სოციალურ ქსელში COVID-19 ვაქცინის გვერდით ეფექტზე დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

ანალიზი :

Facebook-ანგარიშები და გვერდები (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5) სოციალურ ქსელში დაზიანებული ხელის ფოტოს შემდეგი წარწერით ავრცელებენ: „AstraZeneca-ს ვაქცინიდან 7 საათის შემდეგ“. პოსტებს ჯამურად 7 ათასამდე მეტი გაზიარება და 500-მდე კომენტარი აქვს. ზოგიერთი გამავრცელებელი ირწმუნება, რომ დაზიანებული ხელი ბელგიელ ადამიანს ეკუთვნის, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი ბულგარელი ქალია. მათი ნაწილი ფოტოზე გამოსახული ადამიანის ვინაობას საერთოდ არ ასახელებს და ამბობს, რომ ის ერთ-ერთი მომხმარებლის ახლობლის ფოტოა.

აღნიშნული ფოტო Facebook-მომხმარებლებმა ისეთ საჯარო ჯგუფებში გააზიარეს, როგორებიცაა: „ხალხური მედიცინა“, „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იმედი“, „სანდრა რულოვსის მხარდამჭერები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები“, „❤️მიშას🇬🇪🇺🇦მხარდამჭერები❤️(official)“, "STOP SVETSKIM ZAVERAMA“.

ვაქცინაციის პროცესის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში არაერთი დაუსაბუთებელი დეზინფორმაცია თუ მანიპულაცია გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრიც“ წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). აღნიშნული ფოტო უცხოენოვან წყაროებშიც ფართოდ გავრცელდა, თუმცა არცერთი გამავრცელებელი ოფიციალურ წყაროს არ უთითებს. Facebook-მომხმარებლების უმეტესობა ამბობს, რომ ფოტო ბულგარელ Mayya Zankova-ს ეკუთვნის.

Google-ის ხელსაწყოს - Google Image Search-ის მიხედვით, დასახელებული ფოტო წარწერით - „Mayya Zankova, 7 часа · След астра зенека“ (მაია ზანკოვა, AtraZeneca-ს ვაქცინიდან 7 საათის შემდეგ) პირველად სოციალურ ქსელში 2021 წლის 8 აპრილს გამოქვეყნდა, მისი ავტორი Facebook-მომხმარებელი - Катя Петрова - არის. კითხვას, თუ რით ამტკიცებდა ამ ფოტოს ავთენტურობას, კატია პეტროვა არ პასუხობს, ხოლო სხვა მომხმარებლები წყაროდ პეტროვას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს უთითებენ. ინტერნეტის ღია წყაროებში არსებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ მაია ზანკოვა მხოლოდ გავრცელებულ ფოტოსთან მიმართებით იძებნება, ხოლო არცერთ ოფიციალურ წყაროში, ვაქცინის შედეგად გამოწვეული მსგავსი ჩვენება დაფიქსირებული არაა.

ყველა ვაქცინას, მათ შორის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას და ზოგადად, ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოვლინდა, როგორებიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. იშვიათ შემთხვევაში, ვაქცინა ალერგიული რეაქციებს იწვევს. ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) დასკვნით, AstraZeneca-ს ვაქცინის (იგივე Vaxzevria) ძალიან იშვიათ გვერდით მოვლენებს შორის - თრომბის (სისხლის კოლტების) წარმოქმნა, რომელსაც თან თრომბოციტების დაბალი მაჩვენებელი ახლავს, უნდა იყოს შეყვანილი. თუმცა ფოტოზე გამოსახული მდგომარეობა COVID-19-ის ვაქცინების გვერდით მოვლენებში არ გვხდება.

აღნიშნული საკითხის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგს, ვერიკო აბრალავას, დაუკავშირდა. როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, მხოლოდ ფოტოს მეშვეობით ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება. თუმცა Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ფოტოზე გამოსახული დაავადება ექიმის თქმით, შესაძლოა იყოს გართულებული ვასკულიტი ან რაიმე სხვა სისხლძარღვოვანი რეაქცია, რომელიც ტრამვისგან ან სისხლძარღვის დახშობისგან იყოს გამოწვეული. ექიმის თქმით, მსგავსი გამოვლინება კონკრეტული კანის რომელიმე დაავადებაში არ ჯდება. უცნობია ფოტოზე გამოსახული მდგომარეობის რეალური მიზეზი.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატიაში გამოყენებულია CrowdTangle-ის, Facebook-ის ანალიტიკური ხელსაწყოს, მონაცემები.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმებისპროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.