ თემას შემდეგი სტატიით გამოეხმაურა- „თურქეთში საჯაროდ ალაპარაკდნენ საქართველოს მიერთებაზე“. სტატია რუსულ წყაროს „topnews.ru“-ს ეყრდნობა და მისი მტკიცებით, თურქეთის ტელეარხმა „TRT1“ იმ ქვეყნებზე ისაუბრა, რომლებიც 2050 წელს თურქეთის შემადგენლობაში შევლენ. სტატიის მიხედვით, თურქეთში პოპულარობას იხვეჭს „დიდი თურანის“ იდეა, რომელზე ლაპარაკსაც ადგილობრივი ოფიციალური არხებიც არ ერიდებიან -„თურქები ვარაუდობენ, რომ მიიერთებენ შუა აზიის ქვეყნებს, საქართველოს, სომხეთს, ოსეთს, აფხაზეთს, აზერბაიჯანს…“. ბუნებრივია, „საქართველოს და მსოფლიოს“ სტატიაც მანიპულაციურად და არასწორი კონტექსტით იყენებს რუკას. მეტიც, მათ სტატიაში ფაქტობრივი უზუსტობაცაა, რადგან აფხაზეთი და ოსეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ამრიგად, რუკა, 2050 წლისთვის თურქეთის სავარაუდო გავლენის სფეროს, მხოლოდ ჰიპოთეტურად წარმოაჩენს. მეტიც, ეს ერთი კონკრეტული მკვლევრის მოსაზრებაა და არა - თურქეთის ოფიციალური პოზიცია. ამ რუკას სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტებში, მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, მანიპულაციურად განმარტავენ მოქალაქეთა იმაში დასარწმუნებლად, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას გეგმავს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: