ჯანმოს რეკომენდაცია პირბადეებთან დაკავშირებით მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 16 აპრილს Facebook-ში პირბადეებთან დაკავშირებით „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (ჯანმო) რეკომენდაციები მანიპულაციურად გავრცელდა. Facebook-მომხმარებლის თანახმად, ის ჯანმოს ვებგვერდიდან ციტატას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ჯანმრთელი ადამიანებისთვის პირბადის ტარება რეკომენდებული არაა. პოსტს თან ჯანმოს ოფიციალური საიტის რუსულენოვანი ფოტო და ბმული ახლავს.

Facebook-მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული ფოტოც და ბმულიც ნამდვილად ჯანმოს ოფიციალურ ვებგვერდს ეკუთვნის. თუმცა აღნიშნული განცხადება 2020 წლის გაზაფხულზეა გამოქვეყნებული, როდესაც ვირუსთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი. ჯანმო პანდემიის დასაწყისში პირბადის გამოყენების რეკომენდაციას არა ყველასათვის სავალდებულოდ, არამედ იმ პირებზე გასცემდა, ვისაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, ან ინფიცირებულ/შესაძლო ინფიცირებულ ადამიანს უვლიდნენ. ჯანმოს განმარტებით, ამით მსოფლიოში დეფიციტური პირბადეების რაციონალურ გამოყენებას ხელს უწყობდნენ.

რაც შეეხება ფოტოსა და ბმულს, მართალია, პოსტში მითითებულ ბმულზე გადასვლისას აღნიშნული ინფორმაცია რუსულად კვლავ იძებნება, თუმცა ეს იმიტომ, რომ ვებგვერდის რუსულენოვანი ვერსია 2020 წლის 17 თებერვლის შემდეგ არ განახლებულა. რაც შეეხება ინგლისურენოვან ვერსიას, ის რეგულარულად ახლდება, პირბადეების შესახებ კი მსგავსი ჩანაწერი იქ აღარ გვხვდება.

დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.

„დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას და აცხადებს, რომ პირბადის ტარება გვიცავს, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენ ირგვლივ მყოფებს. CDC-ის რეკომენდაციების თანახმად, პირბადე სრულად ვაქცინირებულმა პირმაც უნდა ატაროს იმ შემთხვევაში, თუ ის დახურულ სივრცეში რისკჯგუფთან ერთად იმყოფება ან ხალხმრავალ შეკრებებს ესწრება. ანალოგიურ რეკომენდაციებს გასცემს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ (NCDC) - გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ არ ვიცით, გვიცავს თუ არა ვაქცინა ვირუსის მსუბუქი ფორმისგან ანუ უსიმპტომო ინფიცირებისგან და ვართ, თუ - არა ამ დროს ვირუსის გადამტანი, აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ზედმიწევნით დავიცვათ. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე, მოქალაქეებს თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე მუდმივად მოუწოდებს.

გასათვალისწინებელია, რომ პირბადის ტარებასთან ერთად COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ჰიგიენის დაცვა (ხელების ხშირი დაბანა ან სპირტისშემცველი ხსნარით დამუშავება) და სოციალური დისტანციის დაცვაც აუცილებელია.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჯანმო პირბადის ტარებას ჯანმრთელ ადამიანს არ ურჩევს, ფაქტებით მანიპულირებაა.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი