იტვირთება

თამარ გაბუნია: „აჭარაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილია. მე ამ ჩართვამდე დავათვალიერე ჯავშნები, რამდენი ადგილია თავისუფალი და მცირე რაოდენობაა დაჯავშნილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ დღეს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, უბრალოდ, არ იყენებს მას“.

ვერდიქტი: თამარ გაბუნიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მიმდინარე პერიოდისთვის (07. 04. 2021), pfizer-ის ვაქცინა 18 აპრილამდე სრულად დაჯავშნილია. რაც შეეხება astrazeneca-ს, ამ ეტაპისთვის მომდევნო ოთხი დღე დაჯავშნილია სრულად და 144 ჯავშანი ჩანს, ხოლო შემდგომი დღეები დაჯავშნილია ნაწილობრივ. ჯავშნების რაოდენობა ყოველდღიურად იცვლება. ბოლო მონაცემებით, აჭარაში 700 მოქალაქე - astrazeneca-ს ვაქცინით, ხოლო 756 ადამიანი pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ჯამში აცრა 1 456 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. სულ რეგიონში „ასტრა ზენეკას“ 3 980 და „ფაიზერის“ 2 340 დოზა ვაქცინაა შემოტანილი, რაც ჯამში 6 320 დოზაა (აღსანიშნავია, რომ ერთ ადამიანს ორი დოზა ვაქცინა უკეთდება). თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 მარტიდან დაიწყო, ფაქტია, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე, 2020 წლის მონაცემებით, 315 060 ამომრჩეველი ანუ სრულწლოვანი მოქალაქე იყო რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინა გაკეთებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის (18 წლის და ზემოთ) მხოლოდ 0,46%. არსებული დოზის სრულად გახარჯვის შემთხვევაში, აცრილი ზრდასრული მოსახლეობის 1% იქნება.

ანალიზი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე საუბრისას, განაცხადა: „აჭარაში ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილია. მე ამ ჩართვამდე დავათვალიერე ჯავშნები, რამდენი ადგილია თავისუფალი და მცირე რაოდენობაა დაჯავშნილი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბევრი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ დღეს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, უბრალოდ, არ იყენებენ მას“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

დაზუსტებული ინფორმაციის მიღების მიზნით, „ფაქტ-მეტრმა“ შესაბამისი კითხვებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს მიმართა. სამმართველოს უფროსმა ნინო გუგუშვილმა მოგვწერა: „მიმდინარე პერიოდისთვის, pfizer-ი 18 აპრილამდე სრულად დაჯავშნილია. დღეისათვის ჩანს 1096 ჯავშანი. astrazeneca ამ ეტაპისთვის ჩანს, რომ დაჯავშნილია მომდევნო ოთხი დღე სრულად და ჩანს 144 ჯავშანი, შემდგომი დღეები დაჯავშნილია ნაწილობრივ. ეს პროცესი არის რუტინული და ყოველდღიურად ცვლადი. ამჟამად მარაგში არსებული ვაქცინების დოზები - pfizer-ისა და astrazeneca-ს ვაქცინების არსებული მარაგი, საკმარისია ორივე დოზისთვის. ველოდებით შევსებაც რეგიონულ საწყობში. რაც შეეხება ასაცრელ კონტინგენტს, ეტაპობრივად ხდება რისკის ჯგუფების დამატება, შესაბამისად - ჯავშნების გახსნა.“ (დანართი 1)

მისივე ინფორმაციით, აჭარაში ოთხი ამცრელი კაბინეტი მუშაობს, აქედან სამი - ბათუმში და ერთი - ქობულეთში. უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოება იგეგმება სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სამმართველოს უფროსის გათვლით, ამ ეტაპისთვის რეგიონში არსებული დოზების სრულად ათვისების შემთხვევაში, აცრილი იქნება მოსახლეობის 2-3%.

არსებული დოზებისა და აჭარის ზრდასრული მოსახლეობის შედარებით ნათელია, რომ ორივე ვაქცინის დოზების გახარჯვის შემთხვევაში, აცრილი იქნება 1%-ზე ოდნავ მეტი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში astrazeneca-ს ვაქცინით აცრილია 700 ადამიანი, ხოლო pfizer-ის ვაქცინით - 756 პირი. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე აცრა (პირველი დოზა) ჯამში 1 456 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. სულ რეგიონში 6 320 დოზა ვაქცინაა შემოტანილი. აქედან 3 980 დოზა „ასტრა ზენეკა“ და 2 340 დოზა - „ფაიზერი“, რაც ჯამში 6 320 დოზაა (აღსანიშნავია, რომ ერთ ადამიანს ორი დოზა ვაქცინა უკეთდება). აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 16 მარტიდან დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული 315 060 მოქალაქე იყო. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ვაქცინა გაკეთებული აქვს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 0,46%. არსებული დოზის სრულად გახარჯვის შემთხვევაში, აცრილი ზრდასრული მოსახლეობის 1% იქნება.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 7 აპრილის მონაცემებით, კოვიდით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე კლინიკაში - 245 პაციენტი, ხოლო კოვიდსასტუმროში 106 პაციენტი მკურნალობს. 251 პაციენტი მკურნალობის კურსს ონლაინკლინიკაში გადის. დღემდე აჭარის რეგიონში 36 252 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 700-მდე პაციენტი გარდაიცვალა.

სამწუხაროდ, გარდაცვალების რამდენიმე ახალი ფაქტი უკვე დაფიქსირდა. თანდათან იმატებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ინფიცირების შემთხვევები. რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა კიდეც და სწავლა ზოგან - ნაწილობრივ, ზოგან კი სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) მიიჩნევს, რომ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე ეკონომიკური აქტივობებისა და ტურისტული სეზონის უმტკივნეულოდ გახსნის მიზნით, ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობას მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრება კიდევ დიდხანს მოუწევს.

შენიშვნა: ბოლო, 12. 04. 2021-ის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის საწინააღმდეგო აცრა 1 909 ადამიანს გაუკეთდა, აქედან გამოყენებულია 1 092 ფაიზერის და 817 ასტრა ზენეკას ვაქცინა. შესაბამისად, 27 დღის განმავლობაში, დღეში საშუალოდ 71 დოზა ვაქცინა დაიხარჯა. ამ ტემპით აჭარის მოსახლეობის სრულად აცრას წლები დასჭირდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2918 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი