• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დაუსაბუთებელი ხარჯები და არასრულყოფილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აუდიტის სამსახურის ანგარიშში

დაუსაბუთებელი ხარჯები და არასრულყოფილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი აუდიტის სამსახურის ანგარიშში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობა შეისწავლა, რის შედეგადაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა.

01/06/2021
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის საქმიანობა შეისწავლა, რის შედეგადაც გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. გაირკვა, რომ საანგარიშო პერიოდში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არასრულყოფილად განხორციელდა, ზოგ შემთხვევაში, კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მიზნობრიობა არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გარემოებები სახელმწიფო აუდიტმა გასულ წლებშიც გამოავლინა, თუმცა ხარვეზები კვლავ მეორდება.

კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში წყლის სისტემის მოწყობაზე 301.4 ათასი ლარი დახარჯა. ქალაქ თეთრიწყაროსა და დაბა მანგლისის წყალმომარაგება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ხორციელდება, ხოლო სოფლებში წყლის სისტემებზე მოვლა-პატრონობა და მისი გამართული ფუნქციონირების კონტროლი - ა(ა)იპ თეთრიწყარო-წყალს ევალებოდა. გამოვლინდა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდა. საკითხის შესწავლით დგინდება, რომ წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და სასმელ წყალზე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ათს წყალი - მუდმივად, ხოლო დანარჩენ ოთხმოცდაერთ სოფელს გრაფიკით მიეწოდება.

ამასთანავე, არსებულ წყლის სისტემებზე გამწმენდი ნაგებობები და წყლის დაქლორვის საშუალებები მოწყობილი არ არის, რაც გარკვეულ რისკებს აჩენს. მაგალითად: მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ - სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა 2018 წლის მაისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საშუალებით, წყლის ხარისხი გამოიკვლია. შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში წყლის ხარისხი დადგენილ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. პასუხისმგებელი პირების განმარტებით, სოფლის მოსახლეობისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი არ მოწმდება. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მოსახლეობისთვის მიწოდებულ სასმელ წყალშიც ანალოგიური ხასიათის დარღვევა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და პრიორიტეტების დოკუმენტშია ასახული, მისი გამოსწორებისათვის სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით შეეძლო, რაც არ განუხორციელებია. საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოები აბონენტების გამრიცხველიანებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მოხმარებული წყლის საფასურის ამოღება არ დაუგეგმავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა პრიორიტეტების დოკუმენტით დასახული მიზნების მიღწევა ვერ უზრუნველყო. მოსახლეობის წყალმომარაგება კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება, მის მოსაგვარებლად კი მუნიციპალიტეტს ადეკვატური ღონისძიებები არ გაუტარებია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელზეც ანგარიშშია საუბარი, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დაფინანსებას ეხება.

როგორც ირკვევა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ ქვემო ქართლში რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, მეწარმეების გაძლიერებისთვის საჭირო ინფორმაციის/სერვისების მიწოდებისა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ანგარიშზე, გრანტის სახით, 45.0 ათასი ლარი გადაირიცხა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარადგინა ინფორმაცია ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. გაურკვეველია, რა სარგებლობა მიიღო თვითმმართველობამ ამ აქტივობებისგან. აქედან გამომდინარე, გაწეული ხარჯის მიზანშეწონილობა არ დასტურდება. ანალოგიური ხარვეზი სახელმწიფო აუდიტის წინა ანგარიშშიც აღნიშნულია. მიუხედავად გამოვლინებული პრობლემებისა, მუნიციპალიტეტს აღნიშნული გარემოება არ გამოუსწორებია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ 45.0 ათასი ლარი არაეფექტიანად გაიხარჯა.

უწყებამ ხარვეზები დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების პროცესშიც აღმოაჩინა. საუბარია 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოფილ ტრანსფერზე. უფრო კონკრეტულად კი, თვითმმართველობას, მიზნობრივი ტრანსფერის სახით, თითოეულ წელს, 402.7 ათასი ლარი გამოეყო, საიდანაც მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, ა(ა)იპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და ომის ვეტერანების სოციალური დაცვის ღონისძიებები დაფინანსდა. გარდა მიზნობრივი ტრანსფერისა, 2019 წელს მუნიციპალიტეტმა, დელეგირებული უფლებამოსილების დაფინანსების მიზნით, საკუთარი ფინანსური რესურსიც – 8.6 ათასი ლარი გამოიყენა. აღნიშნული თანხები ძირითადად შრომის ანაზღაურების დაფინანსებისთვის გაიხარჯა, რისი დაგეგმვა და გაანგარიშებაც მუნიციპალიტეტს წინასწარ შეეძლო. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსური რესურსის მისაღებად მუნიციპალიტეტს სხვა სახის ღონისძიება არ გაუტარებია.

ამ კონკრეტული გარემოების შესახებ აუდიტმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო დელეგირებული უფლებამოსილების განმახორციელებელი სამსახურების საქმიანობის დაგეგმვა და წარმართვა, მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შესაბამისად, რამაც 8.6 ათასი ლარის დამატებითი ხარჯი გამოიწვია.

ამ და სხვა გარემოების შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტი მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები.

უწყების რეკომენდაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობის წყალმომარაგების მოწესრიგებას, მიწოდებული წყლის ხარისხის კონტროლს და წყლის სისტემის გამართულ ექსპლოატაციას გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველსაყოფად, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად, ხოლო ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მუნიციპალიტეტის პრობლემების მოსაგვარებლად მიმართოს.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მერიამ უნდა დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მაღალი რწმუნების მიღებას, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები ხარისხიანად და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად სრულდება; რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, გარანტიის მექანიზმი აამოქმედოს, რათა ნაკლოვანებები/ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას.

თეგები:
თეთრიწყარო
ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი
Audit
Tetritskaro
შუქური ალიევი
შუქური ალიევი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა