დეზინფორმაცია: ვაქცინაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტებს იწვევს, რის გამოც აცრები უნდა შეჩერდეს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობის მიხედვით, გერტ ვანდენ ბოში, „ვირუსოლოგი და ექსპერტი ვაქცინის შექმნის დარგში, ბილ გეიტსის ყოფილი მენეჯერი ამ სფეროში“ მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ მიმდინარე ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოვიდა. Facebook-პოსტის მიხედვით, აღნიშნული პირი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ვაქცინაციის გაგრძელების შემთხვევაში, ადამიანებს იმუნიტეტი გაუქრებათ, რაც „ახალგაზრდების გენოციდს გამოიწვევს“.

იხ. Facebook-პოსტი

გერტ ვანდენ ბოში ბელგიელი მეცნიერი/ვეტერინარია, რომელმაც 2021 წლის 6 მარტს მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებასა და ექსპერტებს ღია წერილით მიმართა. წერილში ბოში ამტკიცებს, რომ COVID-19-ის ვაქცინაციის პროგრამა მსოფლიოში მოსახლეობის დიდ ნაწილს გაანადგურებს. ბოში მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც ამჟამად გამოიყენება, კორონავირუსის სხვადასხვა, უფრო სახიფათო ვარიანტის შექმნას გამოიწვევს და მათ წინააღმდეგ ვაქცინები არაეფექტური აღმოჩნდება. ბოშის მტკიცებით, სიტუაციას ის გარემოებაც გაამწვავებს, რომ უკვე აცრილ ადამიანებს, აუცრელებთან შედარებით, ვირუსის ახალ სახეობებთან გამკლავება ნაკლებად შეეძლებათ. ყველაფერ ამის გამო, ბოში COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის შეწყვეტის მოწოდებით გამოდის, ხოლო პარალელურად, მეცნიერებს მოუწოდებს, რომ ყურადღება მის გამოგონებას მიაპყრონ, რომელსაც თავად „უნივერსალურ ვაქცინას“ უწოდებს. ბოშის „ვაქცინა“ SARS-CoV-2-ის გასანადგურებლად ორგანიზმის თანდაყოლილ იმუნურ სისტემას დაეფუძნება, თუმცა, მის შექმნას ბელგიელი ვეტერინარი 2014 წლიდან უშედეგოდ ცდილობს. ამასთან, ბელგიელი ვეტერინარი საკუთარ თავს ვაქცინაციის საკითხებში დამოუკიდებელ მრჩევლად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ ბილ გეიტსის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა GAVI-ის ფარგლებში პროექტების მენეჯერად მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

აღსანიშნავია, რომ SARS-CoV-2-ის მსგავსი ვირუსები მუტაციას მართლაც განიცდიან. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, SARS-CoV-2-ის რამდენიმე ვარიანტი განვითარდა, რომელთა შორის ზოგიერთი უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელიც იყოს. თუმცა, ვაქცინაციის შეწყვეტა კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნას არ შეაჩერებს - ვირუსის ახალი ვარიანტების უმრავლესობა ვაქცინაციის მასობრივი კამპანიების დაწყებამდე აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ვირუსისთვის თავისუფლად გავრცელების შესაძლებლობის მიცემა, მუტაციების გამოწვევასა და უფრო საშიში ვარიანტების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ საკითხზე ფრანს-პრესთან საუბრისას ექსპერტები (მაგ: ლიეჟის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიშელ მუტშენი) აცხადებენ, რომ ბოშის მიერ მოყვანილი თეორიული რისკი რომც არსებობდეს, მისი თავიდან აცილების გზა კვლავ მასობრივი და სწრაფი ვაქცინაციის კამპანიაა, ხოლო ვაქცინაციის შეწყვეტა გამართლებული არაა.

ბელგიელი ვეტერინარის კიდევ ერთი მტკიცებით, COVID-19-ის ვაქცინების მიერ კორონავირუსის ახალი, უფრო სახიფათო ვარიანტების შექმნის ხელშეწყობის პარალელურად, აცრილი ადამიანები აღნიშნული ახალი ვარიანტების გამავრცელებლები იქნებიან. COVID-19-ის ვაქცინების შესახებ გამოთქმული აღნიშნული მტკიცება მცდარია, რადგან მათ მიერ ვირუსის გადატანის შემცირებასთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით მტკიცებულება არსებობს.

ბოშის მტკიცება, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი ვარიანტების განვითარებას გამოიწვევს, რომელთა წინააღმდეგაც ადამიანის იმუნური სისტემა უძლური იქნება, ერთი შეხედვით, აკადემიური არგუმენტებითაა შეფუთული. თუმცა, იმის გამო, რომ მეცნიერი გამოსავლად მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიების შეჩერებასა და საკუთარი გამოგონების, არარსებული ვაქცინის („უნივერსალური ვაქცინა“) გამოყენებას წარმოაჩენს, საბოლოო შედეგი COVID-19-ის ამჟამინდელი ვაქცინების არაფრით ჩანაცვლება იქნება, რაც პანდემიასთან ბრძოლის პროცესში კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება.

მეცნიერები კორონავირუსის მუტაციისთვის ხელსაყრელი გარემოს გაქრობისა და ვირუსის გავრცელების შემცირებისთვის, საყოველთაო ვაქცინაციის სწრაფად განხორციელებისა და მოკლე დროში მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ადამიანის აცრის აუცილებლობას უსვამენ ხაზს. ასევე, უნდა ითქვას, რომ COVID-19-ის ვაქცინები, ბოშის მტკიცების საწინააღმდეგოდ, უსაფრთხოა და ვაქცინაციის შედეგად „ახალგაზრდების გენოციდზე“ ან მოსახლეობის დიდ ნაწილის სიცოცხლის მოსპობაზე საუბარი აბსურდია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი