თეა ახვლედიანი: 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა ახვლედიანის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ცვლილებები 2009 წელს შევიდა, რის საფუძველზეც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის გამარტივებული მექანიზმი და ე.წ ქვოტირების სისტემა ამოქმედდა.
2012-2020 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარების შედეგად ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული რეგიონებიდან სწავლა სულ 1100 მა პირმა გააგრძელა.
2018 წელს სახელმწიფომ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რამაც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის პროცესი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს უფრო გაუმარტივა.
აღნიშნული კატეგორიის სტუდენტების ყველაზე მეტი რაოდენობაც 2019-2020 წლებში დაფიქსირდა. სხვა წლებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში, მათ რიცხვი 200-ს აღემატება.
ანალიზი:
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხების დროებითი კომისიის სხდომაზე მოხსენება წარადგინა. თეა ახვლედიანმა სამშვიდობო ინიციატივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ამოქმედების შემდეგ ოკუპირებული რეგიონებიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა.
„2019 წელს ამ პროგრამით ისარგებლა 139-მა, ხოლო 2020 წელს 180-მა ახალგაზრდამ, რომლებიც განაგრძობენ სწავლას სასურველ ფაკულტეტებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა. ყველა საშეღავათო პროგრამის გათვალისწინებით, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარა 400-მდე სტუდენტმა“,-აღნიშნა თეა ახვლედიანმა.
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში გამარტივებული წესით სწავლის გაგრძელების საშუალება 2009 წლიდან მიეცათ.
2016 წლიდან კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული ადგილების ფარგლებში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან გამოყონ განსაზღვრული ადგილების 1% იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნულ გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ აფხაზურ ან ოსურ ენაზე და ამ ფორმით სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე. ამასთან, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩააბარონ მხოლოდ ერთი - ზოგადი უნარების გამოცდა - აფხაზურ ან ოსურ ენებზე და შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგის საფუძველზე ჩაირიცხონ.
„გამარტივებული სისტემის საფუძველზე ჩარიცხული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, ერთვებიან ქართულ ენაში მომზადების „1+4“ პროგრამაში, რომლის ერთწლიანი საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტს შეუძლია განაგრძოს სწავლა თავდაპირველად შერჩეულ ფაკულტეტზე. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს „1+4“ პროგრამის აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი მონაწილეებისთვის სწავლისა და საცხოვრებელი ხარჯების დასაფინანსებლად“,- წერია სახელმწიფო აპარატიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, „1+4“ პროგრამით, 2010-2020 წლებში, ოკუპირებული რეგიონებიდან ჯამში 11-მა სტუდენტმა ისარგებლა. მათ შორის 2 აფხაზეთის, 9 ცხინვალის რეგიონიდან იყო.
2018 წელს სახელმწიფომ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაამტკიცა, რამაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხვედრა აფხაზური და ოსურენოვანი აბიტურიენტებისათვის უფრო გაამარტივა. კერძოდ, 2018 წლის 6 ივნისს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აფხაზურ და ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ნაცვლად (რომლის ჩაბარება სპეციფიური ტერმინების გამო გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა), შესაძლებელი გახდა აფხაზური/ოსური ენის გამოცდის ჩაბარება.
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ამ დროისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს, რომლებიც უწყების განმარტებით, სწორედ სამშვიდობო მიმართულებებს მოიცავს:
სკოლის შემდგომი მოსამზადებელი პროგრამა
სკოლის შემდგომი პროგრამა გულისხმობს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლას თბილისსა და ზუგდიდში უფასო მოსამზადებელი ცენტრის ბაზაზე; სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, შერჩეულ საგნებში საჭირო კრედიტების დაგროვებისა და საბოლოო ტესტირებაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის დაძლევის შემთხვევაში, სტუდენტს შეუძლია ბაკალავრიატზე შემდგომი სწავლის გაგრძელება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიას 150 ლარის ოდენობით და საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო აპარატის ინფორმაციით, პირველი საპილოტე პროგრამა 2019 წლის 18 აპრილს დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 142 აბიტურიენტმა ოკუპირებული რეგიონებიდან; აქედან, 139-მა უმაღლეს სასწავლებელში გამარტივებული წესით ჩააბარა.
2020 წელს კი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ოკუპირებული რეგიონებიდან 180 სტუდენტი დარეგისტრირდა.
„პანდემიის და დაკეტილი ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გამო პროგრამის განხორციელება შეფერხდა, თუმცა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დარეგისტრირებული ახალგაზრდა უგამოცდოდ ჩაირიცხა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“,-განმარტავენ განათლების სამინისტროში.
ერთიანი ეროვნული გამოცდა
აღნიშნული პროგრამების გარდა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან სტუდენტებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოხვედრა ერთიანი ეროვნული გამოცდის საფუძველზეც შეუძლიათ. საქართველოს ხელისუფლება მათი სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებსაც აფინანსებს.
ცხრილი 1: ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ერთიანი ეროვნული გამოცდის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2012-2020 წლებში:
მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წელს, პირველ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ოკუპირებული რეგიონებიდან 142 აბიტურიენტმა მიიღო. აქედან, 139-მა გამარტივებული წესით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. ჯამში კი (ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულებთან ერთად) ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში 2019 წელს 342 (201+142) სტუდენტია რეგისტრირებული ოკუპირებული რეგიონებიდან.
2020 წელს კი არსებული საშეღავათო პროგრამებით, ჯამში ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებმა 394-მა (205+9+180) ადამიანმა ისარგებლა.
„ფაქტ-მეტრი“ ვერ შევა მსჯელობაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ქართული განათლების სისტემისადმი ნდობისა და ინტერესის ზრდას რომელი კონკრეტული პროგრამა განაპირობებს. საშეღავათო პროგრამებთან ერთად, ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტს ეძლევა სხვა სიკეთეებით სარგებლობის საშუალებაც, პირველ რიგში - ევროპული განათლების მიღების საშუალება, ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების საშუალება და ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების შანსი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, თუმცა განცხადების ვერდიქტზე მსჯელობისას ამ საკითხებს გავლენა ვერ ექნება. შესაბამისად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მინისტრის განცხადება არის სიმართლე.