იტვირთება

დეზინფორმაცია: ბავშვები არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები და გადამტანები

ვერდიქტი: მანიპულირება

Facebook-მომხმარებელი კობა კუპრაშვილი, 27 მაისს გამოქვეყნებულ 26-წუთიან ვიდეოში, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირებისა და ვაქცინაციის საჭიროების შესახებ მანიპულაციურ განცხადებას აკეთებს.

25 მაისს, გერმანიის დამოუკიდებელმა ვაქცინაციის კომიტეტმა (STIKO) 12-15 ასაკობრივი კატეგორიის მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გამოხატა. კომისიის აზრით, კვლევები მცირე ჯგუფებში ჩატარდა და გადაწყვეტილების მისაღებად არსებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. STIKO-ს პრეზიდენტმა, თომას მერტენსმა განაცხადა, რომ კომისია საკუთარ პოზიციას მინიმუმ ორი კვირაში განაცხადებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ის საყოველთაო რეკომენდაციას არ გამოაქვეყნებს, არამედ ვაქცინაციის რეკომენდაციას მხოლოდ განსაკუთრებით მოწყვლად ბავშვებში, მათ შორის, ასთმით დაავადებულებში, გასცემს.

აღნიშნულს კობა კუპრაშვილი 27 მაისს, Facebook-ის პირდაპირი ჩართვის საშუალებით გამოეხმაურა. 26-წუთიან ვიდეოში, კობა კუპრაშვილი STIKO-ს განცხადებაზე კომენტირებისას, ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების საკითხზეც საუბრობს და აცხადებს: „ბავშვები არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები და გადამტანები. ის მათგან არ ვრცელდება, რადგან მათ აქვთ კარგი იმუნიტეტი და ნაკლებად აავადებენ სხვებს. თვითონ არ ავადდებიან, თუ დაავადდებიან - ძალიან მსუბუქ ფორმაში და გაურკვეველია, რატომ უნდა აცრან მასობრივად ბავშვები.. რატომ უნდა დაემართოს ასი ათასში ერთ ბავშვს გულის კუნთის ანთება იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამო, რომელი დაავადებაც ასი ათასში ერთ ბავშვსაც კი არ/ვერ ავნებს“.

ბავშვებში კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე სასაუბროდ „ფაქტ-მეტრი“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ, ივანე ჩხაიძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, დღეს არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ კორონავირუსული გართულებების შედეგად, ბავშვები არც თუ ისე იშვიათად ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარებიან. ამასთან ერთად, ცალკეულ შემთხვევებში, აღნიშნული გართულებები ლეტალობითაც შეიძლება დასრულდეს. ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია.

 არის, თუ - არა კორონავირუსი ბავშვებში იშვიათი?

ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებში იშვიათობას არ წარმოადგენს. აღნიშნულის შესაფასებლად მას ორი, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატებში ჩატარებული, მასშტაბური კვლევის მონაცემები მოჰყავს.

„საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბავშვები (18 წლამდე მოზარდები) ინფიცირებულთა 9.5-10%-ს შეადგენენ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, 2020 წლის 26 თებერვლიდან მოყოლებული, 346 000 დადასტურებული შემთხვევიდან, 30-35 000 ბავშვია. აღნიშნული კი დიდი მაჩვენებელია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ყველაზე მასშტაბური კვლევის თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფიცირებულია 3,977,870 ბავშვი. აღნიშნული შეადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა 14.1%-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისის განმავლობაში, აღინიშნება ბავშვებში შემთხვევების რაოდენობის ზრდის დინამიკა, რაც ვირუსის ახალი შტამების გავრცელებას მიეწერება. დადგინდა, რომ ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის ახალი შტამები ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება. (მაგალითად, 20-27 მაისის კვირაში, აშშ-ში ბავშვებმა საერთო დაინფიცირებულების 24.3% შეადგინეს). შესაბამისად, თუ ახლა გვქონდა 14%, შესაძლებელია, ახალი შტამების გამო, ბავშვების დაინფიცირების პროცენტული რაოდენობა მომავალში გაიზარდოს”.

 არის, თუ - არა ვირუსი ბავშვებში იმდენად მსუბუქი, რომ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდეს?

ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად არ მიმდინარეობს, მათი ნაწილი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. ასევე, ლეტალობის შემთხვევებიც ფიქსირდება.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, ამერიკაში ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ მონაცემებზე დაყრდნობით, 4 მილიონ დაინფიცირებულ ბავშვში, 2%-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. შესაბამისად, ყოველი 100 ბავშვიდან, 2 მათგანი, კორონავირუსის გართულებების შედეგად ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. „2 % სრულებითაც არაა ცოტა. შესაბამისად, მარტივი დასკვნაა ის, რომ კორონავირუსი ბავშვებში ყოველთვის მსუბუქად მიმდინარეობს, ბავშვების 2%-ს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. ამასთან ერთად, ვირუსმა შესაძლოა, ლეტალობაც გამოიწვიოს. აშშ-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ბავშვებში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევებიდან, პაციენტთა გარდაცვალება 0.23%-ში ფიქსირდება. შესაბამისად, ყოველი ათასი დაინფიცირებული ბავშვიდან - 2 მათგანი, ვირუსის გართულების შედეგად იღუპება“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს შემდეგი სტატისტიკა:

• ინფიცირების მაჩვენებელი - 14% (მაღალი),

• ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი - 2%,

• ლეტალობა - 0.23%.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვებში კორონავირუსი ყოველთვის მარტივად არ მიმდინარეობს და გართულებები ახასიათებს. ბავშვები ექვემდებარებიან როგორც ჰოსპიტალიზაციას, ისე რთულ შემთხვევებში, კორონავირუსმა შესაძლოა, ლეტალობაც კი გამოიწვიოს. მისი განცხადებით, ამისთვის პრევენციული ღონისძიებების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. „როცა ვსაუბრობთ ვაქცინაციაზე, რა თქმა უნდა, არ ვამბობთ, რომ ბავშვები ისეთივე რისკის ჯგუფია, როგორც 65-70 წელს გადაცილებული ადამიანები, რადგან მაღალ ასაკობრივ ჯგუფში ლეტალობის განმაპირობებელი არა მხოლოდ ასაკი, არამედ უამრავი თან არსებული ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ასაკის გათვალისწინებით, ამ ადამიანებში მოსალოდნელი და პროგნოზირებადია. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კორონავირუსით გარდაცვალების პიკი მოდის მაღალასაკობრივ ჯგუფებზე. თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, თითქოს ბავშვებში კორონავირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და არ იწვევს ჰოსპიტალიზაციას და ლეტალურ შემთხვევებს“.

რას ამბობს EMA 12-16 ასაკის ბავშვების ვაქცინაციაზე?

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 12-15 ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებში ი-რნმ ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. დასკვნა 2000 მოზარდზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. კვლევის განმავლობაში, 1005 მოზარდიდან, რომლებსაც ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინა გაუკეთდათ, ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი არცერთს არ გამოუვლინდა. ხოლო იმ 978 მოზარდიდან, რომელთაც პლაცებო გაუკეთდათ, კორონავირუსი 16 მათგანს შეეყარა. აქედან გამომდინარე, გამოცდის თანახმად, ვაქცინაციამ ბავშვებში 100%-იანი დაცვის მაჩვენებელი აჩვენა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის მედიცინის სააგენტო ასევე სწავლობს მიოკარდიტებისა და პერიკარდიტების ძალიან იშვიათ შემთხვევებს. 28 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, არ არსებობს მტკიცება, რომ არსებულ დაავადებებს უშუალოდ ვაქცინა იწვევს. EMA ამ საკითხზე მოკვლევას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაურკვევლობის მიუხედავად, მისი განცხადებით, 12-15 ასაკის ბავშვებში ვაქცინაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც კორონავირუსის გართულების რისკის ქვეშ არიან.

10 მაისს, ამერიკის მარეგულირებელმა ორგანომ FDA-მ, 12-15 ასაკობრივ კატეგორიაში Pfizer-ის გამოყენების ნებართვა გასცა. FDA-ის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ვაქცინაციით მიღებული პოტენციური სარგებელი, რისკებს აღემატება.

დღეისთვის 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კანადასა და აშშ-ში გამოიყენება. ამასთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა, 4 მაისს ვაქცინის გამოყენების ნებართვა ასევე 12-15 წლის ასაკობრივ ჯგუფში გასცა.

ვაქცინაციის შემდგომ პერიკარდიტებისა და მიოკარდტების შემთხვევები

გამოქვეყნებულ ვიდეოში კობა კუპრაშვილი ვაქცინირებულთა შორის პერიკარდიტისა (პერიკარდიუმის, გულის გარეთა გარსის, მწვავე ან ქრონიკული ანთება) და მიოკარდიტის (მიოკარდიუმის, გულის კუნთოვანი, ფუნქციურად ყველაზე მნიშვნელოვანი შრის ანთება) გამოვლენილ შემთხვევებსაც ეხება და მათ ვაქცინაციას მიაწერს. „რატომ უნდა დაემართოს ასი ათასში ერთ ბავშვს გულის კუნთის ანთება იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის გამო, რომელი დაავადებაც ასი ათასში ერთ ბავშვსაც კი არ/ვერ ავნებს“, - აცხადებს კობა კუპრაშვილი ვიდეოში.

აღნიშნული მტკიცება, რომ ვაქცინაცია პერიკარდიტისა და მიოკარდიტის განვითარებასთან არის დაკავშირებული, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის. Pfizer-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, ჯერ დადასტურებული არაა, ვაქცინა აღნიშნულ დაავადებებს იწვევს, თუ - არა. ფაიზერის ოფიციალურ განცხადების თანახმად, რომელიც პერიკარდიტისა და მიოკარდიტის შემთხვევებს უკავშირდება, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცება, რომელიც აღნიშნულ გართულებასა და ვაქცინას შორის კავშირს დაადასტურებს. ამ ეტაპზე, EMA ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებისგან (Pfizer-სა და Moderna-ს) ანგარიშს ელოდება, რომელიც ადამიანების სქესისა და წლოვანების მიხედვით იქნება სორტირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ 27 მაისს ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განახლებული მონაცემების თანახმად, კავშირი ვაქცინასა და დასახელებულ დაავადებებს შორის არ დადგენილა და არსებულ საკითხზე CDC მოკვლევას განაგრძობს. ამასთან ერთად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 28 მაისს გამოქვეყნებულ EMA-ს დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ ჯერ არ არსებობს მტკიცება, რომელიც დაადასტურებს, რომ არსებულ დაავადებებს უშუალოდ ვაქცინა იწვევს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3184 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
16%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი