იტვირთება

სოციალურ ქსელში კოვიდვაქცინების შესახებ თინა თოფურიას ვიდეო მიმართვა ვრცელდება, რომელიც მანიპულაციურ და ყალბ ამბებს შეიცავს.

მტკიცება N1: ეს ვაქცინები, როგორც ვხედავთ არის არასაკმარისად გამოცდილი, აქვს გვერდითი მოვლენები, აქვს გართულებები

ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება

ვაქცინამ დამტკიცებამდე, ფართომასშტაბიანი და დეტალური შემოწმების რამდენიმე ფაზა უნდა გაიაროს, რომლის საფუძველზეც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დგინდება. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა.

კოვიდვაქცინების გვერდითი მოვლენები შეიძლება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყოს. ვაქცინის ხშირი გვერდითი ეფექტია: ტკივილი ინექციის ადგილზე, სხეულის შემცივნება, დაღლილობის შეგრძნება და სიცხე. ეს ვაქცინებისთვის დამახასიათებელია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ძალზედ იშვიათ შემთხვევაში შესაძლოა, მწვავე ალერგიული რეაქცია, მათ შორის - ანაფილაქსიური შოკი, დაფიქსირდეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ალერგიული რეაქციები [ანაფილაქსია] ასევე შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმა, მწერის ნაკბენმა, საკვებმა პროდუქტებმა.

AstraZeneca-ს შემთხვევაში ვაქცინასა და თრომბის იშვიათ ფორმებს შორის შესაძლო კავშირი გამოიკვეთა. თუმცა ვაქცინის სარგებელი, შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს, მნიშვნელოვნად აღემატება. იმ შემთხვევაშიც კი თუ ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი დადასტურდება, თრომბის განვითარების რისკი ძალიან მცირეა - 0.0004%, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში კი თრობოზის განვითარების რისკი 16.5%-ია.

კოვიდვაქცინებს, ისევე როგორც ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს, თუმცა მისი სარგებელი მკვეთრად აღემატება შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკს. ამასთან, ვაქცინის უსაფრთხოება კრიტიკული მნიშვნელობისაა და ვაქცინაციის პროგრამა განსაკუთრებული სიფრთხილით მიმდინარეობს. ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

მტკიცება N2: AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა 70 წელს ზევით თითქმის ნულზე არის, ხოლო 60-დან 70 წლამდე სადღაც 8-10%-ია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ჟურნალ The Lancet-ში დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კლინიკური კვლევის ეტაპზე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობამ ყველა ასაკობრივ ჯგუფში 70.4% აჩვენა.

AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკურ კვლევებში ხანდაზმულთა მცირე ნაწილი იყო ჩართული, ამიტომაც ვაქცინაციის პროგრამის საწყის ეტაპზე, ხანდაზმულებში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. შეზღუდული მონაცემების მიუხედავად, ვაქცინის ეფექტურობა ასაკოვან მოსახლეობაში ისეთივე მაღალი იყო, როგორც ახალგაზრდებში. არსებული კვლევებისა და მონაცემების შესწავლის საფუძველზე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA), ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა, მათ შორის 65 წელს ზევით ასაკობრივ კატეგორიაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების შეფასებით, Oxford-AstraZeneca-ის ვაქცინის ეფექტიანობა საერთო ჯამში 63% იყო.

ვაქცინაციის შედეგებმა და ფართომასშტაბიანმა კვლევებმა ასევე დაადასტურა, რომ Oxford-AstraZeneca ხანდაზმულებში ისეთივე მაღალეფექტიანია, როგორც სხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მარტში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობამ სიმპტომური ინფექციის პროფილაქტიკაში 79% აჩვენა, 65 წელს ზევით ასაკობრივ ჯგუფში კი ვაქცინის ეფექტიანობა 80%-ია. შესაბამისად, მტკიცება, რომ Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა ხანდაზმულებში არაეფექტიანია, არის მცდარი.

მტკიცება N3: [ასტრაზენეკას ვაქცინით] დაიწყო კვლევები 12-დან 15 წლამდე [მოზარდებში] ესეც შეჩერდა, იმიტომ რომ აქაც გამოიწვია თრომბოზები

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის კლინიკური კვლევა 6-დან 17 წლამდე ბავშვებში 2021 წლის თებერვალში დაიწყო.

7 აპრილს, მას შემდეგ, რაც ევროპის წამლების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თრომბოზის წარმოქმნასა და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას შორის შესაძლო კავშირი არსებობდა, ბავშვებზე ვაქცინის კვლევა შეჩერდა. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ენდრიუ პოლარდის ინფორმაციით, ცდების დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ წარმოქმნილა.

ბავშვებში AstraZeneca-ს ვაქცინის კვლევის შეჩერება უკავშირდება ზრდასრულებში ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის დადგენას. მტკიცება, რომ ვაქცინამ თრომბოზები ბავშვებშიც გამოიწვია, არის მცდარი.

მტკიცება N4: შეჩერდა ჯონსონის ვაქცინა, აღმოჩნდა რომ ესეც იწვევს თრომბოზებს და საკმაოდ დიდია სიკვდილიანობა ამ თრომბოემბოლიებისაგან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

„ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინით აცრა ამერიკამ მას შემდეგ შეაჩერა, რაც 7 მილიონზე მეტი აცრილიდან 6 ადამიანს თრომბოზი განუვითარდა. მათგან ერთი ქალი გარდაიცვალა, ერთის მდგომარეობა კი კრიტიკული იყო.

ამ ეტაპზე „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - მილიონში ერთზე ნაკლებია. თუმცა ვაქცინის გამოყენება განსაკუთრებული [ჭარბი] სიფრთხილის გამო დროებით შეაჩერეს.

თრომბოზის შემთხვევებსა და აცრას შორის კავშირს აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) ერთობლივად იკვლევს. ამ ეტაპზე „ჯონსონი და ჯონსონის“ ვაქცინასა და თრომბოზის შემთხვევებს შორის პირდაპირი კავშირი არ არის დადასტურებული.

მტკიცება N5: სინოფარმს, ამ ჩინურ ვაქცინას, ძალიან დაბალი დაცვის მაჩვენებელი აქვს, მისი სარგებელი მხოლოდ და მხოლოდ 50%-ია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

საქართველოს ჩინეთის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენილი. აპრილის ბოლოსთვის, სინოფარმის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას ელოდება. ამ ეტაპზე, სინოფარმი 35 ქვეყანაშია აღიარებული. ამასთან, სპეციალისტების განცხადებით „სინოფარმის“ გვერდითი მოვლენების მაჩვენებელი სხვა ვაქცინებთან შედარებით დაბალია.

სინოფარმის ვაქცინამ, ჯერ კიდევ III ფაზის კვლევაში, რომელიც 10 ქვეყანაში ჩატარდა, 79% ეფექტურობა აჩვენა. ცალკეულ კვლევაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჩატარდა, ვაქცინის ეფექტურობამ 86%-ს მიაღწია.

ეფექტიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვს სინოვაკს და არა სინოფარმს. ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინოვაკის ვაქცინა სიმპტომური კორონავირუსის პროფილაქტიკაში 50.7%-ით ეფექტურია. ინდონეზიაში ჩატარებული კვლევების თანახმად, სინოვაკის ვაქცინის ეფექტურობა 78% იყო. ჩინური წარმოების ვაქცინების ეფექტიანობა სხვადასხვაა, თუმცა ყველა მათგანი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული 50%-იანი ზღვარს აღემატება.

ეფექტურობის მაჩვენებელი აჩვენებს, რამდენად იცავს ვაქცინა ადამიანს ინფიცირებისგან. თუმცა ვაქცინა ადამიანს იცავს როგორც ავადობისგან, ასევე ინფიცირების შემთხვევაში შემდგომი გართულებებისგან და სიკვდილისგან. ამ კუთხით კი, კოვიდვაქცინების, მათ შორის სინოფარმის, სარგებელი კიდევ უფრო მაღალია.

მტკიცება N6: ამდენი ვაქცინებით შეიძლება ეს შტამები უფრო მდგრადი გახდეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

SARS-CoV-2-ის ვირუსი დროთა განმავლობაში მუტაციას განიცდის. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, SARS-CoV-2-ის-ის რამდენიმე შტამი ჩამოყალიბდა (ბრიტანული, აფრიკული, ბრაზილიური და სხვა). ამასთან ერთად, ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს.

ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომელსაც შეუძლია ვირუსის გავრცელება შეაჩეროს, შეაფერხოს ვირუსის მუტაცია და ახალი შტამების წარმოქმნა. მეცნიერების მოსაზრებით, რაც უფრო მეტად ვრცელდება ვირუსი, მით უფრო იზრდება ალბათობა იმისა, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და ახალი ვარიანტები გაჩნდეს (იხილეთ: „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადების თანახმად, „ვაქცინაციის არსი სწორედ ამაშია, რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ვირუსს მუტაციური უნარი მეტად უმცირდება და პრაქტიკულად ერთმევა უნარი, რომ ახალი ძალით დაგვიპირისპირდეს“.

მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებას, ანუ მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

-------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

2920 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი