• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
გერმანელი ექიმი კორონავირუსზე მცდარ მტკიცებებს ავრცელებს

გერმანელი ექიმი კორონავირუსზე მცდარ მტკიცებებს ავრცელებს

Facebook-სივრცეში ვიდეოს, ფოტოებისა და პოსტების სახით გერმანიაში მოღვაწე მედიცინის დოქტორის სუჰარიტ ბახდის ინტერვიუ ვრცელდება. ინტერვიუში დოქტორი კორონავირუსის „ცრუ პანდემიაზე“ საუბრობს და სხვადასხვა მცდარ მტკიცებას აჟღერებს.

06/05/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-სივრცეში ვიდეოს, ფოტოებისა და პოსტების სახით გერმანიაში მოღვაწე მედიცინის დოქტორის სუჰარიტ ბახდის ინტერვიუ ვრცელდება. ინტერვიუში დოქტორი კორონავირუსის „ცრუ პანდემიაზე“ საუბრობს და სხვადასხვა მცდარ მტკიცებას აჟღერებს. 

 

მტკიცება: COVID-19 ვირუს SARS COV2-ის მეშვეობით გამოწვეული ფილტვების ანთების ოფიციალური სახელწოდებაა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სუჰარიტ ბახდის მტკიცების თანახმად, COVID-19 ფილტვების ანთების ოფიციალური სახელწოდებაა, რომლიც ვირუს SARS-Cov-2-ით არის გამოწვეული. რეალურად, ახალი კორონავირუსი (COVID-19) და ფილტვების ანთება, ორი ერთმანეთისგან განსხვავებული დაავადებაა. COVID-19 არის ვირუსი, რომელიც SARS-Cov-2 ინფექციით არის გამოწვეული, ხოლო ფილტვების ანთება იგივე პნევმონია ერთი ან ორივე ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა. ანთება, როგორც წესი, ბაქტერიული ინფექციით არის გამოწვეული, თუმცა ის შეიძლება ისეთმა ვირუსმაც განაპირობოს, როგორიცაა COVID-19. პნევმონია COVID-19-თან  იმ კუთხით არის დაკავშირებული, რომ კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევებში პაციენტებს შესაძლოა პნევმონია აღენიშნებოდეთ. ამრიგად, მტკიცება, რომ COVID-19 ფილტვების ანთების ოფიციალური სახელწოდებაა, რომელიც ვირუს SARS-Cov-2-ით იყო გამოწვეული, სიმართლეს არ შეესაბამება. 

მტკიცება: მთელ მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ COVID-19 ადამიანს უსიმპტომოდ გადაედოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი 

გერმანელი ექიმის მტკიცებით, კორონავირუსის გადაცემა უსიმპტომოდ შეუძლებელია. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. დღემდე გავრცელებული ინფორმაციის და კვლევების თანახმად, კორონავირუსის გამავრცელებელი შეიძლება იყოს, როგორც სიმპტომური, ისე უსიმპტომო პაციენტი. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მოდელის მიხედვით, ვირუსის გავრცელება-გადაცემის 59% სწორედ უსიმპტომო გადაცემაზე მოდის, მათგან 35% პრესიმპტომურ პირებზე (პირები, რომლებსაც სიმპტომები მოგვიანებით უვითარდებათ) და 25% მათზე, ვისაც საერთოდ არ უვითარდებათ სიმპტომები (ასიმპტომური პაციენტები). შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც ინფიცირებულები არიან, მაგრამ სიმპტომებს არ ავლენენ, ვირუსის გავრცელება ჩვეულებრივ შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ისინი ნაკლებად იზოლირებულები არიან. 

მტკიცება: ჰაერში გამოფრქვეული კორონავირუსის ნაწილაკებით დაინფიცირების და ვირუსის სხვაზე გადადების შანსი ძალიან მცირეა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბახდის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც კი როცა ადამიანს კორონავირუსი აქვს, მის მიერ ჰაერში გამოფრქვეული ვირუსული ნაწილაკები სხვა ადამიანის დაინფიცირებისთვის საკმარისი არ არის. აღნიშნული მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. თავდაპირველად, ახალი კორონავირუსის გამოჩენისას, მეცნიერები თანხმდებოდნენ, რომ ვირუსს მსხვილწვეთოვანი, ჰაერწვეთოვანი გადაცემა ახასიათებდა (ხველის, ცხვირის დაცემინების, სიმღერის და ლაპარაკის დროს). თუმცა, მოგვიანებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ კორონავირუსი აეროზოლური ტიპის წვრილი წვეთებითაც შეიძლება გავრცელდეს და ეს წვეთები უფრო დიდხანს ძლებს ჰაერში - ე.წ. შეწონილი ტივტივის მდგომარეობაში. აღნიშნული ფაქტი გაცილებით ზრდის დახურულ სივრცეებში ადამიანთა შეკრების დროს ინფექციის გავრცელების შანსს - განსაკუთრებით თეატრებში, შეხვედრებზე, სპორტულ დარბაზებში, დახურულ რესტორნებში, ბარებში - სადაც ვერ ხდება ჰაერის კარგად განიავება და ადამიანების სიმჭიდროვე დიდია. აეროზული გადაცემის დადასტურებამ შესაბამისად გაზარდა დახურულ სივრცეებში ადამიანთა რაოდენობის შეზღუდვების, დისტანცირების და ნიღბის ტარების აუცილებლობის მნიშვნელობაც. 

მტკიცება: COVID-19-ის დიაგნოსტირებითვის გამოიყენება ერთადერთი მეთოდი და ეს მეთოდი გვევლინება ლაბორატორიულად დაუმტკიცებელ „პისიარ“ ტესტად

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ბახდის მტკიცებით, კორონავირუსის დიაგნოსტირების ერთადერთი მეთოდი ლაბორატორიულად დაუმტკიცებელი „პისიარ“ ტესტია. რეალურად, მსოფლიოში Covid-19-ის დიაგნოსტირებისთვის სამი სახის ტესტი- PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდი და სწრაფი ტესტები [ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული] გამოიყენება.

ფაქტი, რომ PCR-ტესტები ლაბორატორიულად დაუმტკიცებელი ტექნოლოგიაა, სიმართლეს არ შეესაბამება. PCR ტექნოლოგია კორონავირუსის პანდემიამდეც წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა. კერძოდ, მედიცინაში PCR მეთოდით (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციის მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება. ამ სადიაგნოზო რეაქციის აღმოჩენის იდეა ამერიკელ კ. მიულისს (1983) ეკუთვნის, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. 

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გამომწვევი SARS-CoV-2 ვირუსის დასადგენად, „სპეციფიკური მგრძნობელობისა“ და მაღალი სანდოობის გამო, სწორედ „ოქროს სტანდარტად აღიარებულ“ PCR-ტესტირების მეთოდს ისეთი ორგანიზაციები უწევენ რეკომენდაციას, როგორებიცაა: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (European Centre for Disease Prevention and Contre) და ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA). ამრიგად, მტკიცება, რომ PCR-ტესტირების მეთოდი ლაბორატორიულად დაუმტკიცებელი და არასანდოა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

რაც შეეხება PCR-ტესტის მუშაობის პრინციპს, ტესტირების მეთოდი ჩხირის ცხვირის ღრუში დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე მოთავსებას გულისხმობს, რის შედეგადაც ცხვირ-ხახიდან აღებულ ნაცხში SARS-CoV-2-ის რნმ-ის (კორონავირუსის გენომის) განსაზღვრა ხდება. PCR დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში არის შესაძლებელი და პასუხის მიღებას ყველაზე შედარებით დიდი დრო სჭირდება (1,5 საათიდან 48 საათამდე მერყეობს). 

COVID-19-ის დიაგნოსტირების ტესტებზე, მათი მუშაობის მექანიზმსა და მათთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში ( ბმული 1).

Facebook-პოსტში მოხსენიებული გერმანიაში მოღვაწე მედიცინის დოქტორი სუჰარიტ ბახდი ცნობილია კორონავირუსთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი არასამეცნიერო მტკიცებების გავრცელებით. რეალურად, დოქტორი სუჰარიტ ბახდი გერმანელი მიკრობიოლოგია. ის 1991 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სამედიცინო მიკრობიოლოგიის და ჰიგიენის ინსტიტუტს ხელმძვანელობდა, ხოლო 2016 წლიდან კილის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი იყო. მიუხედავად ამისა, დოქტორმა ბახდიმ სახელი სწორედ პანდემიის დროს გაითქვა. მან YouTube-ზე არხიც შექმნა, რომელზე განთავსებულ ვიდეოებშიც კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებზე საუბრობდა. მისი აზრით, კორონავირუსი დიდ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ვირუსით გამოწვეული გარდაცვალებების რაოდენობა, რეალურად, გადაჭარბებული იყო. ამრიგად, მას გერმანიაში ვირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული ზომები დაუსაბუთებლად მიაჩნდა. 2020 წლის ნოემბერში, საზოგადოებრივი წესების დარღვევის გამო, YouTube-ზე მისი არხი წაიშალა.

ამასთან, დოქტორმა ბახდიმ, საკუთარ მეუღლესთან (ბიოლოგი) კარინა რაისთან ერთად, 2020 წელს წიგნიც გამოაქვეყნა სახელწოდებით -„Corona Fehlalarm?“ (კორონა ცრუგანგაში?), რომელშიც ისინი მკითხველს სთავაზობენ ანალიზს, თუ რამდენად გამართლებული იყო პანდემიის დროს რადიკალური დამცავი ზომები - ლოქდაუნის, სოციალური დისტანციის და პირბადის სავალდებულო ტარების ჩათვლით და საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, რა გავლენა მოახდინეს.

„ფაქტ-მეტრმა“ გერმანელი დოქტორის მტკიცებები სხვა სტატიაშიც გადაამოწმა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ( ბმული 1). 

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სუჰარიტ ბახდი
ალბერტ ბურლა
ცრუ პანდემია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა