სოციალურ ქსელში თურქეთის ელჩის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

6 ივნისს, ქართულ სოციალურ ქსელში, საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა სერენ იაზგანის ყალბი ციტატა გავრცელდა, სადაც Facebook-მომხმარებელი მაკა გუწაძე ამტკიცებს, რომ თითქოს ქალბატონმა ელჩმა თურქულ მედიასთან საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა „ან ნამა(ო)ხვანჰესი აშენდება... ან ქართველ ერს დავასრულებთ."

მსგავსი განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. FactCheck-ის რედაქცია საქართველოში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდა. როგორც ელჩის სამდივნოდან გვაცნობეს, აღნიშნული ციტატა ელჩ იაზგანს არ ეკუთვნის და მსგავსი განცხადება მას არასდროს გაუკეთებია. საელჩოს ოფიციალურ წერილობით პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

"ვაცხადებთ, რომ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ქალბატონ ფატმა ჯერენ იზაგანს არცერთი მედიისთვის არ მიუცია მსგავსი ინტერვიუ. აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე. უკანასკნელად, რამოდენიმე დღის წინ, იგი ესაუბრა ამ საკითხზე ქართული მედიის წარმომადგენელს. ჟურნალისტმა ელჩს დაუსვა შეკითხვა, რაზედაც მან დააფიქსირა თავისი შემდეგი პოზიცია: აშენდეს თუ არა ნამახვანჰესი ესაა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტი საკითხი. იგი უკავშირდება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიას, რაზედაც გადაწყვეტილება მიღებული იყო მის საქართველოში დანიშვნამდე რამოდენიმე წლით ადრე. მხოლოდ წარმოშობის ნიშნით, თურქეთის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის დისკრიმინაცია შემაშფოთებელია და ამ საკითხში, რა თქმა უნდა ვითხოვთ ქართული საზოგადოების თანადგომას. ჩვენ გვჭირდება მდგრადი ენერგია, რომელიც იქნება გარემოს დაცვაზე ორიენტირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია რეგიონის მცხოვრებლებსა და ნამახვანის პროექტის წარმომადგენლებს შორის დიალოგი. ამასთანავე, რა თქმა უნდა მათ ვინც აქციას მართავენ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, მაგრამ ასევე გააჩნიათ პასუხისმგებლობაც, ამიტომ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ და ქართველოს დასაქმებულებს და მისცენ მათ საკუთარ სამუშაო ადგილას მისვლის საშუალება."

რაც შეეხება თავად ინფორმაციის ავტორს, Facebook-მომხმარებელი მაკა გუწაძე, დიდი ალბათობით, ყალბი ანგარიშია. როგორც მომხმარებლის Facebook-ის მისამართის ველიდან ირკვევა, მაკა გუწაძე ადრე სხვა სახელით - ელენე დედაშვილი - იყო რეგისტრირებული.

ანგარიშის ყველაზე ძველი აქტივობა 2020 წლით თარიღდება და მას მეგობრების საკმაოდ შეზღუდული რაოდენობა (21) ჰყავს. აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე თურქეთის ელჩის გაყალბებული ციტატის გამოქვეყნებამდე ერთი საათით ადრე, მომხარებელმა მის პირად გვერდზე ვარლამ გოლეთიანის სურათი განათავსა, რითაც სურს, შთაბეჭდილება შექმნას, რომ ის ნამოხვანჰესის ირგვლივ მიმდინარე პროტესტის გულშემატკივარი და მხარდამჭერია.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.