ზაურ დარგალი: მარნეულში, თვითმმართველობაში ხუთი თანამშრომელი დასაქმდება, რომლებიც სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს დაეხმარებიან
ვერდიქტი: არ შესრულდა
რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის, ზაურ დარგალის ერთ-ერთი დაპირება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის შექმნა იყო. კერძოდ, აღნიშნული ცენტრი სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს განცხადების დაწერასა და სასურველი ინფორმაციის მათთვის გასაგებ ენაზე მიწოდებაში დაეხმარებოდა.
დღემდე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი შექმნილი არ არის. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ინფორმაცია პირადად გადაამოწმა და მოსახლეობაც გამოკითხა. ისინი აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულ ენაზე და პირიქით განცხადებების თარგმნა ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მარნეულის მერიისგანაც გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.
შესაბამისად,ზაურ დარგალის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემულ დაპირება არ შესრულდა.
ანალიზი: 2019 წელს ზაურ დარგალი, ჯერ კიდევ მერობის კანდიდატად ყოფნის დროს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ დებატზე, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ მარნეულის თვითმმართველობაში შეიქმნებოდა მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სადაც ხუთი ახალი თანამშრომელი დასაქმდებოდა. ისინი სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებს განცხადების დაწერასა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებაში დაეხმარებოდნენ. ასევე, ახალი თანამშრომლები არაქართულენოვან მოსახლეობას საჭირო ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდებდნენ.
ზაურ დარგალმა იგივე დაპირება რადიო მარნეულის ეთერში, კერძოდ, „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას გაიმეორა: „ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ყველა სერვისის მიღების საშუალება, რომლებიც დღეს მერის კომპეტენციაში შედის. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ერთ სივრცეში, პირველ სართულზე, პირდაპირი კომუნიკაციით ჰქონდეთ საშუალება, რომ დაწერონ განცხადება, მიიღონ ინფორმაცია მათთვის სასურველ ენაზე და ა.შ. ენა არ უნდა იყოს ბარიერი მოქალაქისთვის“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, ეთნიკური აზერბაიჯანელები მარნეულის მუნიციპალიტეტის თითქმის 84%-ს წარმოადგენენ. კერძოდ, მარნეულის მუნიციპალიტეტში 107 000-ზე მეტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არ ფლობს სახელმწიფო ენას, რაც მნიშვნელოვან ბარიერს ქმნის ინფორმაციის მიღებისა და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაციის პროცესში.
„ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ევროპული ჩარჩო კონვენციის (საქართველოსთან მიმართებით, ძალაშია 2006 წლიდან) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით, სახელმწიფო ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა უზრუნველყონ უმცირესობის ენის გამოყენება ადმინისტრაციულ ორგანოსა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ პირს შორის ურთიერთობისას.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი“ მომზადდა. აღნიშნული გზამკვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და მიზანი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისების შეთავაზება იყო .
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაურ დარგალის მიერ წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირება მოსახლეობამ დადებითად შეაფასა.
სამოქალაქო აქტივისტი რავილ მამედოვი ფიქრობს, რომ მომსახურების ცენტრის შექმნა მარნეულელებზე პოზიტიურად აისახება.
„მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანელები კომპაქტურად არიან დასახლებული, მოსახლეობის უმრავლესობა კი სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, არ ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, მათთვის ძალიან რთულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია და განცხადების სახელმწიფო ენაზე დაწერა. ზაურ დარგალი 2019 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, [მარნეულის მოსახლეობას] დაჰპირდა ამ პრობლემის მოგვარებას. შეიქმნებოდა მომსახურების ცენტრი მარნეულის თვითმმართველობაში მოსახლეობის დასახმარებლად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს დაპირება არ არის შესრულებული“, – ამბობს რავილ მამედოვი.
„ფაქტ-მეტრმა“ მომსახურების ცენტრის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერიისგან გამოითხოვა. ვინაიდან პასუხი ვერ მივიღეთ, საკითხში გარკვევა ადგილზე ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სერვისს მერია მოსახლეობას არ აწვდის. ადგილობრივები ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ მათ განცხადების თარგმნა უწევთ, რისთვისაც თარჯიმანს შესაბამის თანხას უხდიან.
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი ნოვრუზ მეხტიევი „ფაქტ-მეტრთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა, საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციის დროს, მარნეულის მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნის. „რამდენიმე თვის წინ ჩემს მარნეულელ ნაცნობს (უკიდურესად ღარიბი და 3 შვილის მამა) სურდა განცხადების შეტანა მარნეულის მერიაში. განცხადების აზერბაიჯანული ენიდან ქართულ ენაზე სათარგმნად თარჯიმანმა 40 ლარი მოსთხოვა. მარნეულის თვითმმართველობაში არ არის შექმნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. მე ვფიქრობ, რომ ეს დაპირება უნდა შესრულდეს და მოქალაქეებმა უფასოდ და სრულად უნდა გამოიყენონ“,- გვითხრა მეხტიევმა.
მომსახურების ცენტრის შექმნას მნიშვნელოვნად მიიჩნევს მარნეულის სოფ. აღმამედლოს სათემო ცენტრის ხელმძღვანელი ზაქირ აივაზოვი. ის ამბობს, რომ მოსახლეობა, ენობრივი ბარიერის გამო, თავიანთი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობას განცხადებით ვერ მიმართავს.