ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რომელიც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ვერ ქმნის მშპ-ს 10%-საც კი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი 6,5% იყო. მაჩვენებელი 2020 წელს 8,4%-მდე გაიზარდა, რაც იმან განაპირობა, რომ ეკონომიკის დანარჩენი დარგების მკვეთრი შემცირების ფონზე, სოფლის მეურნეობის გამოშვება თითქმის იგივე დარჩა. საქართველოში მთლიანი დასაქმებული მოსახლეობის 39% სოფლის მეურნეობის დარგზე მოდის. შესაბამისად, მოსახლეობის თითქმის 40% მშპ-ს 10%-ს მართლაც ვერ ქმნის, რაც დარგის დაბალპროდუქტიულობაზე მიუთითებს.
აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან მშპ-ში 2%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ნაკლები ეკონომიკის ქვეყნებში (განვითარებად ქვეყნებში) დარგის წილი მშპ-ში უფრო მაღალია.
ანალიზი:
2021 წლის 13 მაისს ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თავის ფეისბუქ-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პრემიერმინისტრის ახალ მრჩეველს ვასილ ჰუდაკს მიმართავდა. აღნიშნულ პოსტში, პოლიტიკოსი წერს: „წლებია მილიარდებს ვხარჯავთ სოფლის მეურნეობაში მხოლოდ იმიტომ რომ ეს პოლიტიკურად მომგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი, რომელიც ამ სფეროშია დასაქმებული, ვერ ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-საც კი”
სოფლის მეურნეობაში 2013 წლიდან ბიუჯეტიდან 2 მლრდ ლარზე მეტია დახარჯული. ამის მიუხედავად, დარგის წილი მშპ-ში წლიდან წლამდე მცირდებოდა, თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, როდესაც საქართველოს მშპ-ში სხვა დარგების წილის რადიკალური შემცირების ფონზე, სოფლის მეურნეობის გამოშვება იგივე ნიშნულზე დარჩა. შესაბამისად, წილი მთლიან მშპ-ში გაიზარდა.
გრაფიკი 1: 2013-2020 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი, მლნ ლარი
წყარო: factcheck.ge
დღეისთვის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 659 ათასი ადამიანი, რაც მთლიანი დასაქმების 39%-ია. შესაბამისად, 659 ათასმა ადამიანმა 2020 წელს მშპ-ს 8,4% შექმნა.
ზოგადად, განვითარებულ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან მშპ-ში 2% არ აღემატება. განსხვავებული მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. გრაფიკ 2-ზე წარმოდგენილია 2020 წლისთვის, სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში. განვითარებული ქვეყნების მაგალითად წარმოდგენილია: შვედეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ნორვეგია და იტალია, ხოლო განვითარებადი ქვეყნები - მოლდოვას, ტუნისის, ჰონდურასის და მონღოლეთის, სახით არის წარმოდგენილი
გრაფიკი 2: სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში, ქვეყნების მიხედვით [1].
წყარო: მსოფლიო ბანკი
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება არის სიმართლე.
[1] სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის გარდა, დარგში ასევე იხარჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან და ადგილობრივი თვითმმართველობიდან თანხები. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში დახარჯული ფული გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი.