მიხეილ სააკაშვილი: „წლის განმავლობაში 75 ათასმა ქართველმა დატოვა საქართველო“

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 2020 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 29.3%-ით შემცირდა, ამ პერიოდში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 74,264 ადამიანი გაემგზავრა (აქედან 43,349 საქართველოს მოქალაქე და 30,915 უცხოეთის მოქალაქე). აღსანიშნავია, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.

2020 წელს საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაცია მკვეთრად შემცირდა, საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი გაიზარდა, რაც პანდემიით გამოწვეული კრიზისის და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2020 წლის განმავლობაში უცხოეთში ემიგრაციაში 43,349 საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. რაც შეეხება იმიგრანტთა რაოდენობას, 2020 წელს საქართველოში უცხოეთიდან 66,668 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

ანალიზი

10 მაისს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „წლის განმავლობაში, როდესაც კოვიდი იყო, წლის პირველ ნახევარში ჩაკეტილი იყო ევროპა, ძნელია ვიზების მიღება და არ უშვებენ არავის, 75 ათასმა ნიჭიერმა, გონიერმა, შრომისუნარიანმა ქართველმა დატოვა საქართველო. ეს არის კატასტროფა“.

პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა.

2020 წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის და საზღვრების ჩაკეტვის გამო, უცხოეთში ემიგრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, საქართველოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში უცხოეთში ემიგრაციაში 43,349 საქართველოს მოქალაქე წავიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 47%-ით ნაკლებია. რაც შეეხება იმიგრანტთა რაოდენობას, 2020 წელს საქართველოში უცხოეთიდან 66,668 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 22%-ით აღემატება. პარალელურად, საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაცია გაიზარდა, ქვეყანაში უცხოელი იმიგრანტების შემოდინება კი შემცირდა. (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: იმიგრანტების და ემიგრანტების რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით, 2019-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2020 წელს საქართველოდან ემიგრაციაში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები 74,264 ადამიანი გაემგზავრა (43,349 საქართველოს მოქალაქე და 30,915 უცხოეთის მოქალაქე), რაც 2019 წელთან შედარებით 29.3%-ით ნაკლებია. ემიგრანტთა რაოდენობის შემცირება საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ემიგრაციის პრაქტიკულად განახევრებით იყო გამოწვეული, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიას და საზღვრების ჩაკეტვას უკავშირდება.

2020 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. გასულ წელს მიგრაციულმა სალდომ, ანუ ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, 15,732 შეადგინა.

გრაფიკი 2: მიგრაციის მაჩვენებლები 2013-2020 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი