რომან გოცირიძე: ქვეყნის ვალი [საგარეო] გადასცდა მშპ-ს 100%-ს და 120-125%-ს მიაღწია, როდესაც 4 წლის წინ მშპ-ს 80%-ს შეადგენდა.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
რეზიუმე:
პოლიტიკოსი მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკაზე საუბრობს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ქვეყნის ფინანსური ვალდებულებების შესახებ უცხოელების მიმართ მონაცემებს მოიცავს. 2020 წელს, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა - 20.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 127.7%-ს წარმოადგენდა. ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებელი 21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მთლიანი ვალი, მშპ-ს 79.4%-ს 2014 წელს, ანუ 6 წლის წინ შეადგენდა და არა 4 წლის წინ. 2015-2016 წლებში, მთლიანი ვალის ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ მშპ-ს 105%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ვალის ფარდობითი მაჩვენებლის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტი, ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობაა. ბოლო წლებში, საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. აღნიშნული თვალნათლივ ჩანს 2015 წლის მაგალითზე, როდესაც ლარის დოლართან მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, საგარეო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი 29%-ით და ასევე 2018 წლის მაგალითზე, როდესაც ლარის დოლართან მცირედი გამყარების შემდეგ, ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.
ანალიზი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა: (12 წთ) „ქვეყნის მთლიანი ვალი [საგარეო] გადასცდა მშპ-ს 100%-ს და 120-125%-ს მიაღწია, როდესაც 4 წლის წინ მშპ-ს 80%-ს შეადგენდა“.
პოლიტიკოსი მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკაზე საუბრობს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს. მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა უცხოელების მიმართ ქვეყნის ფინანსური ვალდებულებების შესახებ მონაცემებს მოიცავს. ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი დროის მოცემული მომენტისათვის არის ფაქტიური, უპირობო ვალდებულებების გადაუხდელი თანხა, რომელიც ამ ქვეყნის რეზიდენტის მიერ არარეზიდენტისთვის მომავალი დროის რომელიმე მომენტში ძირითადი ან/და პროცენტის გადახდას მოითხოვს. ანუ ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც მომავალ პერიოდში გადასახდელი იქნება არარეზიდენტისთვის, ქვეყნის მთლიან საგარეო ვალში შედის. მთლიანი საგარეო ვალი სამთავრობო სექტორის, ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების, არასაბანკო საფინანსო კორპორაციების, არასაფინანსო კორპორაციების და პირდაპირი ინვესტორების კომპანიათაშორისი სესხების საგარეო ვალდებულებისგან შედგება.
2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 20.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ს 127.7%-ს წარმოადგენდა. ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით - 8.8%-ით გაიზარდა, ხოლო მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებელი 21 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მთლიანი ვალი, მშპ-ს 79.4%-ს 2014 წელს, ანუ 6 წლის წინ შეადგენდა და არა 4 წლის წინ. 2015-2016 წლებში, მთლიანი ვალის ფარდობითი მაჩვენებელი საშუალოდ მშპ-ს 105%-ის ფარგლებში მერყეობდა.
გრაფიკი 1: საქართველოს საგარეო ვალის დინამიკა 2010-2020 წლებში [1]
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
თუმცა ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებით. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდი პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის აკუმულირებული ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). ვალთან დაკავშირებით, აღნიშნული პრობლემა უნივერსალურია არა მხოლოდ მაკრო, არამედ მიკროეკონომიკურადაც. ლარის გაუფასურების გამო, უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის გაძვირების პრობლემა არაერთ მოქალაქეს შეეხო, იმის მიუხედავად,ა რომ შესაძლოა, მათ ახალი კრედიტები არ აეღოთ. ბოლო წლებში, საგარეო ვალის ზრდა მნიშვნელოვანწილად წარსულში დაგროვილი ვალის ნაშთის ახალი კურსის შესაბამისად გადაანგარიშებამ გამოიწვია. აღნიშნული თვალნათლივ ჩანს 2015 წლის მაგალითზე, როდესაც ლარის დოლართან მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, საგარეო ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი (გამოსახული დოლარში) 9%-ით გაიზარდა, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი 29%-ით და ასევე 2018 წლის მაგალითზე, როდესაც ლარის დოლართან გამყარების შემდეგ, ვალის აბსოლუტური მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა, ხოლო ფარდობითი მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა.
[1]გრაფიკზე ასახული მშპ-ს მაჩვენებელი არ უნდა იქნას აღქმული როგორც დოლარში დათვლილი მშპს-ს დროით ჭრილში ანალიზი. მოცემულ შემთხვევაში დროით ჭრილში შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ფარდობითი მაჩვენებელი. მშპ დოლარში მოცემულია მხოლოდ ტექნიკური მიზნით - ფარდობითი მონაცემის მისაღებად. ვინაიდან მრიცხველი და მნიშვნელი იდენტურ ვალუტაშია, მოცემულ შემთხვევაში, ამ მიდგომის გამოყენება ვალიდურია და არ იწვევს არსებული სურათის დამახინჯებას, განსხვავებით იმ შემთხვევებისაგან, როდესაც დოლარში კონვერტირებული მონაცემით ხორციელდება დროით ჭრილში მშპ-ს ცვლილების ტენდენციის შეფასება.