დეზინფორმაცია: ვერნონ კოლმენის მტკიცებით, ვაქცინაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტებს იწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-სივრცეში დოქტორი ვერნონ კოლმენის ვიდეომიმართვა ვრცელდება, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ საუბრობს. ის ვიდეოში, ბელგიელი გერტ ვანდენ ბოშის მოსაზრებებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები, რეალურად, ვირუსის სხვადასხვა, უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას განაპირობებს. ვიდეოში გავრცელებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება.

მტკიცება: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოქტორი კოლმანი კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებით დოქტორი ბოშის მტკიცებებს აჟღერებს. კონკრეტულად, ბოში მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტური იქნება.

აღსანიშნავია, რომ SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსები მუტაციას მართლაც განიცდიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, SARS-CoV-2-ის რამდენიმე ვარიანტი განვითარდა, რომელთა შორის ზოგიერთი უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელიც იყოს. კერძოდ, 2020 წლის სექტემბერში SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტი ინგლისში წარმოიშვა. ეს ვარიანტი, რომელიც B.1.1.7-ის სახელითაა ცნობილი, გაერთიანებულ სამეფოში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა და დეკემბერში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 60% სწორედ ამ შტამით იყო ინფიცირებული. SARS-CoV-2-მა მუტაცია განიცადა ბრაზილიაში, კალიფორნიაში, სამხრეთ აფრიკაში და სხვ. დადგინდა, რომ სამხრეთ აფრიკაში აღმოცენებული ახალი შტამი, რომელიც B.1.351-ის სახელითაა ცნობილი, უფრო სწრაფად ვრცელდება და აქვს უნარი, რომ იმ ადამიანების რეინფიცირება გამოიწვიოს, რომლებიც ადრე კორონავირუსის ძველი შტამით დაინფიცირდნენ და უკვე გამოჯანმრთელდნენ. ეს ვარიანტი შესაძლოა, რომ კორონავირუსის ვაქცინების მიმართ უფრო მდგრადი აღმოჩნდეს. ასევე არსებობს ე.წ. „ინდური შტამი“, რომელიც B.1.617–ის სახელით მოიხსენიება, ინდოეთში პირველად 2020 წლის დეკემბერში იქნა იდენტიფიცირებული, თუმცა მოცემულ შტამზე ინფორმაცია ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრიდან ფიქსირდება. „ინდური შტამი“ ჯანმოს მიერ კლასიფიცირებულია, როგორც „შეშფოთების ვარიანტი“ (variant of concern). ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განმარტებით, ვირუსის „შეშფოთების ვარიანტი“ არის ისეთი შტამი, რომელიც უკვე მრავალჯერადად დაფიქსირდა COVID-19-ის ახალ შემთხვევებში და ის უფრო გადამდები, უფრო მძიმე ფორმის დაავადების გამომწვევია (ჰოსპიტალიზაცია, გარდაცვალება) და ვაქცინების მიერ გამომუშავებულ იმუნიტეტს ნაკლებად ემორჩილება.

მიუხედავად იმისა, რომ SARS-CoV-2 დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნის შეჩერების საშუალებას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, ვაქცინაციის შეწყვეტა ვირუსს თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობას, ახალი მუტაციების გამოწვევას და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმას შეუწყობს ხელს. როგორც ედინბურგის უნივერსიტეტის გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა დევი შრიდჰარმა განაცხადა: „რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს, რამაც შეიძლება ჩვენი დღევანდელი ვაქცინები არაეფექტური გახადოს“. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებასა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

ასევე, ვიდეოში კოლმენის კიდევ ერთი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინების მიერ კორონავირუსის ახალი, უფრო სახიფათო ვარიანტების შექმნის ხელშეწყობის პარალელურად, აცრილი ადამიანები აღნიშნული ახალი ვარიანტების გამავრცელებლები იქნებიან. COVID-19-ის ვაქცინების შესახებ გამოთქმული აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მათ მიერ ვირუსის გადატანის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით მტკიცებულება არსებობს.

ვაქცინირებულ ადამიანებთან დაკავშირებით დეზინფორმაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ შემდეგ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2,მული 3).

მტკიცება: გლობალურმა ელიტებმა Covid-19-ის პანდემია და შემდგომი ვაქცინაციის პროცესი მსოფლიო მოსახლეობის გასანადგურებლად დაგეგმეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

კოლმანი ვიდეოს ბოლოში „დიდი გადატვირთვის“ შესახებაც საუბრობს, რომ თითქოს კორონავირუსის პანდემია და შემდგომი ვაქცინაცია გლობალური ელიტების მიერ პლანეტის მოსახლეობის გასანადგურებლად დაიგეგმა. აღნიშნული კონსპირაცია, პანდემიის დაწყებიდან არაერთხელ გაჟღერდა, რომელიც ხან მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების პროგრამას, ხან არარსებულ გაეროს საიდუმლო დოკუმენტს - „დღის წესრიგი 21“ და ხან კი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ 2020 წელს შემუშავებულ გეგმას - „დიდი გადატვირთვას“ ეფუძნება. ბუნებრივია, მტკიცება, რომ თითქოს პანდემია გლობალურმა ელიტებმა დაგეგმეს და ვაქცინაციას „მასობრივი განადგურების იარაღად“ იყენებენ, რეალურ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულ საკითხთან უფრო დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სხვა სტატიებში ( ბმული 1, ბმული 2)

Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში წარმოდგენილი ვერნონ კოლმენი ბრიტანელი ექიმია, რომელიც 1970-იან წლებში კვალიფიციური და გამოცდილი ზოგადი პრაქტიკოსი იყო, თუმცა, ახლა კოლმენს პრაქტიკული მედიცინის ლიცენზია არ გააჩნია. 2019 წელს კოლმანმა დაწერა წიგნი, რომელშიც მან შიდსის ვირუსის არსებობა უარყო და ვაქცინების მიმართ უნდობლობა გამოხატა. მას დღემდე, ყალბი მტკიცებები, ანტივაქსერული მოსაზრებები და კონსპირაციები, არაერთხელ გაუვრცელებია, რასთან დაკავშირებითაც სხვა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმები (Lead Stories, PolitiFact) და უცხოური მედიის წარმომადგენლები აქტიურად წერდნენ (REUTERS, Guardian, Scientificamerican).

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი