იტვირთება

დეზინფორმაცია: 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ტერიტორია თურქეთს ყირიმში 100 წლის ვადით გაუცვალა და თურქეთს მისი დაბრუნება ევალება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

რეზიუმე

ქართულ Facebook-სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა თურქეთს საქართველოს ტერიტორია ყირიმში 100 წლის ვადით გაუცვალეს, რის შემდეგაც თურქეთმა საქართველოს ტერიტორია არ დაუბრუნა და ამიტომ ნამახვანის შემთხვევაშიც იგივე საფრთხე არსებობს. მოცემული მტკიცება ყალბ ინფორმაციას შეიცავს, რადგან: 1) 100 წლის წინ ყირიმი თურქეთის ტერიტორია არ იყო, არამედ საბჭოთა რუსეთის იყო და მას თურქეთი ვერ გაცვლიდა; 2) 100 წლის წინ თურქეთსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებებიდან საქართველოს ტერიტორიას ეხებოდა მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები (მოსკოვის ხელშეკრულებიდან 100 წელი უკვე გასულია, ხოლო ყარსის ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი 2021 წლის ოქტომბერში გადის). ორივე შეთანხმების მიხედვით, რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ნაწილი (ართვინი, არტაანი და ოლთისი - მაგრამ ის ყირიმში არ გაუცვლია), ხოლო თურქეთმა ბათუმსა და ბათუმის რაიონზე საქართველოს სუვერენიტეტი აღიარა. ამასთანავე, არც ერთ შეთანხმებას არ ჰქონდა მოქმედების ვადა და თურქეთს 100 წლის შემდეგ მათი დაბრუნება არ ევალებოდათ; 3) საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი 1992 წლის 30 ივნისის ხელშეკრულების მიხედვითაა დადგენილი, რაც ყარსის ხელშეკრულების პირობების მიხედვით განსაზღვრავს საზღვარს და მოქმედების ვადა არც მას აქვს. შესაბამისად, თურქეთს რაიმე ტერიტორიის დაბრუნება არ ევალება. ამასთან, საქართველოს თურქეთთან საზღვარი უკვე დელიმიტირებული და დემარკირებული აქვს.

ანალიზი

Facebook-გვერდმა „Emigrants News“ გამოაქვეყნა რუკა (იხილეთ სურათზე) შემდეგი აღწერით: „100 წლის უკან საქართველოს ტერიტორია ყირიმში გაუცვალა საბჭოთა რუსეთმა თურქებს 100 წლით. დააბრუნეს უკან? არა! აღარავის ახსოვს რა ხელშეკრულება დაიდო, ასე არავის ემახსოვრება რიონის ხეობა“. იდენტური ან მსგავსი შინაარსის პოსტები, სადაც „ნამახვანი ჰესი“ (მოიხსენიებენ, როგორც „ნამოხვანი“) თურქეთის მიერ საქართველოსთვის ტერიტორიის წართმევასთან არის დაკავშირებული და ანტითურქულ ნარატივს ავრცელებს, Facebook-ზე სხვა გვერდებმა და პროფილებმაც გამოაქვეყნეს (მაგალითად, იხილეთ „ახალგაზრდული“, „Dubo Gio”, „თათა მურაჩაშვილი“). მოცემული ტექსტი არასწორ ინფორმაციას შეიცავს.

სურათზე გამოსახული რუკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ პარიზის კონფერენციაზე (1919-1920წწ.) ქართული დელეგაციის მიერ მოთხოვნილი ტერიტორიების შესახებ შექმნილი რუკიდან (იხილეთ ქვემოთ) არის ამოჭრილი (აქვე აღსანიშნავია, რომ ეს რუკა ხშირად არასწორი წარწერით - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგის მიერ აღიარებულ საზღვრებში“ - ვრცელდება. მოთხოვნილი ტერიტორიების ნაწილს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არასდროს აკონტროლებდა. ამასთანავე, საქართველო ერთა ლიგას წევრად არ მიუღია და არც აღიარება მომხდარა. ხოლო ცალკეული სახელმწიფოების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების შემთხვევაში საზღვრები არ კონკრეტდებოდა, გამონაკლისია 1920 წლის 7 მაისს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება).

წყარო: at.ge

100 წლის წინ, 1921 წელს საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის ორი ხელშეკრულება დაიდო, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიასაც ეხებოდა, ესენია - მოსკოვისა (16 მარტი) და ყარსის (13 ოქტომბერი) ხელშეკრულებები. ამჟამად 100 წელი მოსკოვის ხელშეკრულების დადებიდან არის გასული და სავარაუდოა, გავრცელებულ ინფორმაციაში სწორედ მოსკოვის ხელშეკრულება იგულისხმებოდეს. თუმცა მეტი სიცხადისთვის და ასევე, რამდენადაც ხელშეკრულებები ერთმანეთთან დაკავშირებულია, სტატიაში ორივე მათგანი იქნება განხილული.

საბჭოთა რუსეთის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეჭრის პარალელურად მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 1921 წლის 16 მარტს თურქეთსა (კონკრეტულად, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობას [1]) და საბჭოთა რუსეთს (რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობას [2]) შორის მოსკოვის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რაც „მეგობრობისა და ძმობის“ პაქტს წარმოადგენდა. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი შემდეგნაირად განისაზღვრა: საზღვრის ხაზი იწყება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფში, კვეთს ხედის მთას, წყალგამყოფ ხაზს შავშეთსა და ყანა დაგის მთას შორის; ეს ხაზი შემდეგ მიუყვება არდაჰანისა და ყარსის სანჯაყების (ადმინისტრაციული რეგიონები) ჩრდილოეთის ადმინისტრაციულ საზღვარს არფაჩაისა და არაქსის მდინარეების გასწვრივ ქვემო ყარასუს შესართავამდე. საზღვარი დეტალურად ხელშეკრულებასთან თანდართული ორ დამატებითა (1 (A) და 1 (B)) და ხელმოწერილი რუკით (რუსეთის გენერალური შტაბის რუკა 1:210 000 მასშტაბით) დგინდებოდა. ხოლო ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, თურქეთი ბათუმის, ბათუმის პორტისა და ბათუმის რაიონის ტერიტორიის (რომელიც პირველი მუხლით დადგენილი საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობდა) სუვერენიტეტზე უარს აცხადებდა შემდეგი პირობებით:

1) მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ექნებოდა ფართო რეგიონული ადმინისტრაციული ავტონომიით სარგებლობის შესაძლებლობა და თითოეულ თემს ექნებოდა უფლება საკუთარი შეხედულებების მიხედვით შემოეღო მიწის კანონი.

2) თურქეთს მიეცემა ბათუმის პორტის გავლით საქონლის უფასო ტრანზიტის საშუალება ექნება, იმის მიუხედავად საქონელი თურქეთში მიდის თუ თურქეთიდან. აღნიშნული საქონელი საბაჟო გადასახადების, შეფერხების და სხვა ნებისმიერი გადასახადის დაწესების გარეშე უნდა გატარებულიყო - თურქეთს ბათუმის პორტის გამოყენების უფლება მრავალი ამ სახის სპეციალური გადასახადის გარეშე ეძლეოდა.

კიდევ ერთი მუხლი მოსკოვის ხელშეკრულებიდან, რომელიც საქართველოს უკავშირდება, მეშვიდე მუხლია. მის თანახმად, ხელმომწერი მხარეები (ე.ი. ქემალისტური თურქეთი და საბჭოთა რუსეთი) თანხმდებოდნენ, რომ საკუთარ ტერიტორიაზე ორგანიზაციების ან ჯგუფების ჩამოყალიბებას ან არსებობას არ დაუშვებდნენ, რომლებსაც მეორე სახელმწიფოს ხელისუფლებაზე ან მისი ტერიტორიის ნაწილზე პრეტენზია ექნებოდათ ან მათი არსებობის მიზანი მეორე სახელმწიფოსთან დაპირისპირება იქნებოდა. რუსეთი და თურქეთი ამ პასუხისმგებლობას ნაცვალგების პრინციპის პირობით კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებსაც აკისრებდა (იგულისხმება, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები). აღსანიშნავია, რომ 1920 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარები აზერბაიჯანსა და სომხეთში შეიჭრნენ და „გაასაბჭოეს“, რის შემდეგად 1921 წლის თებერვალში საბჭოთა წითელი არმია საქართველოშიც შემოიჭრა, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა და საქართველოში მარიონეტული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა დაამყარა; საბჭოთა სოციალისტური კავკასიური ქვეყნების დამოუკიდებლობა ფორმალური იყო და მათ სინამდვილეში რუსეთი აკონტროლებდა. აქედან გამომდინარე, მოსკოვში მოლაპარაკებების დროს საბჭოთა რუსეთი ფაქტობრივად სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნის სახელითაც ლაპარაკობდა და შეთანხმებაში ეს ჩანაწერიც ამ გარემოებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, საინტერესოა, რომ მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, 1921 წლის 16 მარტს, საბჭოთა ჯარები საქართველოს უმეტეს ნაწილს, დედაქალაქი თბილისის ჩათვლით, აკონტროლებდნენ, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დანაყოფები კვლავ არსებობდა და კანონიერი მთავრობა ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა - ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით საქართველოს კანონიერმა მთავრობამ ქვეყნის ტერიტორია 17 მარტს დატოვა.

მოსკოვის ხელშეკრულების მე-11 მუხლით განისაზღვრა, რომ 1918 წლამდე რუსეთის ნაწილად მიჩნეული და ამ ხელშეკრულებით თურქეთის საკუთრებაში გადასული ტერიტორიის მაცხოვრებლებს მიენიჭათ უფლება შეუფერხებლად დატოვონ თურქეთი და თან წაიღონ მათი კუთვნილებები და პირადი ქონება ან მისი მონეტარული ღირებულების ექვივალენტი. იგივე უფლება მიენიჭათ ბათუმის მაცხოვრებლებსაც, რომელზეც მოცემული ხელშეკრულებით სუვერენიტეტი თურქეთიდან საქართველოს გადაეცა.

მოსკოვის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ (16.03.1921). წყარო: მოსკოვის (16.03.1921) და ყარსის (13.10.1921)ხელშეკრულებები

შესაბამისად, ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ თურქეთი ბათუმზე და ბათუმის რაიონზე სუვერენიტეტზე უარს აცხადებს, ხოლო მე-11 მუხლში დაკონკრეტებულია, რომ ბათუმსა და მის რაიონზე სუვერენიტეტი საქართველოს გადაეცემოდა. ე.ი. მოსკოვის ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი 1878 წელს ბერლინის კონგრესით დადგენილ ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე უარს ამბობდა და ართვინს, არტაანს, ოლთისსა და საქართველოს ისტორიული რეგიონის - ტაო-კლარჯეთის - ტერიტორიას (ასევე ისტორიული სომხეთის ტერიტორიის ნაწილსაც) თურქეთს უთმობდა. მეორე მხრივ, თურქეთი სამხრეთ კავკასიაში სხვა ტერიტორიულ პრეტენზიებზე, მათ შორის ბათუმზე, უარს ამბობდა. საინტერესოა, რომ თურქეთი ბათუმის ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებდა (მაგალითად, პორტს), თუმცა მას თმობდა - ამ დროს ბათუმის რაიონში ქართულ საბრძოლო შენაერთებსა და თურქეთის არმიას შორის შეტაკება არ იყო დასრულებული (დასრულდა 20 მარტს თურქეთის ბათუმიდან გასვლით). რუსეთი და თურქეთი მოცემული „ძმობისა და მეგობრობის“ ხელშეკრულებით მოკავშირეები ხდებოდნენ და საქართველოს ტერიტორიასთან დაკავშირებით დადებული ამგვარი შეთანხმების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რუსეთის საგრძნობი დასუსტებისა და რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომთან ერთად. გარდა განხილული მუხლებისა, ხელშეკრულების სხვა მუხლები საქართველოს არ უკავშირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში არსადაა მითითებული, რომ ის კონკრეტული განსაზღვრული დროით იდებოდა. აქედან გამომდინარე, მტკიცება, თითქოს ხელშეკრულებიდან 100 წლის შემდეგ თურქეთს საქართველოსთვის ტერიტორია უნდა დაებრუნებინა, მცდარია. ასევე, მოცემული პერიოდისთვის ყირიმი თურქეთის შემადგენლობაში არ შედიოდა (1917 წელს ყირიმმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა რუსეთის სამოქალაქო ომში წითელ და თეთრ არმიებს შორის შეტაკების პოლიგონად გადაიქცა და საბოლოოდ, საბჭოთა რუსეთმა დაიკავა) და შესაბამისად, მას რუსეთს ვერც გაუცვლიდა.

ასევე, მოსკოვის ხელშეკრულების ბოლო, მე-14 მუხლით დადგინდა, რომ ხელშეკრულება რატიფიცირებას ექვემდებარება, რომელიც მალე უნდა მომხდარიყო და რატიფიცირებული დოკუმენტების გაცვლა ყარსში მომხდარიყო. მოსკოვის ხელშეკრულების რატიფიცირება საბჭოთა რუსეთმა 1921 წლის 20 ივლისს მოახდინა, ხოლო თურქეთმა 1921 წლის 31 ივლისს.

როგორც დათქმული იყო, ყარსში მხარეები მალევე შეიკრიბნენ და ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა. ყარსის ხელშეკრულებაში თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი უცვლელი დარჩა - ხელშეკრულების მეოთხე მუხლით საზღვრის ხაზი ისევე განისაზღვრა, როგორც მოსკოვის ხელშეკრულებით; ხოლო მეექვსე მუხლში მოსკოვის ხელშეკრულების მსგავსად აღნიშნული იყო, რომ ბათუმის, მისი პორტისა და რაიონის სუვერენიტეტი თურქეთიდან საქართველოზე გადადიოდა ორი პირობით. პირობები მცირედით იყო შეცვლილი. კერძოდ, ბათუმის რაიონში მოსახლეობის ადმინისტრაციულ ავტონომიას კულტურული და რელიგიური უფლებების გარანტირებაც დაემატა და „მიწის კანონი“ შეიცვალა ტერმინით „აგრარული სისტემა“, ხოლო მეორე პირობის შინაარსი იგივე დარჩა და მხოლოდ მის შესასრულებლად სამუშაო კომისიის შექმნა დაემატა. ყარსის ხელშეკრულების მეშვიდე და მერვე მუხლი საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვრის კვეთისა და საძოვრების გამოყენების გამარტივებასა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიების შექმნას ეხებოდა, რაც მოსკოვის ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ რაიმე სახის ტერიტორიულ ცვლილებებს არ გულისხმობდა. ბათუმისა და ბათუმის რაიონის თურქეთიდან საქართველოსთვის გადაცემა, ხოლო 1918 წლამდე რუსეთის ტერიტორიის (იგულისხმება ისტორიული საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები) თურქეთისთვის გადაცემა კვლავ დასტურდებოდა მე-13 მუხლში, სადაც მოსკოვის ხელშეკრულების მსგავსად მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისა და ქონების წაღების საშუალება ეძლეოდა (მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში - დაემატა ყარსის ხელშეკრულებით). ამ მუხლში ასევე დაემატა, რომ ამ პირობებით ქვეყნის დატოვების მსურველები ერთი თვით სამხედრო სამსახურის ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ. მთავარი განსხვავება რაც ყარსისა და მოსკოვის ხელშეკრულებებს შორის ყარსის ხელშეკრულებაზე საქართველოს დელეგაციის (საბჭოთა რუსეთის მარიონეტული საბჭოთა საქართველოს სახით ) ხელმოწერაც იყო (ასევე საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის). შესაბამისად, მოსკოვის ხელშეკრულებით განხორციელებული ტერიტორიული ცვლილებები ყარსის ხელშეკრულებითაც დადასტურდა. ასევე არც ყარსის ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული, რომ რაიმე კონკრეტული დროით მოქმედებდა და შემდეგ თურქეთს ტერიტორია უნდა დაებრუნებინა.

აღსანიშნავია, რომ ყარსის ხელშეკრულების მუხლების უმეტესობა ე.წ. მკვდარ მუხლებს წარმოადგენს, რადგან ხელმომწერი მხარეები არიან, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, რომლებიც ამ ფორმითა და სტატუსით არ არსებობენ და ყარსის ხელშეკრულება არის უფრო ისტორიული, ვიდრე პოტენციურად სამართლებრივი შედეგების მომცემი ცოცხალი დოკუმენტი. თუმცა 1992 წლის 30 ივნისს უკვე დამოუკიდებელ საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმდა „ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“, რომელიც ქვეყნებს შორის საზღვარსაც ადგენს და აღნიშნულია შემდეგი:

მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.

მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის.

მხარეები აღნიშნული შეთანხმების დებულებებს დაიცავენ თავიანთი კანონმდებლობის, არსებული პრაქტიკის და მათი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით“.

აქედან გამომდინარე, საქართველოსა და თურქეთს შორის საზღვარი 1992 წლის ხელშეკრულებითაა შეთანხმებული და ყარსის ხელშეკრულებაში გაწერილი პირობებით დგინდება (რომელიც საზღვართან დაკავშირებით, ფაქტობრივად, მოსკოვის ხელშეკრულების პირობებს იმეორებს). შესაბამისად, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს მოქმედების ვადა განსაზღვრული (100 წელი) არ ჰქონდათ და მეტიც, ისინი ფაქტობრივად, 1992 წლის საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებით ჩანაცვლდა, რაც ნიშნავს, რომ თურქეთს საქართველოსთვის ტერიტორიის დაბრუნება არ ევალება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მეზობელი სახელმწიფოებიდან საქართველოს საზღვრის სრული დელიმიტაცია და დემარკაცია ჯერჯერობით მხოლოდ თურქეთთან აქვს, ხოლო მტკიცება თითქოს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, ტყუილია.

არქივირებული ბმულები: „Emigrants News“,ახალგაზრდული“, „Dubo Gio“, „თათა მურაჩაშვილი

------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] წარმომადგენლები: თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი იუსუფ ქემალ-ბეი, სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარი დოქტორი რიზა ნურ-ბეი, განათლების სახალხო კომისარი ალი ფუად-ფაშა

[2] წარმომადგენლები: საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი გიორგი ჩიჩერინი და რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ჯელალ ედ-დინ კორკმასოვი

[3]ყარსის ხელშეკრულების მოლაპარაკებებში საბჭოთა საქართველოს წარმოადგენდნენ და ხელს აწერდნენ სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, შალვა ელიავა და საგარეო საქმეთა და ფინანსების სახალხო კომისარი, ალექსანდრე სვანიძე


მსგავსი სიახლეები

3369 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი