დეზინფორმაცია: კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლოში მოუგო და ვაქცინაცია აღარ არის სავალდებულო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელმა Revaz Tordia-მ სოციალურ ქსელში ყალბი მტკიცება გაავრცელა, თითქოს კენედი უმცროსმა გეიტსსა და ფაუჩის სასამართლო პროცესი მოუგო, რის შემდეგაც ვაქცინაცია სავალდებულო აღარ არის. მის პოსტს ათასზე მეტი ნახვა აქვს.

პოსტში ნახსენები რობერტ კენედი უმცროსი (აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმისშვილი) ამერიკელი ანტივაქსერი ადვოკატია, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. რობერტ კენედი ანტივაქსერული ადვოკატირების ჯგუფის თავმჯდომარეა.

რობერტ კენედი უმცროსმა ფაუჩი რამდენჯერმე დაადანაშაულა, კოვიდვაქცინების მწარმოებლებისთვის ვაქცინის კვლევის პროცესში ცხოველებზე გამოცდის ფაზის გამოტოვებასა და ცდების პირდაპირ ადამიანებზე ჩატარების უფლების მიცემაში, თუმცა მას ბილ გეიტსისა და ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ ვაქცინებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი არ დაუწყია.

სასამართლო პროცესი, რომელიც რობერტ კენედი უმცროსის სახელთანაა დაკავშირებული, აშშ-ის ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტის (HHS) წინააღმდეგ ანტივაქსერული ორგანიზაცია ICAN-ის (Informed Consent Action Network) სახელით შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გაიმართა. რობერტ კენედიმ ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული სერვისების დეპარტამენტს 2018 წლის ივლისში ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის თავისუფლების აქტის დარღვევის გამო უჩივლა. სარჩელი ვაქცინების უსაფრთხოებასთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. საქმე ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ICAN-სთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდების დაგვიანებას ეხებოდა.

ICAN-ის დამფუძნებლის დელ ბიგთრის თანახმად, „ვაქცინაციით დაშავებულთა კომპენსაციის“ შესახებ 1986 წლის კანონი ჯანდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, რომ კონგრესის შესაბამის კომიტეტს ვაქცინაციასთან დაკავშირებული მონიტორინგის შედეგების ანგარიში წარუდგინოს. ICAN-მა დოკუმენტები მოითხოვა, თუმცა HHS-მა ICAN-ის მიერ მოთხოვნილი საჯარო დოკუმენტაციის შესატყვისი ანგარიშები ვერ აღმოაჩინა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ICAN ამტკიცებდა, რომ HHS ბოლო წლებში ვაქცინების უსაფრთხოებას აღარ ამოწმებდა. თუმცა, რეალურად, 2019 წლის მარტში სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტის თავმჯდომარემ ლამარ ალექსანდრმა განმარტა, რომ ICAN-ის მიერ გამოთხოვილი ანგარიშები HHS-ს კონგრესისთვის არა ორ წელიწადში ერთხელ, არამედ კანონის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უნდა მოემზადებინა. მისი თქმით: „კონგრესის შესაბამის კომიტეტს აქვს 1988 წელს და 1989 წელს მიღებული ანგარიშები. ამასთან ერთად, HHS ვაქცინებზე მონიტორინგს და კვლევებს სხვადასხვა დაქვემდებარებული ორგანოს საშუალებით მუდმივად აწარმოებს. ეს 4 მთავარი ორგანოა: ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტი, საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ვაქცინების კომიტეტი, იმუნიზაციის პროგრამების მრჩეველთაკომიტეტი, და ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამის მრჩეველთა კომიტეტი. აღნიშნული კომიტეტები დამოუკიდებლად მუშაობენ და მუდმივად აწვდიან ინფორმაციას HHS-ს.

შესაბამისად, კენედის მიერ მომზადებული სარჩელი სავალდებულო ვაქცინების გაუქმებასთან არ არის დაკავშირებული. სარჩელში არც ბილ გეითსი და არც ენტონი ფაუჩი არ ფიგურირებენ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი