კობა გვენეტაძე: ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ვალის დონე შემცირდება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კობა გვენეტაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე:
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შენიშვნა, ფარდობითი ანალიზის მნიშვნელობასთან დაკავშირებით, არსობრივად სწორია, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია, იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. 2020 წელს, სახელმწიფო ვალმა [1] 30.9 მლრდ ლარი შეადგინა,რაც მშპ-ს 62.5%-ს წარმოადგენდა. ვალის დრამატული მატება 2020 წელს, ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს და ლარის კურსის შემცირებას უკავშირდება. 2019 წელს, სახელმწიფო ვალი 20.6 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 41.9%-ს წარმოადგენდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, 2021-2025 წლებში, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 52%-მდე, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი ზრდით არის გამოწვეული, მეორეს მხრივ, ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ ვალის აბსოლუტური მონაცემი ყოველწლიურად გაიზრდება და 2025 წელს, დაახლოებით 39 მლრდ ლარს მიაღწევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი წარსულში არსებულ პროგნოზებზე მეტად გაიზარდა, ხოლო მშპ, პროგნოზირებულზე მეტად შემცირდა.
პანდემიის დინამიკის არაპროგნოზირებადობასთან ერთად, მნიშვნელოვან განუსაზღვრელობას ქმნის ასევე სახელმწიფო ვალში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მაღალი წილი, რომელიც ლარის მკვეთრად გაუფასურების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს იმ დაშვებითაც კი, თუ არ მოხდება ახალი ვალის აღება. მცურავი სავალუტო რეჟიმის პირობებში კი, გაცვლითი კურსის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ტექნიკურად სწორია, საქართველოს მოწყვლადი ეკონომიკური კონიუნქტურისა და მიმდინარე პროცესების განუსაზღვრელობიდან გამომდინარე, ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები მაინც რჩება. აღნიშნული კითხვის ნიშნები აისახა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2020 წლის 20 დეკემბრის რეპორტშიც, რის მიუხედავადაც საქართველოს საგარეო ვალი მდგრადად არის შეფასებული.
ანალიზი:
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა (28 წთ): „ქვეყანამ აიღო დიდი ვალი, მეორეს მხრივ აქ არ არის მარტო მრიცხველი. ვალის აბსოლუტური მაჩვენებელზე მნიშვნელოვანია ვალის მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ვალის დონე შემცირდება“.
სახელმწიფო ვალი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ინტერესი განსაკუთრებით ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის პირობებში გაიზარდა, რომელსაც სახელმწიფო ვალის მკვეთრი ზრდა მოჰყვა - როგორც აბსოლუტურ, ასევე ფარდობით მაჩვენებელში, რამაც საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში, ვალის მდგრადობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინა.
სახელმწიფო ვალი შიდა [2] , ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება. 2020 წელს, სახელმწიფო ვალმა 30.9 მლრდ ლარს შეადგენდა, რაც მშპ-ს 62.5%-ს წარმოადგენდა. ვალის დრამატული მატება 2020 წელს, ძირითადად პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს და ლარის კურსის შემცირებას (გაუფასურება) უკავშირდება. 2019 წელს, სახელმწიფო ვალი 20.6 მლრდ ლარს შეადგენდა.
არსობრივად სწორია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შენიშვნა, ფარდობითი ანალიზის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. წარსულში, „ფაქტ-მეტრი“ მუდმივად ხაზს უსვამდა, რომ ვალზე მსჯელობისას, რელევანტური ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვაა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი.
2019 წელს, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 41.9%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს, მაჩვენებელი 62.5%-მდე გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, ვალი მდგრადია, თუ მთავრობა გადახდისუნარიანია დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების, ან დეფოლტის გამოცხადების გარეშე. უფრო ფართო, საერთაშორისო სტანდარტებით (მათ შორის მაასტრიხის ხელშეკრულების ურთიერთთავსებადობის კრიტერიუმებით) მდგრადად მიიჩნევა ვალი, რომელიც მშპ-ს 60%-ს არ აღემატება. აღნიშნული, ასევე ასახულია საქართველოს კანონში ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია მთავრობის ვალი მშპ-ს 60%-ს აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელშიც პანდემიაც შედის. თუმცა, აღსანიშნავია რომ წარსულში, კანონმდებლობა მდგრადობის ზღვრად სახელმწიფო ვალის 60% ფარდობას განიხილავდა და არა მთავრობის ვალის. ცვლილებამ, მთავრობას უფრო მეტი ვალის აღების საშუალება მისცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზებით, 2021-2025 წლებში ვალის ფარდობითი მაჩვენებელი შემცირდება მშპ-ს 52%-მდე, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოსალოდნელი ზრდით არის გამოწვეული, მეორე მხრივ, ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ ვალის აბსოლუტური მონაცემი ყოველწლიურად გაიზრდება და 2025 წელს, დაახლოებით 39 მლრდ ლარს შეადგენს.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის სტატისტიკა და პროგნოზები სსფ-ს მიხედვით, მლნ ლარი, მშპ-ს % (პროგნოზები 2021 წლიდან)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
პანდემიის დინამიკის არაპროგნოზირებადობასთან ერთად, მნიშვნელოვან განუსაზღვრელობას ქმნის ასევე სახელმწიფო ვალში უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მაღალი წილი, რომელიც ლარის მკვეთრად გაუფასურების შემთხვევაში, კიდევ უფრო გაზრდის ვალის ტვირთს იმ დაშვებითაც კი, თუ არ მოხდება ახალი ვალის აღება. მცურავი სავალუტო რეჟიმის პირობებში კი გაცვლითი კურსის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. აღნიშნული კითხვის ნიშნები ეხმიანება საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2020 წლის 20 დეკემბრის რეპორტსაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს ვალი მდგრადია, თუმცა არასახარბიელო დინამიკა (მათ შორის ვალის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა, მაღალი დოლარიზაცია, სავალუტო მერყეობა, პრობლემები ფისკალური კონსოლიდაციის მხრივ და ა.შ) მეტად საყურადღებოა.
[1] არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ე.წ ისტორიულ ვალს.
[2] საერთაშორისო სავალუტო ფონდის აპრილის აუთლუქში წარმოდგენილია მთავრობის ვალის სტატისტიკა, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალის დასაშვებ მაჩვენებელს შეესაბამება თუმცა, სტატიაში გამოყენებულია სტატისტიკა, რომელიც წარმოდგენილი იყო განცხადების მომენტში. აპრილის თვის აუთლუქი და უკანასკნელი პროგნოზები, იხ ლინკზე: https://www.imf.org/en/Publications/WEO/weo-database/2021/April