დეზინფორმაცია: კორონავირუსის ვაქცინები რადიაქტიურ მეტალებს შეიცავს, რომელთა იდენტიფიცირება სიცხის საზომ [საკონტროლო] მოწყობილობას შეუძლია
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სოციალურ სივრცეში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები მძიმე მეტალებს შეიცავს, რომლებიც ნანოჩიპების პრინციპით მოქმედებს. 25 მარტს, სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა თეონა თავართქილაძემ საკუთარ გვერდზე მსგავსი დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანების სხეულში აცრის შედეგად რადიაქტიური მეტალები ხვდება, რომელთა იდენტიფიცირებაც სიცხის საზომ აპარატს, საკონტროლო მოწყობილობას შეუძლია.
ინტერნეტ სივრცეში ანალოგიური დეზინფორმაცია რუსულ ენაზეც გავრცელდა. ის 25 მარტს დავით გიორგობიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილია ისტორია, თითქოს ერთ-ერთ აეროპორტში მესაზღვრეები მოწყობილობის დახმარებით, რომელიც სიცხის გაზომვის პარალელურად სხეულში მძიმე მეტალების არსებობას ადგენს, რომელიც სხეულში აცრის საფუძველზე ხვდება, ამოწმებდნენ პირი იყო, თუ - არ ვაქცინირებული.
კორონავირუსის ვაქცინებში მძიმე მეტალების არსებობა რეალობას არ შეესაბამება. მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. [ადიუვანტი – ნივთიერებაა, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას, აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა)]. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა პლანეტაზე. ის გვხვდება საკვებში, წყალში და ჰაერში. მაგალითად, ჩვილი პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძესთან ერთად 7 მილიგრამამდე ალუმინს იღებს; ამავე პერიოდში ჩვილის მიერ მიღებულ ვაქცინებში ალუმინის რაოდენობა 4,4 მილიგრამია. ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურ საკონსულტაციო კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ ალუმინის ადიუვანტები ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯანმოს სპეციალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ალუმინის მარილების ვაქცინებიდან ამოღების აუცილებლობა არ არსებობს.
აშშ-ში მოხმარებისათვის დაშვებული COVID-19 ვაქცინების, როგორებიცაა - Pfizer, Moderna და Johnson & Johnson, ინგრედიენტების სიაში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს არ ვხვდებით. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემადგენლობაში ალუმინი ან/და ვერცხლისწყალი/მერკური არ შედის. ალუმინს არ შეიცავს არც AstraZeneca/Oxford ვაქცინები.
ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) შეიცავს ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში ალუმინის შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა.
გავრცელებულ პოსტებში არ იყო დაკონკრეტებული თუ რომელი „მძიმე მეტალების“ შემცველობაზეა საუბარი. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს - ტიომერსალია. ტიომერსალი ვერცხლისწყლის/მერკურის ბაზაზე განვითარებული კონსერვანტია, ის სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან. არსებობს ორი ტიპის ვერცხლისწყალი/მერკური, რომელთა ზემოქმედებასაც ადამიანი ექვემდებარება - მეთილ-მერკური და ეთილ-მერკური. მეთილ-მერკური ტოქსიკური და საშიში ნივთიერება არის და ის ვაქცინებში არ გამოიყენება. ვაქცინებში ეთილ-მერკური გამოიყენება, რომელიც ორგანიზმში არ გროვდება და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არაა.
Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინები ტიომერსალს არ შეიცავს.
შესაბამისად, მტკიცება, რომ კორონავირუსის ვაქცინები შეიცავს მძიმე მეტალებს, რომელთა იდენტიფიცირებაც სიცხის საზომ [საკონტროლო] მოწყობილობებს შეუძლიათ, რეალობას არ შეესაბამება და დეზინფორმაციას წარმოადგენს.
___________________________________
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.