პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, ქუთაისის მერიამ არაერთ სტუმარს უმასპინძლა და ათასობით ლარი სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე დახარჯა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცით ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ორგანომ საბიუჯეტო სახსრებით, 2020 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (2020 წლის 21 მარტი), რამდენიმე კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება დააფინანსა.
ცხრილი 1. ქუთაისის მერიის მიერ 2020 წლის აპრილ-დეკემბრის განმავლობაში სარესტორნო და გასართობ ღონისძიებებზე გახარჯული თანხა
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
საინტერესოა, რომ 2020 წლის ივლისში შპს „მაგნოლიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (5 000 ლარი), მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 340 ლარი გახარჯა. ამ თანხაში შედის 261 ლარი - უკრაინის ელჩისა და თანმხლები პირებისთვის, ჯამში ხუთ პერსონის კვებითი მომსახურება, რაც ნიშნავს, რომ ერთ პერსონაზე გადახდილი თანხა 52 ლარს აღემატება. იგივე შესყიდვა მოიცავს 1 280 ლარის კვებით ხარჯს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და მისი თანმხლები პირებისთვის. საუბარია პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლებზე, ჯამში ოც პერსონაზე. ერთი ადამიანის კვებითი მომსახურება თვითმმართველობის ბიუჯეტს 64 ლარი დაუჯდა. კიდევ ერთი მინისტრისა და მისი თანმხლები პირების (სულ შვიდი პერსონა) გამასპინძლებისთვის ქუთაისის მერიამ 349 ლარი გახარჯა. საუბარია იმერეთის მთავარ ქალაქში სამუშაო ვიზიტით მყოფ ჯანდაცვის მინისტრსა და მის დელეგაციაზე, რომელთა სარესტორნო მომსახურებაც თვითმმართველობამ შპს ღვინის სადეგუსტაციო სახლ „საწნახელისგან“ შეისყიდა. ერთ პერსონაზე გადახდილი თანხა 50 ლარს აღწევს.
გამოდის, რომ მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს პანდემიამ გაუსაძლისი პრობლემები შეუქმნა, ქუთაისის მერია ბიუჯეტიდან თანხას სტუმრების გამასპინძლება-განთავსებისთვისა და გასართობ ღონისძიებებზე ხარჯავდა. ამ მიზნით განხორციელებული შესყიდვების ჯამური ღირებულება 19 479 ლარს შეადგენს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მერიამ „ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარები დენდროლოგიური პარკის გახსნაზე წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია იყო და ეს გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა.
საინტერესოა, რამდენჯერ გაუწოდა დახმარების ხელი თვითმმართველობამ პანდემიის გამო კრიზისში მყოფ მოსახლეობას და რა დაჯდა ერთი მოქალაქისთვის განკუთვნილი სასურსათო ნობათი, რომლითაც მერიამ ბენეფიციარები მოამარაგა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ რესტორანში ერთი პერსონის კვებისთვის გახარჯული თანხა ხშირად 50 ლარს აღემატება.
ცხრილი 2. 2020 წლის განმავლობაში ქუთაისის მერიის მიერ ბენეფიციარების საკვები პროდუქტებით მომარაგების ხარჯი
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
როგორც ვხედავთ, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით, მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში, მერიამ თორმეტი შესყიდვა განახორციელა. აქედან ყველაზე მასშტაბური დახმარება საახალწლო ნობათის დარიგებაში გამოიხატა. ჯამში 36 410 ლარის ღირებულების ნობათი ათასი ბენეფიციარისთვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა ბენეფიციარებისთვის შეძენილი საახალწლო ნობათის შემადგენლობაც. ერთი სასაჩუქრე კალათა შედგებოდა: გაყინული ქათამი - 1 ცალი; შაქარი - 2 კგ; შედედებული რძე - 1 ცალი; ზეთი - 1 ბოთლი; შოკოლადის კანფეტი - 1 კგ (ღირებულება 6 ლარი); კარაქი - 1 კგ (ღირებულება 3 ლარი); კვერცხი - 1 შეკვრა; პურის ფქვილი - 1 კგ; მაიონეზი - 1 ცალი. თუ აღნიშნული სასურსათო კალათის ჯამურ ღირებულებას ბენეფიციარების რაოდენობაზე გავყოფთ, ვნახავთ, რომ საახალწლოდ მერიამ ერთ ადამიანზე 36 ლარი და 41 თეთრი გამოყო, ანუ იმაზე ნაკლები, ვიდრე ერთი სტუმრის ერთჯერადად რესტორანში გამასპინძლებისთვის დახარჯა.
ახალი წლის შემდეგ, სასურსათო ნობათი ბენეფიციარებს მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე დაურიგეს. ამჯერად მერიამ 52 597 ლარი დახარჯა (პასკების ჩათვლით) და საჩუქარი 2 750 ადამიანზე გაითვალისწინა. გამოდის, რომ ერთი ბენეფიციარის სასაჩუქრე კალათა მერიას 19 ლარზე ოდნავ მეტი დაუჯდა.
2020 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან მერიამ საახალწლო ნობათი ბენეფიციარებისთვის ელექტრონული ტენდერის (NAT200017961) საშუალებითაც შეისყიდა, ამჯერად 2 200 ბენეფიციარისთვის და ჯამში 80 102 ლარი გადაიხადა. სასურსათო პაკეტი იმავე პროდუქტებისგან შედგებოდა, რომლებიც გამარტივებული წესით შეიძინეს და ერთ ბენეფიციარზე ამჯერადაც 36 ლარი და 41 თეთრი იყო გათვალისწინებული.
გარდა ამისა, სოციალური საცხოვრებლის ბინადრებისთვის საკვები პროდუქტი სამჯერ შეიძინა და ამისთვის ჯამში 1 364 ლარი გადაიხადა.
ქუთაისის მერიისთვის 2021 წელიც სტუმრიანობით დაიწყო. იანვრიდან 14 მაისის ჩათვლით პერიოდში აღმასრულებელმა ორგანომ, გამარტივებული წესით, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებაზე 56 725 ლარის ჯამური ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
ცხრილი 3. ქუთაისის მერიის მიერ სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი, 2021 წლის იანვარი-მაისი
წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის ფარგლებში ჩასული სტუმრებისთვის მერიამ, ელექტრონული ტენდერის გზით (NAT210006287), 12 060 ლარად სასტუმრო მომსახურებაც შეისყიდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ყველა შესყიდვის ფარგლებში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული არ არის. აქედან გამომდინარე, ჯერ უცნობია, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულებიდან, რა მოცულობის თანხა გაიხარჯა. თუმცა ცნობილია, რომ სპორტული ღონისძიებების ფარგლებში სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (10 000 ლარი), გადახდილია 2 740 ლარი. აქედან 1 240 ლარი - სასტუმრო, ხოლო 1 500 ლარი - კვებითი მომსახურებისთვის. საუბარია ოცი პერსონის კვების ხარჯზე.
2021 წლის დასაწყისიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, სტუმრების კვებითი და სასტუმრო მომსახურების შესყიდვის მიზნით, მერიამ ჯამში 68 785 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
რაც შეეხება შეჭირვებული მოქალაქეების საკვები პროდუქტით დახმარებას, 2021 წლის აღდგომის დღესასწაულისთვის მერიამ, ელექტრონული ტენდერით (NAT210005808), 183 240 ლარად 4 000 ბენეფიციარისთვის ნობათი შეიძინა. სასაჩუქრე კალათა შემდეგი პროდუქტებისგან შედგებოდა: გაყინული ქათამი - 1 ცალი; შედედებული რძე - 1 ცალი; შაქარი - 2 კგ; ზეთი - 1 ბოთლი; შოკოლადის კანფეტი - 1 კგ; ნაღების კარაქი - 1 კგ; კვერცხი - 1 შეკვრა; პურის ფქვილი - 1 კგ; მაიონეზი - 1 ცალი და პასკა - 1 ცალი. ერთი ბენეფიციარისთვის გადასაცემი პროდუქტების ღირებულებამ 45 ლარი და 81 თეთრი შეადგინა.
გარდა ამისა, 2021 წლის სახსრებით აღმასრულებელმა ორგანომ ბავშვებისთვის საახალწლოდ 22 000 ლარის ღირებულების ტკბილეული შეიძინა. ერთი ბავშვისთვის განკუთვნილი სასაჩუქრე პაკეტის ღირებულება 11 ლარს აღწევს.
ამ შესყიდვის გარდა, მიმდინარე წელს ქუთაისის მერიას არც გამარტივებული და არც ელექტრონული შესყიდვის გზით, ბენეფიციარებისთვის საკვები პროდუქტი არ შეუძენია. ამ ტიპის საქონელს ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი ყიდულობს, რომელსაც სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები ჰყავს და მათთვის უფასო სადილის მიწოდება ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს.