ანა დოლიძე: საქართველოს სკოლის მიღმა დარჩენილი 10 ათასი მოზარდი და 75 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა დოლიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს, სკოლებში სწავლა 8 247-მა მოსწავლემ შეწყვიტა. ბოლო წლებში საკვლევი მონაცემი მუდმივად 10 ათასს სცდება და გამონაკლისი მხოლოდ გასული წელია, რაც, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ თითქმის ნახევარი წელი სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სტატუსი 73 020 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან 29 306 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა, რაც საერთო რაოდენობის 40.1%-ია.

ანა დოლიძე განცხადებაში მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს მცირედი ცდომილებით ასახელებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს, როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ საკუთარ facebook-გვერდზე პოსტი სკოლის მიღმა დარჩენილ მოზარდებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მიუძღვნა და აღნიშნა: „ საქართველოს სკოლის მიღმა დარჩენილი 10 ათასი მოზარდი და 75 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი ჰყავს“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წელს საქარველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში, 530 100 მოსწავლე სწავლობდა. აღნიშნულ წელს სწავლა 8 247 მოსწავლემ შეწყვიტა. აქედან, 3 382 გოგოა, ხოლო 4 865 ბიჭი. სწავლას თავი ყველაზე მეტმა მე-10 კლასელმა დაანება - 3 478, შემდეგ მოდის მე-11 კლასელი - 736 და მე-12 კლასელი - 573. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019-2020 წელს სწავლისთვის თავი მხოლოდ მე-10-მე-12 კლასელებს არ დაუნებებიათ, დაბალი კლასის მოსწავლეების რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, ჯამში 3 460-ს შეადგენს.

მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, წლების განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა:

გრაფიკი1: მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, წლების განმავლობაში, მოსწავლეთა რაოდენობას, რომელთაც სწავლა შეწყვიტეს, გარკვეული ტენდენცია არ ახასიათებს, ეს რიცხვი ხან მცირდება, ხან იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, 2019-2020 სასწავლო წელს, სწავლა ყველაზე ცოტა მოსწავლემ შეწყვიტა, რაც, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ თითქმის ნახევარი წელი სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

როგორც ვხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში წლიურად ათი ათასზე მეტი მოსწავლე წყვეტს სწავლას, რაც საკმაოდ სოლიდური რიცხვია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, მოზარდებში ცოდნის ხარისხი არც თუ სახარბიელოა (წიგნიერების საერთაშორისო კვლევის მიხედვით (PIRLS) წაკითხულის გააზრება უმაღლეს დონეზე მოსწავლეების მხოლოდ 2%-ს შეუძლია, 14% კი კრიტიკულ ზღვარზეა, ისინი წაკითხულის გააზრებას მინიმალურ დონეზეც კი ვერ ახერხებენ), ყოველწლიურად სწავლა შეწყვეტილი მოზარდების რაოდენობის ზრდა, მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

რაც შეეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტების რაოდენობას, „ფაქტ-მეტრი“ ამის შესახებ წერდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, სტატუსი 73 020 სტუდენტს აქვს შეჩერებული, მათგან 29 306 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა, რაც საერთო რაოდენობის 40.1%-ია. რაც შეეხება გასულ წლებს, ნოემბრის თვის მონაცემით, 2019 წელს სტატუსი 70 239 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, ხოლო 2018 წელს - 64 898 სტუდენტს. სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, ბოლო წლების განმავლობაში, ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა დრამატული ზრდა 2018 წელს მოხდა, როცა წინა წელთან შედარებით, სატატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა 19 717-ით გაიზარდა. ამავე წელს, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც გაორმაგდა. ზოგადად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობაც მზარდია. ეს რაოდენობა რიცხობრივად ყველაზე მეტი 2019 წელს იყო და მათმა წილმა სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში 42% შეადგინა.

ანა დოლიძე განცხადებაში მოყვანილ სტატისტიკურ მონაცემებს მცირედი ცდომილებით ასახელებს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს, როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი