იტვირთება

დეზინფორმაცია: ისრაელში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე, პლატფორმაზე მორიგ დეზინფორმაციას ისრაელში ვაქცინაციის შედეგების შესახებ ავრცელებს. 22 მარტს გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც დღემდე 131 გაზიარება აქვს, შორე შანიძე აღნიშნავს, რომ Pfizer-ით 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვი კვლავ იზრდება. The Jerusalem Post ასაიდუმლოებს ინფორმაციას, რათა აჩვენოს სხვა ქვეყნებს ვაქცინის ,,უსაფრთხოება“.! - აცხადებს პოსტის ავტორი. შორე შანიძეს, ინფორმაციის წყაროდ, კომენტარებში პლატფორმა Bitchute-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს ბმული აქვს მითითებული.

პირველ რიგში, ვებსაიტი Bitchute, რომელზე გამოქვეყნებული ვიდეოც, შორე შანიძემ საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად მოიყვანა, კონსპირაციული თეორიების გავრცელებისთვის ცნობილ პლატფორმას წარმოადგენს. ვებსაიტზე ხშირად ვრცელდება, როგორც კონსპირაციული თეორიები, ასევე ჭარბი რაოდენობის დეზინფორმაციული ცნობები სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის კორონავირუსთან და მის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. Bitchute-ზე ხშირად ხვდება ვიდეოები, რომლებიც სხვა სოციალურ პლატფორმებზე (Youtube, Facebook) დეზინფორმაციის გავრცელების გამო იშლება.

ამ ეტაპზე, ისრაელში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდ პროცენტულ რაოდენობას - 60%-ს (5.22 მილიონ ადამიანს) ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმა, რითაც მოქალაქეებს ვაქცინაციის შემდგომ გამოვლენილი გვერდითი მოვლენების შესახებ განაცხადის გაკეთების საშუალება აქვთ. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ისრაელში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა არცერთი გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ვაქცინაციასთან იქნებოდა კავშირში. შესაბამისად, შორე შანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი ამბავი და მიზნად მოქალაქეებში ვაქცინაციის პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენას ისახავს.

რაც შეეხება შორე შანიძის განცხადებას, რომ The Jerusalem Post, ისრაელში პოპულარული ინგლისურენოვანი გაზეთი, ინფორმაციას ასაიდუმლოებს, სავარაუდოდ, მისი მოსაზრება ვიდეოში გაჟღერებულ აზრს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ვაქცინით გარდაცვლილთა მონაცემები მხოლოდ არაოფიციალურ საიტებზე ვრცელდება. ვიდეოს ავტორი, რომელიც ვიდეოს დასაწყისში, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს და აცხადებს რომ ვაქცინამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 5-წუთიან ინგლისურენოვან რადიო მაუწყებლობის ნაწყვეტს რთავს, სადაც წამყვანი იმ 28 ადამიანების სახელს და გვარს ასახელებს, რომლებიც, მისი განცხადებით, ვაქცინით ინექციის შემდეგ, მცირე დროის მონაკვეთში გარდაიცვალნენ. მოგვიანებით, რადიოში გამომსვლელის მიერ გაკეთებული განცხადებით დგინდება, რომ ჩამოთვლილი ადამიანების სახელები, მან არაოფიციალური საიტი Nakim.org- დან ამოიკითხა. აღმოჩნდა, რომ ვებსაიტი, ხშირ შემთხვევაში, ინფორმაციას Facebook-პლატფორმაზე ინდივიდების მიერ დაწერილი პოსტებიდან ან იშვიათად საინფორმაციო გადაცემებიდან აგროვებს. Nakim.org-ზე ნახსენებ არცერთ Facebook-პოსტში, რომელზე დაყრდნობითაც ბაზის ძირითად ნაწილი დგება, გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირის მტკიცებულება მოყვანილი არაა. ამასთან ერთად, თვალშისაცემია ბაზაში შეყვანილი ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც არა ვაქცინაციის - როგორც რადიოში გამომსვლელი ირწმუნება, არამედ კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულება, როგორც ოფიციალურ ისე არაოფიციალურ საიტებზე, რომელიც ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გამოწვეული სიკვდილის შემთხვევას დაადასტურებს.

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (წყარო 1; წყარო 2; წყარო 3)

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

2925 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
25%
მეტწილად სიმართლე
14%
ყალბი ამბავი
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი