დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინებისგან ადამიანები იღუპებიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის 18 მაისს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, სხვადასხვა ვაქცინით აცრილი და გარდაცვლილი ადამიანების არასრული სიაა წარმოდგენილი. შორე შანიძის 2-წუთიან ვიდეოკოლაჟში სხვადასხვა ადამიანის ფოტოებია მოცემული. ვიდეოში მოცემულ ფოტოებს თან ერთვის ფოტო გამოსახული ადამიანების სახელები, გვარები, პროფესია, ასაკი, ქვეყანა და ვაქცინის ტიპი (ასევე ვაქცინის მიღების თარიღი). პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში დაუზუსტებელია.

ვიდეოკოლაჟში ათეულობით ადამიანის ინფორმაციაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ პირთაგან რამდენიმეზე ყალბი ინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, თითქოს მათ გარდაცვალებასა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პირებიდან ბევრს კოვიდვაქცინა მიღებული არც ჰქონია და სხვა ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალნენ, თუმცა მათი გარდაცვალების ამბავი მაინც კოვიდვაქცინებთან მანიპულაციურად არის მიწერილი.

მტკიცება: მარვინ ჰაგლერი ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კრივის ლეგენდა მარვინ ჰაგლერი (Marvelous Marvin Hagler) 13 მარტს ნიუ ჰემფშირში, 66 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისმა მეუღლე, ქეი ჰაგლერმა, მარვინ ჰაგლერის Facebook-ფანკლუბში მოკრივის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ განაცხადა, მაგრამ კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. თუმცა, მეორე დღეს, ასევე Facebook-პოსტში ქეი ჰაგლერმა განაცხადა, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი Covid-19-ის ვაქცინა ნამდვილად არ ყოფილა („For sure wasn't the vaccine that caused his death“). როგორც მოგვიანებით Reuters დაწერა, მოკრივე ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა და ვაქცინას აღნიშნულთან კავშირი არ ჰქონია.

ჰაგლერის გარდაცვალების მიზეზად Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ჭორებს მოკრივე თომას ჰერნთან მივყავართ. ჰერნმა საკუთარ instagram-გვერდზე 13 მარტს, ჰაგლერის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ნამდვილი მეომარე, ილოცეთ მეფისა და მისი ოჯახისთვის... ის ახლა ინტენსიური მოვლის განყოფილებაში ებრძვის ვაქცინის ეფექტს! ის კარგად იქნება, ჩვენ პოზიტიური ენერგია უნდა გამოვიყენოთ და ვილოცოთ მისი სრული გამოჯანმრთელებისთვის” ("A real true warrior Pray for the king and his family.. he’s in ICU fighting the after effects of the vaccine! He’ll be just fine but we could use the positive energy and Prayer for his Full Recovery!").

აღნიშნული საკითხი სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის (FactCheck.org, USA TODAY, Reuters) ყურადღების ცენტრში მოექცა და მათ მიერ ეს ამბავი შეფასებულია, როგორც ყალბი.

მტკიცება: გრეგორი მაიკლი Pfizer-ის ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ექიმი გრეგორი მაიკლი 2020 წლის 18 დეკემბერს Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ ორ კვირაში ნამდვილად გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, რომ მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იყო.

შემთხვევის მოკვლევა ფლორიდის ჯანმრთელობის დეპარტამენტის (Florida Department of Health) და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ მალევე დაიწყო. სულ ახლახანს, აპრილში გამოქვეყნებული დასკვნის თანახმად, გრეგორი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, რაც გამოწვეული იყო იმუნური თრომბოციტოპენიის გართულებებით. აღნიშნული დაავადება სისხლის შედედებას ხელს უშლის და შინაგან სისხლდენას იწვევს. შესაბამისად, გრეგორის გარდაცვალებას Pfizer-ის ვაქცინის მიღებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

მტკიცება: ლარი კინგი ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში 2021 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. კინგს წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებდა, მათ შორის დიაბეტი. 2017 წელს ფილტვის სიმსივნის ოპერაციაც გაიკეთა, 2019 წელს ინსულტიც გადაიტანა. კინგი Covid-19-ით ინფიცირებულიც იყო და მას ჰოსპიტალიზებაც დასჭირდა. როგორც მისმა მეუღლემ მოგვიანებით განაცხადა, კინგის გარდაცვალების მიზეზი ინფექცია სეფსისი გახდა. ინფორმაცია ლარი კინგის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შესახებ არ მოიპოვება, ამაზე არც მისი ოჯახის წევრები საუბრობენ.

მტკიცება: ერლ სიმონსი ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეპერი ერლ სიმონსი (იგივე DMX) 2021 წლის 9 აპრილს ნიუ-იორკის საავადმყოფოში გულის შეტევის შემდეგ, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია გულის შეტევა, უცნობია. თუმცა რეპერის გარდაცვალებიდან სოციალურ ქსელებში მალევე გამოჩნდა სათაურები, რომ თითქოს მას გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. ოჯახის წევრებისა და საავადმყოფოს განცხადებებში რეპერის მიერ ვაქცინის მიღების შესახებ არაფერია ნათქვამი, ხოლო რეპერის დიდი ხნის ადვოკატმა, მური რიჩმანმა დაადასტურა, რომ ერლ სიმონსს გულის შეტევამდე ერთი კვირით ადრე ვაქცინა არ გაუკეთებია. აქედან გამომდინარე, მის გარდაცვალებასთან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას კავშირი არ აქვს.

მტკიცება: ჯონ ფრენსის ფული Johnson & Johnson ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

2021 წლის აპრილში, სტუდენტი ჯონ ფრენსის ფული ნამდვილად გარდაიცვალა Johnson & Johnson ვაქცინის მიღებიდან ერთ დღეში. მიუხედავად ამისა, ჰამილტონ ქანთრის სასამართლო ექსპერტმა ლაქშმი სამარკომ განაცხადა, რომ ვაქცინაციასა და სტუდენტის გარდაცვალებას შორის პირდაპირი კავშირი არ დადგენილა. ჯონ ფრენსის ფულის გარდაცვალების შემთხვევაზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს და ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შესაბამისად, სანამ არ არსებობს ვაქცინასა და სტუდენტის გარდაცვალებას შორის პირდაპირი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება, აღნიშნული მტკიცება მცდარია.

მტკიცება: მიდვინ ჩარლზი Pfizer/Moderna ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

მიდვინ ჩარლზი, სამართლებრივი ანალიტიკოსი 2021 წლის აპრილში გარდაიცვალა. მან 2021 წლის 1 მარტს ნამდვილად მიიღო კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რის თაობაზეც Twitter-ზე თავადაც დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, ანლიტიკოსის გარდაცვალება ,რამ გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის მის გარდაცვლებასა და კოვიდვაქცინას შორის უშუალო პირდაპირი კავშირის არსებობა არ დასტურდება.

მტკიცება: ვირჯინია ელინგტონი Johnson & Johnson ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ვირჯინია ელინგტონი 48 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც სისხლის მაღალი წნევისა და გულსისხლძარღვთა დაავადებით იყო გამოწვეული. ელინგტონმა გარდაცვალებამდე 48 საათით ადრე Johnson & Johnson ვაქცინის ერთი დოზა ნამდვილად მიიღო, თუმცა აუტოფსიის შედეგების თანახმად, ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის კავშირი არ დადასტურებულა.

მტკიცება: ჰენკ აარონი Moderna-ს ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ყოფილი ბეისბოლისტი ჰენკ აარონი 2021 წლის 22 იავარს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, Moderna-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ნამდვილად მიიღო. აარონის გარდაცვალების შემდეგ, ფულტონის სამედიცინო კვლევით ცენტრში (Fulton County Medical Examiner Centre) მის სხეულს აუტოფსია ჩაუტარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ აარონი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა და მის გარდაცვალებასთან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

ამასთან ერთად, ემორის ვაქცინაციის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინასთან კავშირის არ ქონას ასევე აარონის ასაკი და ინექციიდან გარდაცვალებამდე ორკვირიანი პერიოდი ადასტურებს. მისი განცხადებით, მაღალი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანის გარდაცვალება, რომელიც ვაქცინაციიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ ფიქსირდება, ვაქცინასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს, არ ადასტურებს.

მტკიცება: კეშავ რამან შარმა Pfizer-ის ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვლა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ექიმი კეშავ რამან შარვა 2021 წლის 11 იანვარს ირლანდიაში ნამდვილად გარდაიცვალა და მას ვაქცინის (Pfizer/BioNTech) პირველი დოზა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა მიღებული. მიუხედავად ამ ორი ფაქტის დროში დამთხვევისა, ექიმი შარვას გარდაცვალებასა და COVID-19-ის ვაქცინას შორის კავშირი არ დადგენილა.

ირლანდიის ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს (The Health Products Regulatory Authority- HPRA) თანახმად, ირლანდიაში COVID-19-ის ვაქცინით გარდაცვალების შესახებ არავითარი ცნობა არ გამოქვეყნებულა (2021 წლის მარტის მონაცემების მიხედვით). ასევე, HPRA-ს განმარტებით, რადგანაც COVID-19-ის ვაქცინას ძირითადად ასაკოვანი და მოწყვლადი ჯგუფის წევრები იღებენ, სიკვდილიანობა აუცილებლად დაფიქსირდება, რომელიც ვაქცინაციის შემდგომი დროის მონაკვეთს დაემთხვევა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარდაცვალების მიზეზი COVID-19-ის ვაქცინა იქნება.

მტკიცება: სონია ასევედო Pfizer-ის ვაქცინით გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პორტოს ონკოლოგიური ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, სონია ასევედომ, 2021 წლის 30 იანვარს კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer ვაქცინა გაიკეთა. 1 იანვარს ის მოულოდნელად გარდაიცვალა, თუმცა მისი სიკვდილის მიზეზი დადგენილი არ იყო. 5 იანვრის აუტოფსიის შედეგებმა დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის ვაქცინა არ ყოფილა.

რაც შეეხება მეგი ბაქრაძეს, ის 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას ახალციხეში AstraZeneca-ს კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ამ ეტაპზე ცნობილი არაა და შესაბამისად, ექსპერტიზით დადასტურებული პასუხი თუ რამ გამოიწვია მეგი ბაქრაძის სიკვდილი, დაუზუსტებელია. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ამ დროისთვის, საქართველოს პროკურატურას მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმისა და 1 ექთნისთვის ბრალი აქვს წაყენებული.

ვიდეოკოლაჟში ზემოთჩამოთვლილი პირების გარდა, კოვიდვაქცინის მიღების შემდეგ სხვა ადამიანების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციასაც ვხვდებით. თუმცა ამ პირების გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ან ჯერ უცნობია, ან კვლავ გამოძიების პროცესშია. ზოგიერთი მათგანი კი AstraZeneca-სა და Jonhson&Jonhson ვაქცინების გვერდით მოვლენებთან არის დაკავშირებული (იშვიათი და მძიმე თრომბოზის ფორმა). მათ შორის აღსანიშნავია, რომ ევროპის მედიკამენტების სააგენტოს განცხადებით, Astrazeneca-ს ვაქცინის სარგებელი, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს კვლავ აღემატება. რაც შეეხება Jonhson&Jonhson-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას, მისი გამოყენება ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრისა და საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს რეკომენდაციით შეაჩერეს, თუმცა 24 აპრილს განაახლეს და დაამატეს გაფრთხილება შესაძლო იშვიათი სისხლის შედედების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოში წარმოდგენილი ყველა პიროვნება ნამდვილად გარდაიცვალა, ზოგ შემთხვევაში პირს ვაქცინა არც კი ჰქონია მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ვაქცინის მიღების შემდგომ დამდგარი გარდაცვალება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინით არის გამოწვეული. მსგავსი დასკვნების გამოტანა მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევების შედეგად არის შესაძლებელი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5573 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია