ლევან ხაბეიშვილი: მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველები ფაქტიურად შიმშილობენ, [ხელისუფლებამ] თქვა, რომ უნდა შეიძინოს პიკაპები

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს

რეზიუმე: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 ერთეული პიკაპის ტიპის სატრანსპორტო საშუალების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი მართლაც გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 5 893 320 ლარი იყო. აღნიშნული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის განკუთვნილი. ტენდერს ერთი მონაწილე - შპს „ჯი-თი მოტორსი“ ჰყავდა, რომლის მიერ შეთავაზებულმა ფასმა 5 864 760 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია „ჯი-თი მოტორს“-ს, სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური გაუმართავობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ტენდერი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდის გამართვას არ ითვალისწინებდა, ამიტომ ის უარყოფითი შედეგით დასრულებულად ჩაითვალა. რადგან ტენდერს ერთი მონაწილე ჰყავდა, მისი დისკვალიფიკაციის გამო, გამარჯვებულად ვერავინ გამოცხადდება. შესაბამისად, ტენდერი ხელახლა უნდა გაიმართოს.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ღირებულების და დანიშნულების ტენდერი გამოცხადებული იყო, რადგან ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას, კონკრეტული ტენდერის გადაუდებელი აუცილებლობა შევაფასოთ (მით უმეტეს, პანდემიის ფონზე), ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

ანალიზი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ხაბეიშვილმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველები ფაქტიურად შიმშილობენ, ამ ადამიანების თანხებს ბიუჯეტიდან 6 მილიონი მოაკლეს და თქვეს, რომ უნდა შეიძინონ პიკაპები“.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი (CON210000265) ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული (პიკაპის) ტიპის, 60 ერთეული სატრანსპორტო საშუალების შესაძენად მიმდინარე წლის 2 აპრილს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 893 320 ლარი იყო. აღნიშნული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის განკუთვნილი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ტენდერში ერთი პრეტენდენტი - შპს „ჯი-თი მოტორსი“ მონაწილეობდა, რომლის მიერ შეთავაზებული ფასი 5 864 760 ლარი იყო.

სატენდერო პირობებით მომწოდებელი ვალდებულია, 60 ერთეული პიკაპის მიწოდება ეტაპობრივად, 2021 წლის 1 ივლისამდე განახორციელოს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილები უნდა იყოს 2020 წლის გამოშვების, თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არ მყოფი ( გარბენი არაუმეტეს 200 კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია, 100 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში, შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ , ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, შპს „ჯი-თი მოტორსი“ 2007 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი თემურ უსტიაშვილია, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი კი შპს „ჯი-თი გრუპი“. თავის მხრივ, „ჯი-თი გრუპს“ სამი მეწილე ჰყავს: გიორგი თავდიშვილი - 33%, გიორგი გველესიანი - 33% და თემურ უსტიაშვილი - 33%. თემურ უსტიაშვილი, როგორც „ჯი-თი მოტორსის“ , ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორია. თემურ უსტიაშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 2016 წელს 60 000 ლარი აქვს შეწირული, გიორგი გველესიანს კი, „ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 120 000 ლარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ „ჯი-თი მოტორსი“ და „ჯი-თი გრუპი“ ბოლო პერიოდში რამდენიმე ტენდერის გამარჯვებულია. კერძოდ, თბილისში 220 რვამეტრიანი ავტობუსი კომპანია „ჯი-თი გრუპმა“ შემოიყვანა, ხელშეკრულების ღირებულება 65 მლნ ლარი იყო (NAT180017308). დედაქალაქისთვის განკუთვნილი 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსი კომპანი „ჯი-თი მოტორსმა“ შეიძინა.

საბოლოო ჯამში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია „ჯი-თი მოტორს“ დოკუმენტაციის ტექნიკურად გაუმართავობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. როგორც ტენდერის პირობებში არის მითითებული, კონსოლიდირებული ტენდერი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდის გამართვას არ ითვალისწინებს. ასეთ დროს, თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისია აფასებს მომდევნო ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს (არსებობის შეთხვევაში). აღნიშნულ ტენდერზე მითითებულია, რომ მას ერთი მონაწილე ჰყავდა. ამ შემთხვევაში, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულებულად ითვლება და ის ხელახლა უნდა გამოცხადდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული ღირებულების და დანიშნულების ტენდერი გამოცხადებული იყო, რადგან ჩვენ მოკლებული ვართ საშუალებას, პანდემიის ფონზე, კონკრეტული ტენდერის გადაუდებელი აუცილებლობა შევაფასოთ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაძენად ბოლო სამ წელში ჯამში 41 111 267 ლარის ღირებულების ტენდერი განახორციელა, კერძოდ: 2020 წელს 14 450 400 ლარის, 2019 წელს - 21 500 000 ლარის, 2018 წელს - 5 160 867 ლარის.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად შიმშილობენ სოციალურად დაუცველები, ჩვენ ამის შეფასებაში ვერ შევალთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.5%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემდეგ ქვეჯგუფებზე გაიზარდა: ხილი და ყურძენი (3.8%), ზეთი და ცხიმი (3.7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.3%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1%). წლიურმა ინფლაციამ კი 7.2% შეადგინა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი