ნათია თურნავა: ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია რეგიონულ ჭრილში იყო გაშლილი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნათია თურნავას განცხადება არის ნახევრად სიმართლე
რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2019 წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იყო შინამეურნეობების 82.8 %. 2012 წელს იგივე მონაცემი 51.2% იყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 31.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 2012 წელთან შედარებით, ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის წილი ყველა რეგიონში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 80-90%-ს შორის მერყეობს, გამონაკლისი აჭარის ა/რ, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონია. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში გაზიფიცირების მიმართულებით მართლაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, საქსტატის მიხედვით, 2019 წლის ივლისის მონაცემებით, ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის 79.3%-ს აქვს. ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 86.1%-ია, სოფლებში კი - 69.9%. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. აღნიშნული დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ ვერ განახორციელა. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობამ რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინა. აქედან გამომდინარე, ნათია თურნავას განცხადება მთლიანობაში არის ნახევრად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალი პროგრამა „ქვეყნის მასშტაბური“ განახლება დააანონსა, რაც 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას და მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციას გულისხმობს.
პროგრამის შეფასებისას, მდგრადი განვითარების და ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა: „ჩვენი ხელისუფლება განსაკუთებით აქცენტს აკეთებდა რეგიონების განვითარებაზე, ჩვენი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, მაგალითად გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია რეგიონალურ ჭრილში იყო გაშლილი“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2019 წელს ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იყო შინამეურნეობების 82.8 %. 2012 წელს იგივე მონაცემი 51.2% იყო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 31.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რადგან მინისტრი გაზიფიცირებაზე რეგიონულ ჭრილში აკეთებს აქცენტს, საკვლევი მონაცემები რეგიონების მიხედვით განვიხილეთ:
ცხრილი1: ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების რაოდენობა (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წელთან შედარებით, ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი მოსახლეობის წილი ყველა რეგიონში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 80-90%-ს შორის მერყეობს, გამონაკლისი აჭარის ა/რ, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონია. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება რეგიონებში გაზიფიცირების აქტიურად მიმდინარეობის შესახებ, მეტწილად სიმართლეა.
რაც შეეხება ინტერნეტიზაციას, საქსტატის მიხედვით, 2019 წლის ივლისის მონაცემებით, ინტერნეტზე წვდომა საქართველოს მოსახლეობის 79.3%-ს აქვს. ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა 86.1%-ია, სოფლებში კი - 69.9%. ბოლო წლებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების სტატისტიკა კი, შემდეგნაირია:
ცხრილი 2: ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც მონაცემებიდან ჩანს, რეგიონებში მოსახლეობის 10%-25%-ს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება.
გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი დაპირება საყოველთაო ინტერნეტიზაცია იყო. პროგრამის მიხედვით, 2020 წლისთვის 8 000-კილომეტრიანი ინფრასტრუქტურა უნდა აშენებულიყო, რის შედეგადაც 800 000 ადამიანი ინტერნეტს მიიღებდა. ჯამში, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ინტერნეტზე წვდომა ექნებოდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსების წყარო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნდა ყოფილიყო, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება (იხილეთ: სტატია). 2020 წლის 19 ოქტომბერს ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის ოზურგეთის გეოგრაფიულ არეალში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. მიუხედავად აღნიშნულისა, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის დაპირება ვერ შეასრულა. მთავრობას საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია და ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის დაწყება არჩევნებამდე მხოლოდ თორმეტი დღით ადრე დააანონსა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ მთავრობამ რეგიონების ინტერნეტიზაციისთვის განსაკუთრებული აქტივობა გამოიჩინა. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადება მთლიანობაში არის ნახევრად სიმართლე.