იტვირთება

თორნიკე კუჭავა: „[აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული] კომპანიების გარკვეული რაოდენობა მოგებაზეა და შესაბამისად, ხდება დივიდენდების განაწილება ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში. ეს არის ოთხი-ხუთი საწარმო, რომლებიც მოგებაზეა“.

ვერდიქტი: თორნიკე კუჭავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული პასუხის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით არსებულ მოქმედ საწარმოთა რეესტრში, 2021 წლის 24 მარტის მონაცემებით, თორმეტი საწარმოა რეგისტრირებული. აქედან ცხრა საწარმოში ის 100%-იანი წილის მფლობელია. გარდა ამისა, რეგისტრირებულია თორმეტი მოქმედი/პასიური საწარმო, საიდანაც მთავრობა მთლიან წილს ექვს კომპანიაში ფლობს. კიდევ ცხრა საწარმო ლიკვიდაციის რეჟიმშია, ხოლო ორი გადაცემულია მართვის უფლებით.

აჭარის ა/რ ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებიდან, 2019 წელს სამი კომპანიის მოგებიდან მიღებულმა დივიდენდებმა ჯამში - 2 547 415 ლარი, ხოლო 2020 წელს ორი კომპანიის მოგებიდან მიღებულმა დივიდენდებმა 739 931 ლარი შეადგინა. 2015-2020 წლებში ჯამში 11 905 980 ლარია მიღებული და აქედან 2019-2020 წლებში - 3 287 346 ლარი. ეს ნიშნავს, რომ აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტზე ნაწილდება დივიდენდები არა - ოთხი-ხუთი, არამედ ორი კომპანიის მიერ მიღებული მოგებიდან. აღსანიშნავია, აჭარის ა/რ 2021 წლს რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა ვარაუდობს, რომ დივიდენდების სახით 3 მლნ ლარს მიიღებს.

რამდენიმე საწარმო აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსდება. ესენია: შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, შპს „გოდრძი რესორტსი“ და სს „აჭარის წყლის ალიანსი“. ოთხივეს დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 2019 წელს - 63 312 200 ლარი (ფაქტი), ხოლო 2020 წელს 32 480 200 ლარი (გეგმა) შეადგინა. იმავე კომპანიებისთვის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჯამში 20 849 700 ლარია გათვალისწინებული. ამ ორგანიზაციებს რეგიონში მიმდინარე მსხვილი პროექტები აბარიათ. ყველა ეს პროექტი ან დაგვიანებით დაიწყო, ან თავდაპირველად დადგენილ ვადებში ვერ დასრულდა. სავარაუდოდ, მათი ბიუჯეტი ამ კომპანიების მოგებიდან დივიდენდებს ჯერ ვერ მიიღებს.

ანალიზი:აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ საუბრისას, განაცხადა: „[აჭარის ა/რ წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული] კომპანიების გარკვეული რაოდენობა მოგებაზეა და შესაბამისად, ხდება დივიდენდების განაწილება ყოველწლიურად აჭარის ბიუჯეტში. ეს არის ოთხი-ხუთი საწარმო, რომლებიც მოგებაზეა“.

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და შესაბამისი ინფორმაცია აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება) რეესტრში, 2021 წლის მარტის მონაცემებით, ოცდათხუთმეტი საწარმოა რეგისტრირებული, მათ შორის: თორმეტი - მოქმედი, ამდენივე - მოქმედი/პასიური, ცხრა საწარმო გაკოტრების/ლიკვიდაციის რეჟიმშია, ხოლო ორი საწარმო გადაცემულია მართვის უფლებით. (დანართი 1, დანართი 2, დანართი 3, დანართი 4)

ცხრილი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ შპს „ბერმუხა“ გაკოტრება/ლიკვიდაციის რეჟიმში არსებულ საწარმოთა რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლიდან, შპს „ჭარნალის მეურნეობა“ - 2013 წლიდან, ხოლო დანარჩენი საწარმოები გაკოტრების რეჟიმში 2015-2016 წლებში გადავიდა.

რაც შეეხება საწარმოებს, რომლებიც ყოველ საანგარიშო წელს მოგებით ასრულებდნენ და დივიდენდების სახით, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში თანხა შეჰქონდათ, მათი რიცხვი წლიდან წლამდე იკლებს. აჭარის ა/რ ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისა და კერძო საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდების შესახებ უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წელს ასეთი სამი საწარმო იყო, ხოლო 2020 წელს მხოლოდ ორი საწარმოა. დანართი 5

ცხრილი 2. ინფორმაცია აჭარის ა/რ ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისა და კერძო საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდების შესახებ, 2019-2020 წლები

წყარო: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

როგორც ვხედავთ, აჭარის ა/რ ხელისუფლების წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოებისა და კერძო საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდების ჯამურმა მოცულობამ 2019 წელს 2 547 415 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს - 739 931 ლარი.

რაც შეეხება უფრო ადრეულ წლებში მიღებულ დივიდენდებს, დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართ 5-ში.

საინტერესოა, რომ აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 2019-2020 წლებში ოთხი საწარმო დაფინანსდა: შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანია“, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“, შპს „გოდრძი რესორტსი“ და სს „აჭარის წყლის ალიანსი“. ოთხივეს დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ 2019 წელს - 63 312 200 ლარი (ფაქტი), ხოლო 2020 წელს 32 480 200 ლარი (გეგმა) შეადგინა. იმავე კომპანიებისთვის 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჯამში 20 849 700 ლარია გათვალისწინებული.

ინფორმაციისთვის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ კვლევა ადრეც გამოაქვეყნა. ჩვენ მაშინ აღვნიშნეთ, რომ რამდენიმე საწარმოს მიმართ, რომლებიც, უწყების ინფორმაციით, წლებს ზარალით ან უმნიშვნელო მოგებით ასრულებენ, საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

გარდა ამისა, რიგ გარემოებებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც თავის ანგარიშში, რომელიც 2020 წლის იანვარში გამოქვეყნდა და აჭარის ა/რ და ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტს ეხება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური პირდაპირ წერს, რომ სამინისტრომ, როგორც პარტნიორმა, შპს „ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა“ და შპს „სავაჭრო ცენტრ 2009-ის“ მიერ მიმწოდებლებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე გადახდილი თანხის მტკიცებულებები უნდა მოითხოვოს და ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მოცულობა დაადგინოს. ამასთანავე, აუდიტის სამსახურმა შპს „სტადიონსა“ და შპს „ჰიგიენა 2009-სთან“ დაკავშირებული გარემოებებიც გამოკვეთა. ამ ეტაპზე ორივე ორგანიზაციას სახელწოდება შეცვლილი აქვს. პირველს შპს „პროექტების მართვის კომპანია“ ეწოდება, ხოლო მეორეს - შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“. „ფაქტ-მეტრმა“ ამ კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზეც არაერთი კვლევა გამოაქვეყნა. იხილეთ სტატია შპს „სტადიონის“ შესახებ, ასევე სტატია შპს „ჰიგიენა 2009-ის“ მიერ განხორციელებულ პროექტზე, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

2847 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
26%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
13%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი