დეზინფორმაცია: შვედეთი COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში მორიგ ყალბ ამბავს ავრცელებს. 2021 წლის 22 მაისს გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, შვედეთმა COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა. შანიძეს ინფორმაციის წყაროდ ინგლისურენოვანი ვებგვერდის - Williambowles - სტატია მოჰყავს. 25 მაისის მონაცემებით, პოსტს 454 რეაქცია, 118 კომენტარი და 283 გაზიარება აქვს.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ შვედეთმა COVID-19-ის დასადგენად PCR ტესტების (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) გამოყენება შეაჩერა, ტყუილია. შვედეთი COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტსა და სწრაფ ტესტებს [ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული] დღემდე (2021 წლის 25 მაისი) იყენებს. აღნიშნული ინფორმაცია შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი:

შანიძის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი წყარო არა შვედეთის ოფიციალური უწყების, არამედ ერთ-ერთი ბლოგერის ვებგვერდია. დასახელებულ სტატიაში შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს 2020 წლის 21 ივლისის განცხადება უცვლელადაა მოყვანილი, რომელშიც PCR ტესტების გამოყენების შეჩერებაზე არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, ბლოგერმა 2021 წლის 8 მაისს სტატია შემდეგნაირად დაასათაურა: SWEDEN STOPS PCR TESTS AS COVID-19 DIAGNOSIS (შვედეთი COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენებას აჩერებს). ანალოგიური სათაურით აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა არასანდო უცხოურმა ვებგვერდმა გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

სინამდვილეში, როგორც უკვე ითქვა, შანიძის მიერ მოყვანილ წყაროში, გარდა სათაურისა, არსად წერია, რომ შვედეთმა PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა. პირიქით, აღნიშნულ ტექსტში წერია, რომ PCR ტესტი ვირუსის გამოსავლენად გამოიყენება (The PCR technology used in tests to detect viruses), თუმცა მას არ შეუძლია დაადგინოს, არის, თუ - არა ინფიცირებული ადამიანი ვირუსის გადამტანი. სტატიაში მოყვანილი შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს განცხადება 2020 წლის 21 ივლისს სწორედ იმისთვის გამოქვეყნდა, რომ საზოგადოებისთვის ეცნობებინა, თუ ვინ და როდის არის COVID-19-ის გადამტანი:

ამრიგად, შორე შანიძის მტკიცება, თითქოს შვედეთმა COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR ტესტების გამოყენება შეაჩერა, ყალბი ამბავია. შვედეთში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის PCR მეთოდი და სწრაფი ტესტები გამოიყენება.

PCR-ტესტირების მეთოდი მისი „სპეციფიკური მგრძნობელობისა“ და მაღალი სანდოობის გამო, პანდემიის პირობებში, ახალი კორონავირუსის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ იქცა. ტესტირების მეთოდი ჩხირის ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე მოთავსებას გულისხმობს, რის შედეგადაც ცხვირ-ხახიდან აღებულ ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის (კორონავირუსის გენომის) განსაზღვრა ხდება. PCR დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში არის შესაძლებელი და პასუხის მიღებას შედარებით დიდი დრო სჭირდება (1,5 საათიდან 48 საათამდე მერყეობს). COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის გამოყენებადი ტესტების შესახებ დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.